Accessibility links

logo-print

საქართველოს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” გამოაქვეყნა 2006 წლის ანტიკორუფციული მონიტორინგის ანგარიში


"საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ” - ამ სახელწოდებით ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ყოველწლიურად

აქვეყნებს ანტიკორუფციული მონიტორინგის ანგარიშს. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ კვლევაზე, რომლის მიზანიც იყო გამოერკვია, თუ რისთვის და რამდენად გამჭვირვალედ იხარჯებოდა ფული 2006 წელს სარეზერვო ფონდებიდან და, ამასთანავე, რამდენად ეფექტიანად მუშაობენ საქართველოში მაკონტროლებელი ორგანოები.
”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” მონიტორინგის შედეგი ფართო სამსჯავროზე 20 სექტემბერს სასტუმრო ”თორში” გამართულ შეხვედრაზე გამოიტანა. საინტერესოა როგორ დაინახეს ახალგაზრდა იურისტებმა საქართველოს მთავრობა ”თაკარა მზის ქვეშ”.

[გიორგი ჩხეიძის ხმა] ”ჯერ იქნება საუბარი კონტროლის პალატაზე, შემდეგ - გენერალურ ინსპექციებზე, ამის შემდეგ ნათელ მაგლითად იმისა, რომ ქვეყანაში ეფექტიანი კონტროლი არ ხორციელდება, ვილაპარაკებთ პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვაზე და, ბოლოს, ვიმსჯელებთ პრივატიზაციის მიმდინარეობაზეც.” (სტილი დაცულია)

”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგის პრეზენტაციის დღის წესრიგი სასტუმრო ”თორში” გამართულ შეხვედრაზე ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძემ წარმოადგინა. შემდეგ კი მისმა კოლეგებმა შეკრებილ საზოგადოებას დეტალურად გააცნეს კვლევის შედეგები ყველა იმ მიმართულებით, რომლებიც გიორგი ჩხეიძემ ჩამოთვალა. ჩვენც მივყვეთ ამ მიმართულებებს.

”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” დაინტერესდა, როგორ სრულდება საქართველოში ”ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით” ნაკისრი ვალდებულება სახელმწიფო დაწესებულებების შიდა და გარე აუდიტის სრულყოფისა და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ამ მიმართულებებით დასკვნა ასეთია: კონტროლის პალატის საქმიანობასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში შესულმა ცვლილებებმა შეზღუდა ამ მაკონტროლებელი ორგანოს უფლებამოსილება. კონტროლის პალატის როლი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კონტროლის საკითხებში მინიმუმამდეა დაყვანილი, კონტროლის პალატას სირთულეები ექმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემოწმებისას, ის ვეღარ ახორციელებს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კონტროლს, კონტროლის პალატა, ფაქტობრივად, ვერ ასრულებს კანონით დადგენილ უფლებამოსილებას გაუწიოს კოორდინაცია საფინანსო-ეკონომიკური დატვირთვის სხვა მაკონტროლებელ ორგანოებს. რაც შეეხება გენერალურ ინსპექციებს, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში”, ამ მაკონტროლებელი ორგანოების საქმიანობის შესწავლის შედეგად, მიაჩნიათ, რომ არსებული სამართლებრივი ბაზა არ შეესაბამება კონტროლის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს, არ არის უზრუნველყოფილი გენერალური ინსპექციების ფუნქციური და სტრუქტურული დამოუკიდებლობა და იქმნება შთაბეჭდილება, რომ არ არსებობს სახელმწიფო ნება გენერალური ინსპექციების რეფორმის განსახორციელებლად.
პრივატიზაცია. - პრივატიზაციის პროცესზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ მოქმედი კანონმდებლობა ამ სფეროში ქმნის სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას. სახელმწიფო ქონების გასხვისებისას, განსაკუთრებით პირდაპირი მიყიდვისას, ირღვევა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და ხშირია შემთხვევები, როცა სახელმწიფო ქონების შემძენი პირების მიერ არ სრულდება, საერთოდ ან ნაწილობრივ, ნაკისრი ვალდებულებები.
სარეზერვეო ფონდები. - ანგარიშში, სახელწოდებით ”საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ”, ნათქვამია, რომ 2006 წელსაც მთელი რიგი დარღვევებით დაიხარჯა თანხები პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან. ნაცვლად სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისა, ფინანსდებოდა ყველა სხვა ტიპის ღონისძიება, მთავრობის სარეზერვო ფონდის ძირითადი ნაწილი კი შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუფერხებელ მუშაობას ხმარდებოდა. ამ მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაიცა 17 მილიონ 600 000 ლარი, რის შედეგადაც, 2005-2006 წლებში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილმა თანხამ 35 მილიონს გადააჭარბა.
”დაინტერესებული პირებისთვის შეუძლებელი გახდა კონკრეტული ინფორმაციის მოპოვება სამინისტროს ”შეუფერხებელი მუშაობის” არსის შესახებ,” - ნათქვამია მონიტორინგის დასკვნით ნაწილში. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” ფიქრობენ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წლების მანძილზე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოეყოფა ფული ფონდიდან, რომელიც სახელმწიფო მნიშვნელობის საგანგებო შემთხვევებისა და გაუთვალისწინებელი სახელმწიფოებრივი ვალდებულებების დასაფინანსებლად არსებობს.
სარეზერვო ფონდებთან დაკავშირებით მონიტორინგის ჯგუფი ხაზგასმით შენიშნავს, რომ, 2006 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, გაიზარდა ფონდების მოცულობები, გაფართოვდა მათი დანიშნულება, გამარტივდა ფონდებიდან თანხების დახარჯვა და შესუსტდა კონტროლის მექანიზმები.
XS
SM
MD
LG