Accessibility links

logo-print

რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტმა ფარნაზ აზიმამ დატოვა ირანი


ჩვენი რადიოს ირანული სამსახურის ჟურნალისტ ფარნაზ აზიმას ირანის ხელისუფლებამ, რვათვიანი ფაქტობრივი პატიმრობის შემდეგ, უფლება მისცა დაეტოვებინა თეირანი.

აზიმას, რომელიც ირანისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა, პასპორტი 25 იანვარს ჩამოართვეს, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი თეირანში ავადმყოფი დედის მოსანახულებლად ჩავიდა. საერთაშორისო მედიისა და უფლებათდამცველი ორგანიზაციების ზეწოლის შედეგად, ირანის მთავრობა იძულებული გახდა ფარნაზ აზიმასთვის ამერიკაში დაბრუნების უფლება მიეცა.

რადიო "თავისუფალი ევროპა"/რადიო “თავისუფლების” პრეზიდენტი ჯეფრი გედმინი მიესალმა ცნობას აზიმას ვაშინგტონში დაბრუნების შესახებ. “რვა თვის განმავლობაში ფარნაზის კოლეგები ყოველდღე ელოდნენ იმ დღეს, როდესაც იგი კვლავ თავისუფალი ადამიანი გახდებოდა. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ფარნაზი თავის ოჯახს დაუბრუნდება და პირველად ნახავს ახლად დაბადებულ შვილიშვილს,”- ნათქვამია რადიო “თავისუფლების” პრეზიდენტის განცხადებაში.

თუმცა კვლავ შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ აზიმას მიმართ შეწყვეტილი არ არის სამართლებრივი დევნა, განაცხადა რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში ფარნაზ აზიმას ადვოკატმა ჰუსეინ აგაშიმ:

ჰუსეინ აგაში: “ეს რომ ყოფილიყო ჩვეულებრივი საქმე და არა პოლიტიკასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული, შეიძლება ოთხ თვეში დასრულებულიყო. მაგრამ ვინაიდან აზიმას საქმე არის საგანგებო შემთხვევა, რომელსაც პოლიტიკასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ელფერი აქვს, ამის გამო ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად ვიწინასწარმეტყველოთ რაიმე. ჩვენ უნდა დაველოდოთ საერთაშორისო ურთიერთობისა და პოლიტიკური საკითხების შემდგომ განვითარებას. “

ირანის გენერალური პროკურატურის უსაფრთხოების სამსახურმა აზიმას ბრალი წაუყენა ეროვნული უსაფრთხოების საზიანო ქმედებასა და პროპაგანდაში. ირანის ხელისუფლებას მხედველობაში ჰქონდა ის ფაქტი, რომ აზიმა რადიო ”თავისუფლებისა” და რადიო “ამერიკის ხმის” ირანული სამსახურის თანამშრომელია. აზიმა ბრალდებას უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ რადიო “თავისუფლების” ირანული სამსახურის მისიაა ახალი ამბებისა და ინფორმაციის გავრცელება და არა პოლიტიკა.

რადიო “თავისუფლებაში” ფარნაზ აზიმას მიჰყავდა პროგრამები სპარსეთის ლიტერატურაზე, თანამედროვე ირანის ისტორიაზე, ქალების მდგომარეობაზე, რელიგიურ უმცირესობასა და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა ასპექტებზე. მან სპარსულ ენაზე თარგმნა ერნესტ ჰემინგუეის “მოხუცი და ზღვა” და გაბრიელ გარსია მარკესის “სიყვარული ჟამიანობის დროს”.

მრავალთვიანი პატიმრობის შემდეგ, საბოლოო ჯამში, აზიმას, გათავისუფლების სანაცვლოდ, გირაოს სახით, 550 ათასი დოლარის გადახდა მოსთხოვეს, სასამართლომ კი ამ თანხად შეაფასა ჟურნალისტის დედის სახლი. ბოლოს კი მას უთხრეს, რომ საქმეს დახურავდნენ, თუკი რადიო “თავისუფლებაში” მუშაობას შეწყვეტდა, რაზეც აზიმამ უარი განაცხადა.

რადიო “თავისუფლების” პრეზიდენტმა ჯეფრი გედმინმა 18 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს, ამერიკელ კანონმდებლებსა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ვინც ხმა აღიმაღლა ფარნაზ აზიმასა და ირანის ციხეებში მყოფი სხვა სინდისის პატიმრების დასაცავად.

მაისიდან მოყოლებული, აზიმასთან ერთად ირანის სამართალდამცველმა სტრუქტურებმა დააპატიმრეს სამი ირანული წარმოშობის ამერიკელიც – მრჩეველი კიან ტაჯბახში, მეცნიერი ჰალენ ესფანდიარი და მშვიდობის დაცვის აქტივისტი ალი შაკერი. საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, ესფანდიარი და ფარნაზ აზიმა გაათავისუფლეს. ტაჯბახში და შაკერი კი კვლავ ირანის საპატიმროში რჩებიან.
XS
SM
MD
LG