Accessibility links

ქართული პრესა


„შანტაჟის თემა, ანუ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შეჩერების რუსული ხერხი“–

პუბლიკაციაში, რომელსაც დღეს გაზეთი „24 საათი“ აქვეყნებს, ნათქვამია, რომ დასავლური მედია კვლავ ავრცელებს ვერსიას, კოსოვოს დამოუკიდებლობაზე თანხმობის სანაცვლოდ, რუსეთის მხრივ ნატოს გაფართოების შეჩერების მოთხოვნის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა ალიანსში არც საქართველო უნდა მიიღონ. თუკი ეს პირობები არ შესრულდა, ძალაში დარჩება მოსკოვის ძველი მუქარა – კოსოვოს აღიარების შემთხვევაში, აფხაზეთისა და სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის აღიარების თაობაზე. თუმცა არავინ იცის, შენიშნავს „24 საათი“, სინამდვილეში რამდენად მზად არის რუსეთი ამ მუქარის განსახორციელებლად: ”დასავლეთთან მკვეთრი კონფრონტაციისა და 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის წინ საქართველოსთან ურთიერთობის უკიდურესად დაძაბვის გარდა, ეს ნაბიჯი დღეისათვის არსებული საერთაშორისო წესრიგის, მოქმედი თამაშის წესების დასამარებას ნიშნავს. და სულაც არ არის ნათელი, რომ ამის შედეგად, საბოლოოდ, სწორედ რუსეთი დარჩება მოგებული,“ - შენიშნავს გაზეთი ”24 საათი”.
„რუსეთის ფეესბეზაცია, ალბათ, გაგრძელდება“– ამგვარ პროგნოზს კი გაზეთ „რეზონანსში“ პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი აკეთებს. მისი შეფასებით, რუსეთში ყველა აღიარებს, რომ მათი ქვეყანა სანდო ხალხის ხელშია. „ მათ უფრო სხვა რამის ეშინიათ, რომ ოდესმე ხელისუფლებაში მოვა თაობა, რომელმაც ჰარვარდში, ლონდონში, ბოსტონში ისწავლა. თუმცა იქამდე, ჩანს, ჯერ კიდევ დიდი დროა,“ - უთხრა „რეზონანსს“ ალექსანდრე რონდელმა.

დღესვე „რეზონანსის“ ფურცლებზე 18 სექტემბრის ცნობილი ინციდენტის შემდეგ პირველად დაარღვია დუმილი დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა. იგი ექსკლუზიურ ინტერვიუში უმრავლესობის დეპუტატებთან ჩხუბის დეტალებს აღწერს. გაზეთის შეფასებით, ეს დეტალები რადიკალურად განსხვავდება კობა დვალიშვილისა და გიორგი იმნაძის ვერსიისაგან. ცაგარეიშვილის თქმით, პირველად მას დვალიშვილმა დაარტყა. ორი დეპუტატის ჩხუბში იმნაძეც ჩაერია, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს უკნიდან ჩაარტყა. ცაგარეიშვილი გაზეთ „რეზონანსთან“ საუბარში ამბობს, რომ ვახტანგ ბალავაძემ, რომელმაც მას დაურეკა და პარლამენტთან მიიყვანა, ადგილზე კიდევ 4 ადამიანი დაახვედრა. ”მარტო რომ მივედი, ამის გამო ეს ადამიანები შეცბუნდნენ. როგორც ჩანს, იფიქრეს, რომ დიდი რაზმით მივიდოდი. კიდევ კარგი, რომ მარტო ვიყავი. ჩემს მეგობრებთან ერთად რომ მივსულიყავი, რა მოხდებოდა, ვერ გეტყვით,“ - ამბობს ცაგარეიშვილი ინტერვიუში.

გაზეთი „ალია“ კი იტყობინება, რომ პროკურატურა გიორგი ცაგარეიშვილის მომავალ პარტიულ პარტნიორსა და ხელმძღვანელზე, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე მუშაობას იწყებს. , „ალია“ ირწმუნება, რომ მოიპოვა ყველა ის ძირითადი ექსკლუზიური მასალა, რომლის მიხედვითაც, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ამონარიდი სტატიიდან:“ საქმე მხოლოდ კონტროლის პალატისა და შესყიდვების თემას არ ეხება. პროკურატურა მისი უსახელო პარტიის ოფისს და ბიუჯეტისათვის გადასახადების დამალვასა და თავის არიდებასაც იკვლევს. ეს კი სერიოზული სისხლის სამართლის დანაშაულია და ხუთიდან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.ვერ გეტყვით, დამთხვევაა თუ ბედის ირონია, მაგრამ, გადასახადებისაგან თავის არიდების მოტივით , ოქრუაშვილმა გენპროკურორობისას გია ჯოხთაბერიძე პირდაპირ თვითმფრინავის ტრაპიდან მოხსნა. იმავე მოტივით მან ომეგაში ნიღბიანების სპეცოპერაციები ჩაატარა. ძალოვანი სტრუქტურების კულუარებში იმაზეც საუბრობენ, რომ, შესაძლოა, ოქრუაშვილი აეროპორტიდან პირდაპირ გენერალურში წაიყვანონ. საუბრობენ იმაზეც, რომ უკვე გადატყორცნილია სპეცსამსახურების შემადგენლობა წითელ ხიდთან და სარფის საბაჟოსთან, ანუ იმ ადგილებში, საიდანაც ოქრუაშვილი შეიძლება საქართველოში დაბრუნდეს.”„ალიაში“ ირაკლი ოქრუაშვილის საქმის სამ ეპიზოდზეა საუბარი. გაზეთის ცნობით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამჟამად ანტალიაში იმყოფება.
XS
SM
MD
LG