Accessibility links

logo-print

კულტურული მიმოხილვა


მშვიდობისა და კავკასიის სამხრეთკავკასიურმა

კინოფესტივალმა, სახელწოდებით „მე, ადამიანი“, რომელმაც კავკასიის სხვადასხვა რეგიონში სტარტი გაზაფხულზე აიღო, ბოლოს და ბოლოს, თბილისამდეც ჩამოაღწია. 12 სექტემბერს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ კინოდარბაზში ფესტივალის პროგრამაში ჩართული ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფილმის, „საკონტროლო-გამშვები პუნქტის“, ჩვენება და დისკუსია მოეწყო. თბილისში პირდაპირ ცხინვალიდან ჩამოვიდა სურათის სცენარის ავტორი და რეჟისორი, ისრაელელი დოკუმენტალისტი იოავ შამირი. 2004 წელს ტორონტოსა და სან-ფრანცისკოს კინოფესტივალების მთავარი პრიზით აღნიშნულ ამ სურათს არაერთგვაროვანი გამოხმაურება ჰქონდა ისრაელში, სადაც არმიის ასეთი სახით ჩვენება ზოგიერთმა კრიტიკოსმა ლამის ქვეყნის ღალატად მონათლა. ისრაელის არმიის მძიმე ტექნიკით დაცული საკონტროლო პუნქტების გადაღებისას იოავ შამირი არ ერიდება სიმართლის ჩვენებას და გვიამბობს მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში მცხოვრებ პალესტინელებზე, რომელთაც იმისათვის, რომ ნათესავებსა და ახლობლებს ესტუმრონ, უმკაცრესი საკონტროლო პუნქტის გავლა მოეთხოვებათ. შამირის პოზიცია ნათელია: ასეთი საზღვრები, ენობრივი ბარიერი, ადამიანების დამამცირებელი ჩხრეკა ხელს უშლის საზოგადოების განვითარებას საზღვრის ორივე მხარეს, ხელს უშლის მშვიდობის დამყარებას რეგიონში.

[მიხეილ მირზიაშვილის ხმა] „ჩვენ სპეციალურად შევარჩიეთ „არაკავკასიური ფილმები“, ანუ ავტორები ამ დოკუმენტური ფილმებისა არ არიან კავკასიელები და ფილმებიც არ შეეხება ამ რეგიონს... თემები, რომლებიც ამ ფილმებშია წარმოჩენილი, მსგავსია იმისა, რაც ჩვენ გვაღელვებს. ვგულისხმობ კონფლიქტებს. (სტილი დაცულია)

ეს მშვიდობის ფესტივალის კოორდინატორი მიხეილ მირზიაშვილია. „საკონტროლო-გამშვები პუნქტის“ თბილისურ პრემიერაზე მან მაყურებელს უამბო, თუ როგორ შეირჩა მშვიდობის თემაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმები, როგორ მოიარა ამ ფილმებმა კავკასიის თითქმის ყველა რეგიონი. ნიშანდობლივია, რომ აზერბაიჯანელ, სომეხ, ქართველ მაყურებელს საშუალება ჰქონდა ენახა ეს სურათები მშობლიურ ენაზე (ექვსივე დოკუმენტური ფილმი წინასწარ გახმოვანდა), რაც, ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ფაქტობრივად, პირველად ხდება ჩვენში. შეიძლება ამიტომაცაა, რომ ამ მოძრავი ფესტივალის ფილმების ჩვენების შემდეგ კავკასიის პატარა სოფლებშიც კი გაიმართა ცოცხალი დისკუსია მშვიდობის თემაზე. თუმცა ყველგან არა. ფესტივალის კოორდინატორ თამარ გურჩიანის თქმით, დისკუსიების სიმწვავე დამოკიდებული იყო ორგანიზაციის ხარისხსა და თავად რეგიონზე. მაგალითად, ცხინვალში ფილმებს დიდი ინტერესით უყურეს, მაგრამ მოერიდნენ საუბარს დაპირისპირებული მხარის ინტეგრაციის აუცილებლობაზე, რასაც ქადაგებენ „საკონტროლო-გამშვები პუნქტის“ ავტორები.



[თამუნა გურჩიანის ხმა] „დისკუსიები იქ არ იყო ძალიან ღია, რადგან ერიდებიან კონფლიქტებზე საუბარს, ლაპარაკობდნენ უფრო განყენებულ თემებზე. მთელ კავკასიაში ასეთი ტენდენციაა- აზერბაიჯანშიც თავიანთ პრობლემებზე არ ლაპარაკობენ, რადგან ეშინიათ... საქართველოში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, რაც უფრო ახლოა ეს პრობლემები, მით უფრო ღიად ლაპარაკობენ.“

თამარ გურჩიანს ვკითხეთ, მაინც სად გაიმართა ყველაზე მწვავე დისკუსია, სად გამოიკვეთა განსხვავებული პოზიციები, კავკასიის რომელ რეგიონში ააღელვა მაყურებელი მშვიდობის ფესტივალის პროგრამაში ჩართულმა ფილმებმა.

[თამუნა გურჩიანის ხმა] „ყველაზე ბევრი ხალხი იყო დასავლეთ საქართველოში - ქუთაისში, ზუგდიდში... დისკუსია ყველაზე კარგად ჩატარდა ზუგდიდში, რადგან ექსპერტი აქ პაატა ზაქარეიშვილი იყო და მისი ჩასვლა დაემთხვა სოხუმში სტუდენტი ბიჭების დაკავებას. პაატა ცოტა კრიტიკულად გამოვიდა, ამიტომ პაატას აზრი აინტერესებდათ სოხუმში.“

დიახ, ასეა - ფესტივალის რეგლამენტის თანახმად, საჯარო დისკუსიას მშვიდობის თემაზე გადაღებულ ფილმებზე უძღვება ორგანიზატორების მიერ მოწვეული ექსპერტი - პოლიტოლოგი, სოციოლოგი, კულტუროლოგი, კონფლიქტოლოგი. და ხშირად დისკუსიის სიმწვავე სწორედ ექსპერტზეა დამოკიდებული. თუმცა, თამარ გურჩიანის თქმით, მთავარი მაინც ისაა, თუ რამდენად აღელვებს მოსახლეობას ადამიანთა კონფლიქტისა და მშვიდობის პრობლემები:

[თამუნა გურჩიანის ხმა] ”მარნეულში, მაგალითად... აფხაზეთის კონფლიქტი მათ ისე არ აღელვებთ, როგორც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, რადგან მათი ოჯახის წევრები რუსეთში მუშაობენ.“

იოავ შამირი თავის სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს 2 წელი იღებდა. რეჟისორი, ფაქტობრივად, ცხოვრობდა საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე. ამ ხნის მანძილზე იგი უამრავ ადამიანს შეხვდა, მათ შორის, პალესტინელებს, რომელთაც ყოველდღე სამსახურში წასასვლელად ბიუროკრატიული ბარიერის გავლა უხდებათ. ეს საზღვარი ნაცნობი სახეა ყველასთვის, ვინც კონფლიქტი გამოიარა ან დღეს ცხოვრობს ეგრეთ წოდებულ „კონფლიქტურ რეგიონში“. მშვიდობის ფესტივალის ორგანიზატორები განუწყვეტლივ იმეორებენ, არა გვაქვს ილუზია, რომ ასეთი ფილმების ჩვენება კონფლიქტებს საბოლოოდ გადაწყვეტსო... იოავ შამირს ხომ ისრაელში დღესაც ბევრი ბრალს სდებს იმაში, რომ მან „ანტიისრაელური ფილმი“ გადაიღო, რომ 2002, 2003 წელს გაზას სექტორში შექმნილი დაძაბული სიტუაცია განაზოგადა და მაყურებელს არ უთხრა, თუ რატომ გამკაცრდა ვითარება სასაზღვრო პუნქტებზე. მაგრამ ფესტივალისთვის, რომელსაც „მე, ადამიანი“ ჰქვია, მთავარი ხომ არა იმდენად ფილმი, რამდენადაც საუბარია, საუბარი მშვიდობის თემაზე - ზოგჯერ აგრესიული, მაგრამ მაინც დისკუსია.

2007 წლის მშვიდობის ფესტივალის დასრულებამდე ერთი თვე დარჩა. სექტემბრის მიწურულს მშვიდობის თემაზე გადაღებულ სურათებს ერევანში უჩვენებენ. რადიო ”თავისუფლება“ შემოგთავაზებთ რეპორტაჟს სომხეთის დედაქალაქიდან, სადაც 27 სექტემბერს ჰაინრიხ ბიოლის ფონდისა და ფონდ „ღია საზოგადოების“ ორგანიზაციით ჩატარებული ფესტივალის დახურვა ჩატარდება.








XS
SM
MD
LG