Accessibility links

ავღანელი ჯარისკაცების რთული ამოცანა ქვეყნის სამხრეთში


“არმია, რომელსაც ყველაფერი აკლია საბრძოლო სულისკვეთების გარდა” - ასე მოიხსენიებს ავღანეთის ეროვნულ არმიას ჩვენი კორესპონდენტი

აჰტო ლობიაკასი, რომელსაც სამხრეთ ავღანეთში მოგზაურობის საშუალება მიეცა. სწორედ სამხრეთი ითვლება ავღანეთის ყველაზე სახიფათო ნაწილად - თალიბების განსაკუთრებული აქტიურობის გამო.

ავღანეთში, რაც უფრო მაღალი რანგის სამხედრო პირს ელაპარაკები, მით უფრო ოპტიმისტურ შეფასებებს ისმენ, ჯარისკაცები კი გაცილებით უფრო თავშეკავებული არიან - ეს შთაბეჭდილება დარჩა ჩვენს კორესპონდენტს. ოპტიმისტური შეფასებების მაგალითად მას მოჰყავს ბრიგადის გენერალ გულ აღა ნაჰიბის განცხადებები. ამ გენერალს ექვემდებარება 10 000-მდე ჯარისკაცი, გაერთიანებული ეროვნული არმიის სამხრეთ 205-ე კორპუსში, რომლის შტაბ-ბინაც ყანდაარის სამხედრო საჰაერო ბაზაზეა განთავსებული, უსაფრთხოების მხარდამჭერი მრავალეროვანი ძალების რეგიონული სარდლობის შტაბ-ბინასთან ერთად.

აი, რა თქვა ავღანელმა გენერალმა ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში: [გენერალ ნაჰიბის ხმა] “მტერმა იცის, ჩვენ რა შეგვიძლია. წინათ პირისპირ ებრძოდნენ ხოლმე ავღანეთის ეროვნულ არმიას, მაგრამ უკვე დაკარგეს ამის საშუალება, ვეღარ ებმებიან პირისპირ ბრძოლაში. აწყობენ მარტო საფრიდან თავდასხმებს, ტერორისტულ თავდასხმებს, როგორიცაა თვითმკვლელთა იერიშები, აფეთქებები, გზებზე ბომბების დატოვება. ვეღარ გვიპირისპირდებიან, როგორც მებრძოლები”.

გენერალი ნაჰიბი იმასაც ამბობს, რომ ეროვნულმა არმიამ რამდენიმე შეტაკებაში სძლია თალიბებს, რომ მათ წაართვა იარაღი და აღჭურვილობა, რომ სამხრეთ ავღანეთის ოთხი პროვინცია - ყანდაარი, ჰელმანდი, ზაბული და ურუზგანი - უკვე უსაფრთხოა. გენერლის თქმით, ის ძალიან კმაყოფილია უსაფრთხოების მხრივ ამჟამინდელი ვითარებით.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს შეფასება სულაც არ ესადაგება სექტემბერში გავრცელებულ მრავალ ცნობას ყანდაარში შეტაკებების, ან ჰელმანდის, ზაბულისა და ურუზგანის პროვინციებში თალიბანის თავდასხმების თაობაზე. ჩვენი კორესპონდენტის მიერ ამ ინფორმაციაზე მითითების საპასუხოდ, გენერალი აღიარებს, რომ ჯერ კიდევ არის “ზოგი რეგიონი”, რომელშიც თალიბანი კვლავაც აქტიურობს - მაგრამ ამ რეგიონებს მალე გავანთავისუფლებთო, დასძენს გენერალი ნაჰიბი.

მაგრამ დასავლელი ოფიციალური პირებისა და არა მარტო მათი შეფასებით, ავღანეთის ეროვნულ არმიას - საუცხოო მოტივაციისა და საბრძოლო სულისკვეთების მიუხედავად - სერიოზული პრობლემები აქვს, რომელთაგან მთავარია ის, რომ მას არ ძალუძს, შეინარჩუნოს ტერიტორია, რომელიც მრავალეროვანმა ჯარებმა დაიპყრეს. ავღანურ არმიას აკლია ცოცხალი ძალა, აღჭურვილობა, გამოცდილება. თვით ჯარისკაცების რწმენით, ყველაზე მეტად აკლია მძიმე იარაღი და საჰაერო ძალები. ამის გამოა, რომ ავღანური არმია მრავალეროვან ძალებზე დამოკიდებული რჩება.

[რაჰიმულა აბდულას ხმა] “გვჭირდება იარაღი: რაკეტები, ტყვიამფრქვევები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანმანქანები, ყუმბარსატყორცნები, ყველანაირი იარაღი”. ეს ჩამონათვალი ჩვენმა კორესპონდენტმა ზაბულის პროვინციაში მოისმინა, ავღანელ სერჟანტ რაჰიმულა აბდულასაგან. მისი შეფასებით, რომ არა მრავალევროანი ძალები, ვერავინ შეუშლიდა ხელს თალიბანს ზაბულის პროვინციის დაპყრობაში.
XS
SM
MD
LG