Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აღნიშნეს მშვიდობის დღე საქართველოში


გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის მოწოდებას, წუთიერი დუმილით აღენიშნათ მშვიდობის დღე,

საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ. თბილისში, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში, ”მშვიდობის ხეივანი” გაშენდა. ანალოგიურად, ხეები დარგეს სოხუმშიც, უნივერსიტეტის ეზოში. ხოლო გურჯაანიდან დაიწყო და საქართველოს სხვა ქალაქებში გაგრძელდება არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” სიტყვის აქცია, სახელწოდებით ”რას ეტყოდით აფხაზ ხალხს 15 წლის შემდეგ”.


21 სექტემბერს გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნიუ-იორკში ”მშვიდობის ზარს” შემოჰკრა და მსოფლიოს მოუწოდა მშვიდობის დღე წუთიერი დუმილით აღენიშნათ. თბილისში, წუთიერი დუმილის ნაცვლად, არასამთავრობო ორგანიზაციათა აქტივისტები ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში შეიკრიბნენ და ”მშვიდობის ხეივანი” გააშენეს.

[ისმის ხმაური]

[იულია ხარაშვილის ხმა] ”ეს იყო მოფიქრებული როგორც ერთობლივი აქცია თბილისსა და სოხუმში - ბავშვები დარგავენ ხეებს და ეს კეთილი ნების გამოხატვაა. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ საზოგადოებამ მიიღოს ეს აზრი, რომ შესაძლებელია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება და რომ ჩვენ, ახალგაზრდებს და ქალებს, ხმა უნდა გვქონდეს მოლაპარაკებათა პროცესში.”(სტილი დაცულია)

ეს იყო იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ”თანხმობის” ხელმძღვანელი იულია ხარაშვილი. მისი ორგანიზაციის ინიციატივით, მოსწავლეებმა და სტუდენტებმა ვასო გოძიაშვილის პარკში თხუთმეტი ძირი წიწვოვანი ხე დარგეს.

[აქციის მონაწილე] ”ეს ხე იქნება სიმბოლო მშვიდობისა, რომელსაც ჩვენ და სოხუმელი ახალგაზრდები ერთად მივაღწევთ.”

[აქციის მონაწილე] ”გვინდა მშვიდობა დამყარდეს აფხაზეთსა და საქართველოს შორის. ისინიც ჩვენნაირი თინეიჯერები არიან და გვინდა ვიმეგობროთ, იმიტომ რომ ჩვენც სოხუმელები ვართ.”

მშვიდობის დღისადმი მიძღვნილი ამ ახალგაზრდების აქციის მსგავსად, აფხაზეთია მთავარი თემა ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” მიერ დაწყებული აქციისა, რომელიც გურჯაანში გაიმართა. აქციის ორგანიზატორის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ღონისძიების მიზანია აფხაზეთის ხალხის შესახებ საქართველოს საზოგადოების აზრისა და მის მიმართ არსებული განწყობის შესწავლა.

[უჩა ნანუაშვილის ხმა] ”ამიტომ ჩვენ ვიწყებთ აქციათა ციკლს. ეს იწყება გურჯაანში, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება ეძლევა დაწეროს თავისი სიტყვა, თავისი გზავნილი აფხაზი ხალხის მიმართ.”(სტილი დაცულია)

მსგავსი აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 27 სექტემბრამდე ჩატარდება. ღონისძიებები უკავშირდება 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღეს, და 27 სექტემბერს, აფხაზეთში ომის დასრულების თარიღს.
კახეთიდან დაწყებული აქცია 27 სექტემბერს ზუგდიდში დასრულდება.
XS
SM
MD
LG