Accessibility links

logo-print

რატომ იყენებს საქართველოს მთავრობა პრივატიზაციის პროცესში პირდაპირი მიყიდვის წესს


საქართველოს პარლამენტის კომიტეტებმა სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზების კანონში

ცვლილებების პროექტის განხილვა დაიწყეს. კანონპროექტის მიხედვით, მიწის პრივატიზება, აუქციონის წესის გარდა, პირდაპირი მიყიდვითაც განხორციელდება. ამავე წესით განხორციელდა რამდენიმე სახელმწიფო საწარმოს პრივატიზება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ეკონომიკის ექსპერტები ხელისუფლებას პირდაპირი მიყიდვის წესის დამკვიდრების გამო აკრიტიკებენ. საინტერესოა, რატომ იყენებს საქართველოს მთავრობა პრივატიზაციის პროცესში პირდაპირი მიყიდვის მექანიზმს.

საქართველოში პირდაპირი მიყიდვის წესით არაერთი ობიექტის პრივატიზება განხორციელდა. უკანასკნელად სახელმწიფო ქონების ასეთი მექანიზმით გასხვისებას უამრავი ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. შეგახსენებთ: ”სონი ცენტრისა” და კაფე ”რუსთაველის” შენობიდან გამოსახლება შენობის პირდაპირი წესით გაყიდვის გამო განხორციელდა. არადა, ”სონი ცენტრის” მფლობელები საქართველოს მთავრობისგან მოითხოვდნენ, რომ იუსტიციის სამინისტროს შენობის პრივატიზაცია ღია აუქციონზე განხორციელებულიყო, რომელშიც მონაწილეობას ”სონი ცენტრიც” აპირებდა.

პარლამენტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ცნობილი ეკონომისტის, ლადო პაპავას აზრით, პირდაპირი მიყიდვის წესი პრივატიზაციის ერთ-ერთი აღიარებული ფორმაა მსოფლიო პრაქტიკაში. თუმცა საქართველოში იგი არაგამჭვირვალე პროცესად იქცა:

[ლადო პაპავას ხმა] ”როდესაც ბატონი ბენდუქიძე ჩამოვიდა საქართველოში, განაცხადა ასეთი ფრაზა, რაც შეიძლება უფრო ძვირად უნდა გაიყიდოსო, იმიტომ რომ აქამდე საქართველოში პრივატიზაცია თვალების პაჭუნით ხდებოდა. დღეს საქართველოში პრივატიზაციის ეს ფორმა იმდენად არაგამჭვირვალეა, რომ თვალის პაჭუნით პრივატიზაციას ჰგავს.”(სტილი დაცულია)

არანაკლები უკმაყოფილება გამოიწვია მთავრობის ახალმა ინიციატივამ, რომელიც სასოფლო სამეურნეო მიწების პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზაციასაც ითვალისწინებს. თუ რატომ გადაწყვიტა მთავრობამ აუქციონითა და კონკურსის წესით პრივატიზებასთან ერთად პირდაპირი მიყიდვის მექანიზმიც გამოეყენებინა, მთავრობის საპარლამენტო მდივნის გიორგი ხუროშვილისგან შეიტყობთ.

[გიორგი ხუროშვილის ხმა] ”საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება გახლავთ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და აქ ჩადებული ნებისმიერი პროგრამა არის შედარებით ხანგრძლივ დროზე გათვლილი. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო თავიდანვე განსაზღვრავს მას პრიორიტეტულ მიმართულებად და პროგრამების შერჩევისას იქმნება ძალიან მკაცრი ექსპერტიზა..”(სტილი დაცულია)

მთავრობის ამგვარი არგუმენტები არ აკმაყოფილებს საპარლამენტო ოპოზიციას, რომლის წარმომადგენლები შიშობენ, რომ პირდაპირი მიყიდვის წესით მმართველი პოლიტიკური ძალა სასოფლო-სამეურნეო მიწებს პოლიტიკური შეხედულების მიხედვით გაანაწილებს. დემოკრატიული ფრონტის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ზურაბიშვილის, კომენტარი:

[დავით ზურაბიშვილის ხმა] ”ეს ქვეყანა, საერთოდ, თავისი მიწებით, წყლებით, ტყეებით, წიაღისეულით, მიწაში რაც არის და ცაში რაც დაფრინავს, ეს ბატონ პრეზიდენტს და მის გუნდს მიჩნეული აქვთ თავის საკუთრებად. კანონები არსებობს იმისთვის, რომ სწორედ ის, რაც მათია, დაუკანონდეთ მეტ-ნაკლებად.”(სტილი დაცულია)

სხვაგვარად ფიქრობს ლადო პაპავა, რომელიც ხელისუფლებას პრივატიზების პროცესის გაუმჭვირვალედ წარმართვისთვის აკრიტიკებს:

[ლადო პაპავას ხმა] ”მიწას მაინც ჰყავდა თავისი პატრონი. იყო მიწები, რომლებიც იყო იჯარით გაცემული და იქ სხვა სპეციფიკაა. ვისაც ჰქონდა იჯარით აღებული და მიწას ამუშავებდა, იქ შეიძლება ამის გაკეთება. მაგრამ, მთლიანობაში, ნებისმიერ ობიექტთან დაკავშირებით ამის გამოყენებას, აი, სწორედ თვალის პაჭუნის პრაქტიკას დავარქმევდი.”(სტილი დაცულია)

სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაციის კანონში ცვლილებებს საქართველოს პარლამენტი უახლოეს სხდომაზე შეიტანს.
XS
SM
MD
LG