Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუშარაფი ზეწოლის ქვეშაა


ალ-ყაიდის მეთაურმა ოსამა ბინ ლადენმა დაიქადნა, რომ სამაგიეროს გადაუხდის პაკისტანის პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფს

რადიკალი სასულიერო პირის მოკვლისთვის ივლისში ისლამაბადში განხორციელებული რეიდისას. ინტერნეტით გავრცელებული ეს მუქარა სიმწვავეს მატებს კრიზისს, რომელიც ასუსტებს პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფის პოზიციებს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

პარასკევს ისლამისტებმა პრეზიდენტ მუშარაფის საწინააღმდეგო დემონსტრაცია გამართეს უზენაესი სასამართლოს წინ.

ადვოკატებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და კონსერვატორმა ისლამისტებმა პირობა დადეს, რომ მთელ ქვეყანაში დაიწყებენ საპროტესტო აქციებს. ისინი აცხადებენ, რომ არაკონსტიტუციურია მუშარაფის სურვილი, კენჭი იყაროს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, ვინაიდან მან უარი თქვა გადამდგარიყო ქვეყნის მთავარსარდლის პოსტიდან. არჩევნები 6 ოქტომბრისთვის არის დანიშნული. პაკისტანში პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს.

ანალიტიკოსების აზრით, ამ კრიზისის შედეგად მუშარაფის პოზიცია ყველაზე უფრო სუსტია მთელი იმ პერიოდის მანძილზე, რაც იგი რვა წლის წინ პაკისტანის პრეზიდენტი გახდა სამხედრო გადატრიალების შედეგად.

ცეცხლზე ნავთი დაასხა ოსამა ბინ ლადენმა. ალ-ყაიდის ლიდერმა ხუთშაბათს ინტერნეტით გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც პაკისტანელებს მუშარაფის წინააღმდეგ ამბოხებისკენ მოუწოდებს.

ჩანაწერში ბინ ლადენი განრისხებას გამოხატავს პაკისტანსა და ავღანეთს შორის სასაზღვრო რეგიონში ალ-ყაიდის მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაციების გამო. ასევე მან გააკრიტიკა პაკისტანის ხელისუფლების მიერ ივლისში ისლამაბადში წითელი მეჩეთის იერიში, რასაც რადიკალი სასულიერო პირი აბდულ რაშიდ ღაზი და მისი მრავალი მომხრე ემსხვერპლნენ.

ბინ ლადენმა მუშარაფს ურწმუნო უწოდა და მის წინააღმდეგ ჯიჰადის, წმინდა ომის მოწოდებით გამოვიად.

[ბინ ლადენის ხმა] "ფერვეზ მუშარაფს, მის მინისტრებს, მის ჯარისკაცებს და ყველას, ვინც მათ ხელს უწყობს, ბრალი მიუძღვით მოკლული მუსულმანების მოკვლაში. ვინც მას შეგნებულად და საკუთარი სურვილით უწევს დახმარებას, მასავით ურწმუნოა. და ვინც მას შეგნებულად და იძულების შედეგად ეხმარება, მისი იძულება უკანონოა შარიათის სამართლის თანახმად."

ლაჰორელი პოლიტიკური ანალიტიიკოსი, რიზვი ჰასან-ასკარი ფიქრობს, რომ წითელი მეჩეთის აღებამ ალ-ყაიდას საშუალება მისცა, თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ისლამისტების განრისხება.

[ჰასან-ასკარის ხმა] "წითელი მეჩეთის ინციდენტმა ისლამისტური ჯგუფების გაუცხოება გამოიწვია. ზოგი ზომიერი ისლამური ჯგუფია. ზოგი მკაცრი კურსის და გასამხედროებული ისლამური ჯგუფია. ყველა გაუცხოვდა მთავრობისგან. მუშარაფის მიმართ ზოგიერთ ისლამურ ჯგუფს და ელემენტს სიმპათია ჰქონდა. მაგრამ ახლა, წითელი მეჩეთის შემდეგ თითქმის ყველა მთავრობის წინააღდმეგ განეწყო."

ამ ვითარების გამო ზოგი ექსპერტი ვარაუდობს, რომ რადიკალმა ისლამისტებმა შესაძლოა მუშარაფის მთავრობის წინააღმდეგ ამბოხება წამოიწყონ.

პრობლემას ქმნის აგრეთვე მუშარაფის გარშემო არსებული სამართლებრივი დაპირისპირება.

უზენაესმა სასამართლომ შესაძლოა დაადგინოს, რომ მუშარაფი უნდა გადადგეს შეიარაღებული ძალების სარდლის თანამდებობიდან, თუკი მას პარლამენტი პრეზიდენტად აირჩევს 6 ოქტომბერს. მაგრამ შესაძლოა სასამართლომ დაადგინოს, რომ მუშარაფი საერთოდ არ არის კანონიერი კანდიდატი.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტომ კეისიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონის განაგრძობს მუშარაფის მთავრობის მხარდაჭერას, თუკი მის წინააღმდეგ ჯიჰადის საფრთხე წარმოიშვება.
XS
SM
MD
LG