Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტ ფარნაზ აზიმას პირველი ინტერვიუ ირანიდან გამგზავრების შემდეგ


თეირანის ერთ-ერთი საპატიმროდან გაანთავისუფლეს ამერიკელი მეცნიერი, წარმოშობით ირანელი კიან ტაჯბახში,

რომელიც ცნობილ არასამთავრობო ორგანიზაციაში, “ღია საზოგადოებაში” მუშაობდა. ამ ორგანიზაციას, როგორც ცნობილია, ამერიკელი მილიარდერი ჯორჯ სოროსი აფინანსებს.

კიან ტაჯბახში ირანში ვიზიტისას მაისში დააკავეს, უშიშროებასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე. ჩვენი რადიოს კორესპონდენტ ფარნაზ აზიმასთვის ასეთი ბრალდება, მართალია, არ წაუყენებიათ, მაგრამ მისი თავისუფლებაც შეზღუდული იყო ირანში ყოფნისას, რამაც თითქმის 8 თვე გასტანა. ამ პერიოდზე ფარნაზ აზიმამ ჩვენს რადიოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ილაპარაკა.

ყველაფერი ამა წლის იანვარში დაიწყო, როცა ფარნაზ აზიმა ირანში დედის სანახავად გაემგზავრა: 94 წლის ქალბატონი დაცემულიყო და ის, ბარძაყის ძვლის მოტეხილობით, საავადმყოფოში მოეთავსებინათ. ფარნაზ აზიმა, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს - ირანისა და შეერთებული შტატების - ირანში კი შეუშვეს, მაგრამ საზღვარზევე ჩამოართვეს პასპორტი. ამის შემდეგ მას თითქმის 8 თვე მოუწია ირანში ყოფნა და მხოლოდ 18 სექტემბერს მიეცა ამ ქვეყნიდან გამგზავრების საშუალება. 19 სექტემბერს ფარნაზ აზიმა აშშ-ში ჩაფრინდა.

ჩვენს რადიოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში - პირველ ინტერვიუში ირანიდან გამგზავრების შემდეგ - ფარნაზ აზიმას არ დაუმალავს, რომ ჩვენი რადიოს ირანულენოვანი სამსახურის მიმართ ირანის ხელისუფლების უარყოფითი დამოკიდებულების გამო წინასწარვე მოელოდა პრობლემებს, როგორც კი თეირანში ჩავიდოდა.

[ფარნაზ აზიმას ხმა] “თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ პრობლემები შემექმნებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე გამგზავრება, რადგან შეიძლებოდა, დედაჩემი ცოცხალი აღარ ყოფილიყო. მისმა ექიმებმა მითხრეს, რომ არ ჰქონდათ მისი გადარჩენის იმედი, მაგრამ უცებ საავადმყოფოში აღმოჩნდა, რომ დედაჩემის მდგომარეობა შეიცვალა. დედაჩემს მათთვის უთქვამს: “იცით, რომ ჩემი ქალიშვილია ჩამოსულიო?” ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო!”

სწორედ დედასთან ურთიერთობის წყალობით, ამბობს ჩვენი რადიოს ირანული სამსახურის თანამშრომელი, მას ძალიან არ გაჭირვებია იმის ატანა, რომ თავისუფლად ვერ გადაადგილდებოდა.

[ფარნაზ აზიმას ხმა] “დედაჩემთან ვიყავი და ბევრი მეუბნებოდა, მათ შორის დედაჩემის ექიმები, რომ ჩემმა იქ ყოფნამ ძალიან დადებითად იმოქმედა მის ჯანმრთელობაზე. მაგრამ ირანში ყოფნას უისამოვნო მხარეც ჰქონდა: სულ ვგრძნობდი, რომ ვიღაც მაკონტროლებდა - თუმცა, იქნებ არც იყო ასე. არ ვიცი! მაგრამ მქონდა ეს შეგრძნება. განსაკუთრებით პირველი ორი-სამი თვის მანძილზე. მაგრამ შემდეგ შევეცადე ამის იგნორირებას და აღმოვაჩინე, რომ იგივეს აკეთებენ სხვებიც - ჩემი მეგობრები და საერთოდ, ადამიანები, ვისაც ირანში ვიცნობ. მათაც აქვთ შეგძრნება, რომ ვიღაც აკონტროლებს, მაგრამ ამის იგნორირებას ამჯობინებენ და ჩვეულებრივად ცხოვრობენ”.

ასეთი შთაბეჭდილება დარჩა ფარნაზ აზიმას ირანში, სადაც მას, ნაწილობრივ, იძულებით მოუწია ყოფნა. აი, ასე პასუხობს ის შეკითხვას, “ტრავმირებულია თუ არა”.
[ფარნაზ აზიმას ხმა] “არ მინდა ვთქვა, რომ ასეა, მაგრამ ალბათ მაინც ვარ ტრავმირებული! არ მინდა ამის გამო დავითრგუნო, ან რამეზე ხელი ჩავიქნიო. როგორც გითხარით, ირანში ყოფნისას ბევრი რამ იყო დადებითი, თუმცა მძიმე დროც გამოვიარე. მაგალითად, არაფერი დამიწერია, თან არაფერი დამქონდა წერილობითი ფორმით, რადგან ვშიშობდი, რომ შეიძლებოდა ისევ მოსულიყვნენ და ჩემი სახლი გაეჩხრიკათ. რა იცი, რა ხდება?! ალბათ, ამის გამო ვარ ტრავმირებული”.
XS
SM
MD
LG