Accessibility links

„ქარელს იჭერენ – საგამოძიებო მასალები პროკურატურიდან“ -სტატიაში, რომელსაც გაზეთი „ალია“


„ქარელს იჭერენ – საგამოძიებო მასალები პროკურატურიდან“ -სტატიაში, რომელსაც გაზეთი „ალია“ აქვეყნებს, ის ფაქტებია თავმოყრილი,

რომლებიც შიდა ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის, მიხეილ ქარელის, არასამართლებრივი საქმიანობის შესახებ პროკურატურაში შევიდა. ანუ, სტატიის თანახმად, ქარელმა თავის უფლებამოსილებებს არამარტო ეგრეთ წოდებული გორის ”რაიხსტაგის” აღების მცდელობისას გადაამეტა. პროკურატურაში მიხეილ ქარელზე არსებული მაკომპრომეტირებელი მასალებიდან გაზეთი ხუთ ეპიზოდს გამოყოფს. საილუსტრაციოდ ერთ–ერთ მათგანს მოვიტან: „ გორის რაიონის გამგეობას უსასყიდლოდ გადაეცა შპს „კომერსანტი–95“ და სააქციო საზოგადოება „გორკონი.“ პროკურატურა დღეს ორივე საქმეში მიხეილ ქარელის ინტერესებს ხედავს. ამ „გარიგებიდან“ ვიღაცის ჯიბეში მილიონის ქონება ჩაილექა. თუ ვის რამდენი ერგო, ძალოვნები დღეს იძიებენ, არადა, ეს საქმეები მათ ორი წლის წინაც ცხვირწინ ედოთ.“

დღესვე „ალია“ ცდილობს ვანო მერაბიშვილის ლუკაშენკოსთან ვიზიტის საიდუმლო ამოხსნას. პუბლიკაციის თანახმად, ლუკაშენკომ ამ ნაბიჯით პუტინი დუელში გაიწვია. საქართველოსთვის კი ეს დუელი პოლიტიკურად მომგებიანია, რადგან ბელორუსია ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყლებს გაუხსნის ბაზარს და ციტრუსსაც მწვანე შუქს აუნთებს: „ ლუკაშენკო პუტინის წინააღმდეგ სააკაშვილს ეკვრება - სწორედ იმ ადამიანს, რომელიც კრემლისათვის ნომერი პირველი მტერია. ექსპერტების აზრით, ბელორუსიის დიქტატორი ამით რუსეთის ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებს. ”

„რუსეთს „საცემ ბიჭუნებად“ პატარა ქვეყნები სჭირდება,“– უთხრა ცნობილმა რუსმა პოლიტოლოგმა და პუბლიცისტმა, ვაშინგტონის ჰადსონის ინსტიტუტის ექსპერტმა ანდრეი პოინტკოვსკიმ გაზეთ ”24 საათს”. გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან: „ საცემ ბიჭუნებს შორის, პირველ რიგში, საქართველო, ესტონეთი და პოლონეთი არიან. თქვენს შემთხვევაში ამას ართულებს სეპარატისტული კონფლიქტები. რუსეთის მიერ მათი ხელშეწყობა გამომდინარეობს ფსიქოლოგიური ინტერესებიდან, რაც გულისხმობს ქართველების, როგორც დასავლეთის და ამერიკის შეერთებული შტატების მსახურების, დასჯას; ასევე იქიდან, რომ ხსენებული ჯგუფიდან ბევრს კომერციული ინტერესიც აქვს როგორც სამხრეთ ოსეთში, ისე, განსაკუთრებით, აფხაზეთში. ყველა ფაქტორი, რომელზეც ვისაუბრე, ხანგრძლივი მოქმედებისაა, ამიტომ ეს ტენდენცია დიდხანს შენარჩუნდება. რაც შეეხება მომავალს, არა მგონია, რეჟიმი რაიმე სამხედრო სახის ავანტიურაზე წავიდეს,“ - განუცხადა გაზეთ ”24 საათს” რუსეთ–საქართველოს ურთიერთობათა პერსპექტივებზე საუბრისას პოლიტოლოგმა ანდრეი პოინტკოვსკიმ.

გაზეთ „რეზონანსის“ მოწინავე სტატია კი ბათუმის უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს შეეხება. პუბლიკაციის თანახმად, ბათუმის უნივერსიტეტის შენობა, შესაძლოა, გასასხვისებელი ობიექტების ნუსხაში შევიდეს. გაზეთი ვარაუდობს, რომ საუბრებს უნივერსიტეტის შენობის გაყიდვაზე წერტილი მაშინ დაესმება, როცა ამ უმაღლეს სასწავლებელში პროგრამული აკრედიტაცია ჩატარდება, რამაც, ფაქტობრივად, უნდა განსაზღვროს კიდეც უნივერსიტეტის არსებობის საკითხი. მანამდე კი, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დარჩენილი ორიოდე კვირით ადრე, უმაღლესი სასწავლებლის რექტორატი და რექტორის ბრძანებით თანამდებობიდან გათავისუფლებული დეკანები სასამართლოს გადაწყვეტილებებს ელიან. შეგახსენებთ, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სტატია დღეს გაზეთ ”რეზონანსში“ გამოქვეყნდა.
XS
SM
MD
LG