Accessibility links

დღევანდელი რუსეთის პრესის ყურადღების ცენტრში საქართველოს ამბოხებული რეგიონები მოექცა.


თამარ ჩიქოვანი, თბილისი დღევანდელი რუსეთის პრესის ყურადღების ცენტრში საქართველოს ამბოხებული რეგიონები მოექცა.

თითქმის ყველა გაზეთი ეხმაურება დღეს ცხინვალში გახსნილ ოსი ხალხის მეექვსე ყრილობას. გამოხმაურება მოჰყვა ერთ-ერთი ქართული ტელეკომპანიის ეთერით გავრცელებულ ცნობასაც, რომლის თანახმადაც, სოხუმის ხელისუფლებამ რუსეთს აფხაზეთის ტერიტორიის ნაწილი დაუთმო.

”ოსები დიდ საბჭოზე შეიკრიბნენ” - იუწყება დღევანდელი ”ნეზავისიმაია გაზეტა”, რომელიც ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებების საფუძველზე წერს, რომ სამხრეთ ოსეთი არ გადაუხვევს რუსეთთან გაერთიანების კურსს. გაზეთის ცნობით, სრულიად ოსი ხალხის ყრილობი ნერვიულ ატმოსფეროში ტარდება, რადგან, ცხინვალის ხელისუფლების განცხადებით, თბილისი ყრილობის დღეს ”მშვიდობის მარშის” მოწყობას გეგმავს. მარშის თემას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც თბილისს ცეცხლთან თამაში არ ურჩია. ასეთი ატმოსფეროს მიუხედავად, ცხინვალში სტუმრებს ელიან - 700 დელეგატს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ყრილობის ორგანიზატორთა განმარტებით, ”ღონისძიების მასშტაბურობამ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ უნდა უჩვენოს ოსი ერის ერთიანობა და ის მნიშვნელოვან ნაბიჯად უნდა იქცეს სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანების გზაზე,” - წერს ”ნეზავისიმაია გაზეტა.”
18 სექტემბრის გაზეთი ”კომერსანტი” აქვეყნებს მოსკოვის კარნეგის ცენტრის ექსპერტის ალექსეი მალაშჩენკოს კომენტარს ცხინვალში დაგეგმილი ყრილობის თემაზე. რუსი ექსპერტის აზრით, კონფლიქტის ზონაში ვითარების დაძაბვა ბევრის ინტერესებში შედის - ეს ხელს აძლევს აფხაზეთის, დნესტრისპირეთისა და ყირიმის მებრძოლებს, რომლებისთვისაც ომი მისწრებაა; პრეზიდენტ სააკაშვილს, დავარდნილი რეიტინგის ასამაღლებლად, და რუს პოლიტიკოსებს, რომლებსაც წინასაარჩევნოდ საზოგადოების შეკავშირებისთვის დამატებითი მიზეზი არ აწყენდათ: ”ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ კონფლიქტების მოგვარებაზე სერიოზულად არც არავინ ზრუნავს. საქართველო არასდროს აღიარებს ყოფილი ავტონომიების დამოუკიდებლობას, სოხუმს და ცხინვალს კი საქართველოს შემადგენლობაში არსებობა ვერ წარმოუდგენიათ. საქართველო ნატოსკენ ისწრაფვის, რითაც რუსეთის დაშინებას და მისგან დათმობების მიღებას ცდილობს. მაგრამ მოსკოვს ვერ შეაშინებ. ის თავის სტრატეგიას განაგრძობს, რაც აფხაზეთისა და ოსეთის კონფლიქტების დროში გაწელვას გულისხმობს, რადგან ფაქტია, რომ რუსეთი წაგებული დარჩება ორივე შემთხვევაში - აღიარებული იქნება მათი დამოუკიდებლობა თუ დაბრუნდებიან საქართველოს შემადგენლობაში.”

ინტერნეტგამოცემა ”გაზეტა” ეხმაურება ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-ის მიერ გავრცელებულ ცნობას, რომლის თანახმადაც, მოსკოვში ვიზიტისას სოხუმის ხელისუფლების ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთთან საზღვრის ფსოუდან ბიჭვინთამდე გადატანის შესახებ. რუსეთისთვის გაგრის, განთიადისა და ლესელიძის გადაცემას კატეგორიულად უარყოფს თავად სერგეი ბაღაფში, რომელმაც სააგენტო ”ნოვოსტისთან” ინტერვიუში ტელეკომპანიის ცნობას მორიგი დეზინფორმაცია უწოდა. სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ კი რადიოსადგურ ”ეხო მოსკვის” ეთერში განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, ამ ინფორმაციის მიზეზად იქცა გადაწყვეტილება, შეიქმნას ფსოუს მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვრის მახლობლად, თავისუფალი ეკონომიკური ზონა.
XS
SM
MD
LG