Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი ექსპერტების ვიზიტი გაბალის რადიოლოკაციურ სადგურზე


18 სექტემბერს აზერბაიჯანში, გაბალის რადიოსალოკაციო სადგურზე, სამი ქვეყნის დელეგაციები იმყოფებოდნენ.

აზერბაიჯანის, აშშ-ისა და რუსეთის ექსპერტებს უნდა დაეთვალიერებინათ ობიექტი და მოესმინათ პრეზენტაცია, რომელიც ბაზის ხელმძღვანელობამ, რუსეთის მხარემ, მოაწყო იმისათვის, რომ სალოკაციო სადგურის სტრატეგიულ ფასეულობაში დაერწმუნებინა ამერიკელები, რომლებსაც მოსკოვი გაბალის სადგურის ერთობლივ ექსპლუატაციას სთავაზობს ევროპაში ახალი ანტისარაკეტო რადარის მშენებლობის სანაცვლოდ. მინდა გესაუბროთ იმის თაობაზე, თუ როგორ ჩაიარა და რა განცხადებები გაკეთდა პრეზენტაციაზე.

ამერიკის შეერთებული შტატების 6 კაციანი დელეგაცია გაბალიდან ბაქოში შუადღისას დაბრუნდა. მანამდე ამერიკელმა სამხედროებმა დაათვალიერეს რადიოლოკაციური სადგური. დელეგაციის ხელმძღვანელმა, ამერიკის სარაკეტო ძალების სარდლის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა პატრიკ ო რეილიმ განაცხადა, რომ ვიზიტის მიზანი იყო გასცნობოდნენ რუსეთის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას, და დასძინა, რომ მხარეები მოძებნიან გზებს ანტისარაკეტო თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობისათვის.

ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელს გაბალის რადიოსალოკაციო სადგურის პრეზენტაციის შემდეგ არაფერი უთქვამს ობიექტის ვარგისიანობის თაობაზე. თუმცა უფრო ადრე დამოუკიდებელი ამერიკელი სამხედრო ექსპერტები სკეპტიციზმით საუბრობდნენ 22 წლის წინ აშენებულ რადარზე, რომელიც ვერ იქნებოდა თავსებადი ამერიკულ ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებთან.

სიძველის გარდა, არის კიდევ ერთი არსებითი ტექნიკური ასპექტი, რის გამოც გაბალის რადიოსალოკაციო სადგურს ამერიკისათვის გამოუსადეგრად მიიჩნევს დამოუკიდებელი აზერბაიჯანელი სამხედრო ექსპერტი აზად ისაზადე:

[აზად ისაზადეს ხმა] “ იმ ტერიტორიას, რომელსაც გაბალის რადიოსალოკაციო სადგური ფარავს, - ფაქტობრივად, ამავე ტერიტორიას, - კოსმოსიდან ამერიკული თანამგზავრებიც ფარავენ, რის გამოც იგი დიდ ფასეულობას ასევე არ წარმოადგენს. “

გაბალის რადიოსალოკაციო სადგური რუსეთს აზერბაიჯანისაგან არენდით 2012 წლამდე აქვს აღებული. საბჭოთა პერიოდში, 1985 წელს, აშენებული ანტისარაკეტო რადარის ერთობლივი გამოყენების იდეა მოსკოვმა ვაშინგტონს შესთავაზა ევროპაში - კერძოდ, პრაღაში -ანტისარაკეტო რადარის აშენების სანაცვლოდ, რაც, მოსკოვის რწმენით, მსოფლიოს ახალ “ცივ ომამდე” მიიყვანდა. თუმცა რუსეთი აცხადებს, რომ დამატებით თანხებს გამოყოფს გაბალის რადიოსალოკაციო სადგურის ტექნოლოგიური განახლებისათვის. ამასობაში, გაბალის რადიოსალოკაციო სადგურის ერთობლივი გამოყენების პერსპექტივით დაინტერესებულია აზერბაიჯანი, რომელიც ესწრაფვის კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს მოსკოვთან, ვაშინგტონსა და ირანთან, - განუცხადა რადიო “თავისუფლებას” აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხარაზ იბრაჰიმმა:

[ხარაზ იბრაჰიმის ხმა] “ჩვენ დღეს სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს შეერთებულ შტატებთან. ჩვენ სწრაფად ვავითარებთ მეგობრულ და კეთილმეზობლურ თანამშრომლობას როგორც ირანთან, ისე რუსეთთან. და, აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვსურს რაიმე დაპირისპირება ამ ქვეყნებს შორის. უბრალოდ, ჩვენ გვსურს რეგიონი იყოს უფრო უსაფრთხო და სტაბილური, რადგან, სამწუხაროდ, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ჩვენი რეგიონი სავსე იყო კონფლიქტებით.”

გაბალის რადიოსალოკაციო სადგური, რომელიც 1985 წელს აშენდა, ყველაზე დიდი სარადარო ობიექტია სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც 6000 კილომეტრზე შეუძლია დააფიქსიროს ნებისმიერი რაკეტისა და თვითმფრინავის სტარტი. მისი თვალთახედვის არეში არის თურქეთი, ირანი, აზიისა და აფრიკის ქვეყნები. შემდეგი მოლაპარაკება გაბალის რადიოსალოკაციო სადგურის შესახებ ამერიკისა და რუსეთის ოფიციალურ დელეგაციებს შორის, სავარაუდოდ, ოქტომბერში გაიმართება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG