Accessibility links

რა მოხდა 20 სექტემბერს კოდორის ხეობაში


ზემო აფხაზეთში 20 სექტემბერს მომხდარმა შეიარაღებულმა შეტაკებამ კიდევ უფრო დაძაბა

ოფიციალურ თბილისსა და თვითაღიარებული რესპუბლიკის ლიდერებს შორის არსებული ისედაც რთული ურთიერთობა. სოხუმში აცხადებენ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის მიერ მოკლული და ტყვედ აყვანილი სამხედროები არაღიარებული რესპუბლიკის სასაზღვრო ჯარების წვევამდელები არიან, ხოლო შეტაკება არა კოდორის მიმართულებით მშენებარე გზის მახლობლად, არამედ აფხაზეთის სიღრმეში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით კი, დივერსიულმა ჯგუფმა, რომლის ორი წევრი მოკლული, ხოლო შვიდი ტყვედაა აყვანილი, ცეცხლი გაუხსნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს. რა მოხდა 20 სექტემბერს კოდორის ხეობაში და მოსალოდნელია თუ არა ზემო აფხაზეთის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებების დაწყება?

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის თქმით, კოდორის ხეობის მიმართულებით მშენებარე საავტომობილო გზის მახლობლად შეიარაღებული დაჯგუფების წევრები ჯერ კიდევ 18 სექტემბერს შეამჩნიეს. მინისტრის ინფორმაციით, დივერსანტები მიზნად ისახავდნენ გზის მშენებლობის ჩაშლასა და ზემო აფხაზეთის დანარჩენი საქართველოსგან იზოლირებას:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] „ეს არის ეგრეთ წოდებული აფხაზეთის უშიშროების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმელები, რომლებიც მსახურობენ სოხუმში, თუმცა 15-ში დილას გადმოიყვანეს ამ ტერიტორიაზე, ყველა მათგანს ჩამოართვეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ისინი საკმაოდ კარგად იყვნენ შეიარაღებულები. თან ჰქონდათ „მუხები“, ტყვიამფრქვევები, ავტომატური იარაღი. ოპერაცია წარმატებით დასრულდა და ეს არის უკანასკნელ პერიოდში რიგით მესამე თავდასხმა კოდორის ხეობაზე.“

ვანო მერაბიშვილის თქმით, მოკლულთაგან ორი - მათ შორის, დივერსიული ჯგუფის მეთაური - ეთნიკური რუსია. დივერსანტთა ეთნიკურ წარმომავლობაზე ამახვილებს ყურადღებას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა რურუაც:

[ნიკა რურუას ხმა] „რამდენიმე მათგანი ეთნიკური აფხაზია, დანარჩენები კი არ არიან აფხაზები. ნაწილი რუსია, ნაწილის ვინაობა კი დგინდება. საბუთები, რამდენადაც მე ვიცი, ჯიბეში არ ჰქონიათ.“

იმ ფაქტს, რომ 20 სექტემბერს გაუვნებელყოფილ ჯგუფში ეთნიკური რუსებიც ერივნენ, არც თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი უარყოფს. სერგეი შამბას თქმით, ჯგუფის ყველა წევრი სასაზღვრო ჯარების მოსამსახურეა და 20 სექტემბერს მუდმივი დისლოკაციის ადგილზე იმყოფებოდნენ:

[სერგეი შამბას ხმა] „ეს არ მომხდარა კოდორის ხეობაში. ადამიანები იმყოფებოდნენ თავიანთ ადგილზე და არ ელოდნენ თავდასხმას. მათ იარაღიც კი არ ჰქონდათ. ამ დროს ალყაში მოაქციეს და გასროლის გარეშე აიყვანეს ტყვედ. უბრალოდ, ორი რუსი ადგილზე მხოლოდ იმის გამო მოკლეს, რომ რუსები იყვნენ. მეთაურმა კობამ ერთს შუბლი გაუხვრიტა, მეორეს - ყელი გამოსჭრა, დანარჩენები კი ტყვედ აიყვანეს.”


სერგეი შამბა იმედოვნებს, რომ გაეროს სამხედრო მეთვალყურეთა და დესეთეს კოლექტიური სამშვიდობო ძალების წარმომადგენელთა შერეული პატრული შეძლებს, ადგილზე გასვლით, ვითარებაში გარკვევას. თუმცა მანამდე საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსის მიერ გავრცელებული ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ოთარ ხეცია მზად არის, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გაათავისუფლოს კოდორის ხეობის ზედა ნაწილი ქართული სამხედრო შენაერთებისგან. ასეთი რამ შეუძლებლად არც სერგეი შამბას ეჩვენება:

[სერგეი შამბას ხმა] „ჩვენ ეს არაფრად გვიღირს. ამის გაკეთება ოთხმოცდაცამეტ წელსაც შეგვეძლო და ორი ათას პირველშიც, როცა გილაევი შემოგვიგზავნეს, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ. გვესმის, რომ ხეობაში მშვიდობიანი ადამიანები ცხოვრობენ და ამიტომაც არ ვაპირებთ მის აღებას, თუმცა, თუ საქმე საქმეზე მიდგა, აღება არც არის საჭირო. უბრალოდ, დავდგამთ „გრადის“ სისტემის რეაქტიულ დანადგარებს და ხეობის ზედა ნაწილს გავანადგურებთ. მაგრამ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. გვინდა პრობლემების ადამიანურად გადაჭრა, თუმცა გამუდმებითაც ვერ მოვითმენთ ასეთ თავხედურ გამოხდომებს.”

უნდა ითქვას, რომ „თავხედური გამოხდომების“ უპასუხოდ დატოვებას არც ოფიციალური თბილისი აპირებს. 21 სექტემბერს, ქუთაისში მთავრობის გასვლით სხდომაზე გამოსვლისას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ წამოეგება პროვოკაციას და არ დაუშვებს ფართომასშტაბიანი კონფლიქტის გაღვივებას, თუმცა მიხეილ სააკაშვილი იქვე დასძენს, რომ საქართველო ქვეყნის მტრებს მომავალშიც საკადრის პასუხს გასცემს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „თუ ვინმეს სურს, რომ საქართველო გადააქციოს რაღაც სახის კონფლიქტის მუდმივ ზონად, კბილებში მოხვდებათ ბევრად უფრო მძლავრად, ვიდრე აქამდე მოხვედრიათ. დივერსანტებსა და ტერორისტებს გავცეთ შეიარაღებული პასუხი პოლიტიკური დიალოგის წარმოების ფონზე, მაგრამ თუ ვინმეს უნდა ტერორის ფორმით საქართველოს დაშინება, ნურას უკაცრავად! ყოველ მცდელობაზე სამმაგად უარეს პასუხს მიიღებენ. მინდა გავაფრთხილო: ჯერ ეს მხოლოდ ყვავილებია! აი, ასე გადაეცით ამ პროვოკატორებს.“(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG