Accessibility links

logo-print

საფრანგეთი ირანთან შესაძლო ომზე საუბრობს


მსოფლიოში გაცხოველებული განსჯის საგნად იქცა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სატელევიზიო გამოსვლა, სადაც ბერნარ კუშნერმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებული მდგომარეობა აიძულებს მსოფლიოს, ემზადოს ომისათვის. კუშნერის აზრით, გაეროს სანქციის გარდა, ირანის მიმართ საჭიროა ევროპული სანქციების შემოღებაც. აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ სანქციებს მხარს უჭერს გერმანიაც.

საფრანგეთი ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორედ გამოთქვამს შეშფოთებას, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ომით დამთავრდება. კვირას, 16 სექტემბერს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა საფრანგეთის ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკება ბირთვული პროგრამის თაობაზე “ბოლომდე უნდა მივიდეს”. თუმცა შემდგომ კუშნერმა თქვა ის, რაზეც რამდენიმე წამში უკვე მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა.


კუშნერი: “ჩვენ უნდა ვემზადოთ უფრო უარესისათვის. ეს ნიშნავს..…
ინტერვიუერი: რა არის უფრო უარესი?
კუშნერი: უფრო უარესი არის ომი, ბატონო.
ინტერვიუერი: და როგორ ემზადებით ომისათვის?
კუშნერი: ჩვენ ვემზადებით, პირველ ყოვლისა, იმით, რომ ვცდილობთ დავსახოთ გეგმები, რაც სახელმწიფო მეთაურის პრეროგატივაა, მაგრამ ეს არ იქნება ხვალ. ჩვენ ვემზადებით იმით, რომ ვაცხადებთ, რომ არ დავუშვებთ ამ ბირთვული ბომბის შექმნას.”

ეს გახლდათ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი, რომელსაც 16 სექტემბერს საფრანგეთის ტელევიზიისა და რადიოსათვის მიცემულ ინტერვიუში არ დაუმალვს, რომ არსებობს თეირანთან საომარი კონფლიქტის საშიშროება. სინამდვილეში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უბრალოდ, გაიმეორა თავისი უფროსის სიტყვები. ერთი თვის წინ საგარეო პოლიტიკის საკითხებზე თავის პირველ მიმართვაში საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, “დაუშვებელია” ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდესო. სარკოზიმ არ გამორიცხა სამხედრო კონფრონტაციის შესაძლებლობა, თუმცა ხაზგასმით თქვა, რომ ასეთი სცენარი კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება.

ოლივიერ რუამ, პარიზში არსებული სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის რეგიონალურმა ექსპერტმა, რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში აღნიშნა, რომ საფრანგეთის გაფრთხილება, შესაძლოა, თეირანის მიმართ პოლიტიკის გამკაცრებას მოასწავებდეს.

ოლივიერ რუა: “დიახ, საფრანგეთმა საკითხის მიმართ მკაცრი მიდგომა აირჩია. ჩემი აზრით, საფრანგეთის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მხოლოდ ეკონომიკური ზეწოლა არ არის საკმარისი, რომ ამან, შესაძლოა, არ გამოიღოს შედეგი. მათ სჯერათ, რომ მხოლოდ სამხედრო მოქმედებით მუქარას და ეკონომიკურ ზეწოლას შეუძლია ირანზე საკმარისი გავლენის მოხდენა.”

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო გაფრთხილება დაემთხვა ერთკვირიან შეხვედრას ვენაში, ატომის ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ფარგლებში, რომლის ყურადღების ცენტრშიც სწორედ ირანის ბირთვული პროგრამაა.
ბერნარ კუშნერის თქმით, საფრანგეთი მხარს უჭერს მოლაპარაკების გაგრძელებას თეირანთან. მაგრამ თუკი ურანის გამდიდრების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება ნაყოფს არ გამოიღებს, ევროკავშირმა უნდა დააწესოს საკუთარი სანქციები, განსხვავებული იმისაგან, რაც უკვე აქვს გაეროს მიღებული. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის სანქციებს მხარს უჭერს გერმანიაც. ხოლო ბერნარ კუშნერმა მიმართა ფრანგულ ფირმებს, მათ შორის, ნავთობგიგანტ “ტოტალს”, არ დააფინანსოს არც ერთი ახალი პროექტი ირანში და არ მიიღოს მონაწილეობა არანაირ ეკონომიკურ გარიგებაში. თუმცა ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ ახმადინეჟადმა კვლავ გაიმეორა, რომ მისი ქვეყანა არ დაემორჩილება არავითარ ზეწოლას გარედან და კვლავაც განავითარებს საკუთარ ბირთვულ პროგრამას.
XS
SM
MD
LG