Accessibility links

logo-print

რატომ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა დეპუტატ გია ცაგარეიშვილს


18 სექტემბერს პარლამენტის შენობასთან მომხდარი ჩხუბის შედეგად დაზარალებული გია ცაგარეიშვილი უკვე სახლშია.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მას გამოკვლევები ჩაუტარდა. მდგომარეობა მძიმე არ არის, მაგრამ, ექიმების რჩევით, დეპუტატი რამდენიმე დღე უნდა იწვეს. ირაკლი ოქრუაშვილის სამომავლო პარტიის ერთ-ერთ სახედ გამოკვეთილ გია ცაგარეიშვილს ფიზიკური დაპირისპირება კოლეგებთან მოუხდა. უმრავლესობის რამდენიმე წევრმა პარლამენტის შენობასთან შეხვედრა მას იმ განცხადებაზე სალაპარაკოდ მოსთხოვა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გააკეთა. საქმის გარჩევის მიზეზი გია ცაგარეიშვილის მიერ უმრავლესობის წევრების ღირსებაშელახულებად მოხსენიება გახდა. უმრავლესობის წევრები არ უარყოფენ ოპოზიციის წარმომადგენელთან ჩხუბს, თუმცა აღნიშნავენ, რომ ჩხუბის პროვოცირება თავად ცაგარეიშვილმა მოახდინა.

გია ცაგარეიშვილის მომავალი თანაპარტიელის, საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან ამ რამდენიმე დღის წინ წასული დეპუტატის, ქეთევან მახარაშვილის, თქმით, უმრავლესობის წევრებს - ვახტანგ ბალავაძეს, კობა დვალიშვილსა და გიორგი იმნაძეს - წინასწარ ჰქონდათ განზრახული გია ცაგარეიშვილთან ანაგარიშის გასწორება.

[ქეთევან მახარაშვილის ხმა] ”ადამიანი ქელეხიდან რომ გამოიყვანეს და პარლამენტის შენობასთან მიიყვანეს იმისთვის, რომ იქ ეცემათ, ეს წინასწარი განზრახვაა, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. ” (სტილი დაცულია)

ვახტანგ ბალავაძემ, კობა დვალიშვილმა და გიორგი იმნაძემ ოპოზიციონერ დეპუტატთან შეხვედრა დაადასტურეს. მათ არც იმაზე ლაპარაკისთვის აურიდებიათ თავი, რაც შეხვედრისას მოხდა. კობა დვალიშვილმა თქვა, რომ ვახტანგ ბალავაძისა და გია ცაგარეიშვილის შეხვედრას შემთხვევით შეესწრო; ბალავაძე ირწმუნება, რომ ცაგარეიშვილს უჩხუბრად დაშორდა, ანუ მანამდე წავიდა, სანამ ვითარება დაიძაბებოდა. იმნაძე ამბობს, რომ არ უჩხუბია და მხოლოდ მოჩხუბრებს აშველებდა, დვალიშვილი კი აღიარებს, რომ ცაგარეიშვილს დაარტყა, მაგრამ განმარტავს, რომ პირველად მასზე დასარტყმელად თავად ცაგარეიშვილმა გაიწია. დეპუტატებს შორის საქმის ქუჩაში გარჩევის მიზეზი, როგორც უკვე ვთქვით, გია ცაგარეიშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება გახდა:

[გია ცაგარეიშვილის ხმა] ”მე გაგახსენებთ 140 უსახურ მამაკაცს, რომელიც მოკალათებულია ამ დარბაზში, იტანს ბეჭებში სახრეს, აფურთხებინებს სულში უმრავლესობის ლიდერებს და ხმას არ იღებს. ”

მაშინ, როცა ცაგარეიშვილი უმრავლესობის წევრებს უსახურებს, ღირსებაშელახულებს, სულშიჩაფურთხებულებს უწოდებდა, გმირებად და ბარათაშვილის მერანივით გზის გამკვალავებად მოიხსენიებდა უმრავლესობიდან გასულ დეპუტატ ქალბატონებს - ქეთი მახარაშვილსა და თეო ტლაშაძეს. უმრავლესობის წევრების შეურაცხმყოფელი განცხადება სწორედ იმ დღეს გაკეთდა, როცა ტლაშაძემ და მახარაშვილმა ოქრუაშვილის სამომავლო პარტიის ოფისიდან საზოგადოებას აუწყეს, რომ ემიჯნებოდნენ მმართველ ძალას და იწყებდნენ დაპირისპირებას ძალადობასა და ტერორთან.

[გია ცაგარეიშვილის ხმა] ” ეს არის ბრწყინვალე დასაწყისი. ეს ერთი და სხვა მრავალი. უახლოეს დღეებში იხილავთ სხვა ნაბიჯებს, გადადგმულს ჩვენ მიერ. ჩვენს მიმართ გადმოდგმულ სხვა ნაბიჯებსაც იხილავთ..”(სტილი დაცულია)

ამბობდა გია ცაგარეიშვილი... მისი და მისი თანამოაზრეების მიმართ გადმოსადგმელ ნაბიჯებში ის, ალბათ, არ გულისხმობდა საქმის გარჩევას და ჩხუბს, თუმცა ასე კი მოხდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დაგმეს დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, თუმცა ისიც თქვეს, რომ დეპუტატები თავს უნდა არიდებდნენ პოლიტიკური ოპონენტების სიტყვიერ შეურაცხყოფას.

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] ” როდესაც ადამიანი პროვოცირებაზე მიდის და ამბობს ადამიანებზე, რომ ისინი არიან ღირსებაშელახულები, სულშიჩაფურთხებულები, უნდა იცოდნენ, რომ ამ ადამიანებს აქვთ ღირსება და ჰყავთ ოჯახი..”(სტილი დაცულია)

ეს იყო ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა კი ხელი მოაწერეს პეტიციას, რომელიც გმობს დეპუტატთან, მისი საქმიანობისა და პოლიტიკური განცხადებების გამო, ანგარიშსწორებას. პეტიციას, რომელიც დიპლომატიური კორპუსისთვის წარსადგენად დაიწერა, ხელი არ მოაწერა ფრაქცია ”მრეწველების” თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ. მან თქვა, რომ ”მრეწველთა” ფრაქციისა და გია ცაგარეიშვილის ურთიერთობა არაორდინარულია და პეტიციაზე ხელმოწერისთვის თანაფრაქციელებთან მოთათბირება სჭირდება. შეგახსენებთ: გია ცაგარეიშვილი ჯერ კიდევ არის ფრაქცია ”მრეწველებში”, თუმცა განცხადებებს აკეთებს, როგორც ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელი და მისი სამომავლო პარტიის წევრი.
18 სექტემბრის ინციდენტთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თხოვნით მიმართა გია ცაგარეიშვილის ადვოკატმა ეკა ბესელიამ:

[ეკა ბესელიას ხმა] ”ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 325-ე მუხლით გათვალისწინებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - პოლიტიკურ პირზე თავდასხმა მის საქმიანობასთან დაკავშირებით. ”

ადვოკატის თქმით, დანაშაული 7-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ასე რომ, ვნახოთ, რა გაგრძელება ექნება ინციდენტს, რომელიც უმრავლესობის წევრების სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა.
XS
SM
MD
LG