Accessibility links

სეპარატისტები კოდორის ხეობის აღებით იმუქრებიან


20 სექტემბერს ზემო აფხაზეთში მომხდარი შეტაკების შემდეგ დაპირისპირებული მხარეები სულ უფრო ხშირად

მიმართავენ მილიტარისტულ რიტორიკას. ოფიციალური თბილისის მუქარას, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დივერსანტებს მომავალშიც სასტიკად გაუსწორდებიან, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა მუქარითვე უპასუხა. სერგეი ბაღაფშის თქმით, აფხაზეთი მანამ არ დაისვენებს, ვიდრე კოდორის ხეობის ზედა ნაწილს საკუთარ იურისდიქციაში არ მოაქცევს. მოვლენათა ამგვარი განვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს გაეროს გენერალური მდივანი, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ბან კი მუნის განცხადებით, 20 სექტემბრის ინციდენტის გამოძიებას უკვე შეუდგნენ კონფლიქტის ზონაში მივლენილი სამხედრო მეთვალყურეები და კოლექტიური სამშვიდო ძალების წარმომადგენლები. გიამბობთ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები 20 სექტემბრის შემდეგ და რის გაკეთებას აპირებენ დაპირისპირებული მხარეები.

20 სექტემბერს ზემო აფხაზეთში მომხდარი შეტაკების ექომ ნიუ-იორკამდე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბბინამდე, მიაღწია. ირაკლი ალასანიამ, გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სეპარატისტული რეჟიმი განაგრძობს პროვოკაციების მოწყობას ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ქართველი დიპლომატი მოუწოდებს გაეროს ჩაერთოს 20 სექტემბრის ინციდენტის გამოძიებაში და მომხდარი სათანადოდ შეაფასოს. ობიექტური გამოძიების იმედი აქვს არაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრსაც. სერგეი შამბას თქმით, საქმის გამოკვლევა უახლოეს პერიოდში დაიწყება:

[სერგეი შამბას ხმა] „ადგილზე გავა კონფლიქტის ზონაში მყოფი კოლექტიური სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებისა და გაეროს სამხედრო მეთვალყურეების ერთობლივი პატრული, რომელმაც უნდა დაადგინოს ფაქტები, თუმცა ეს ფაქტები ჩვენვის უკვე ცნობილია. თავდასხმა მოხდა ჩვენს ქვედანაყოფზე, რომელიც იქ წლების განმავლობაში სასაზღვრო პუნქტზეა დისლოცირებული. იქ არის ახალწვეულთა ბანაკი, სადაც მუდმივად მიმდინარეობს სწავლება.“


მაგრამ სერგეი შამბას გულწრფელობაში ეჭვი შეაქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას. ზემო აფხაზეთში სეპარატისტთა დივერსიული ჯგუფის მოქმედების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების იუსტიციის ყოფილი მინისტრი პაატა დავითაია, რომელიც ამჟამად ლიდერია პოლიტიკური მოძრაობისა „ჩვენ თვითონ“. დავითაიას თქმით, საგანგებოდ გაწვრთნილი დივერსანტები აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ნიადაგს ამზადებენ:

[პაატა დავითაიას ხმა] „ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე დაგეგმილია საკითხი, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უკავშირდება და ეს არის განპირობებული იმით, რომ სოჭი, სადაც ოლიმპიური თამაშები უნდა ჩატარდეს, იმყოფება აფხაზეთის უშუალო სიახლოვეში. ამიტომ რუსებს სჭირდებათ სრული კონტროლი აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, რათა რაიმე სახის პროვოკაცია არ მოხდეს. ამის გათვალისწინებით, მზადდება ფართო მასშტაბის შეტევა კოდორის მიმართულებით და ამის გახმოვანება ხდება სეპარატისტთა საგარეო საქმეთა მინისტრისა და დე ფაქტო პრეზიდენტის მიერ. არაა გამორიცხული ეს პროვოკაციები, რაც ახლა ხდება, საერთო გეგმის ნაწილი იყოს.“(სტილი დაცულია)

უნდა ითქვას, რომ სამომავლო გეგმებზე ლაპარაკისას სერგეი ბაღაფში ბოლო დროს, მართლაც, ხშირად ახსენებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. აი, რა განაცხადა არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ინტერვიუში, რომელიც მან 22 სექტემბერს აფხაზეთის ტელევიზიას მისცა:

[სერგეი ბაღაფშის ხმა] „სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, რთულია. მეტიც, ეს საომარი სიტუაციაა, იმიტომ რომ ჩვენს მეზობლად იმყოფება აგრესორი, რომელსაც არ შეუძლია ლაპარაკი და სისტემატურად აწყობს პროვოკაციებს. ამიტომ ოფიციალურად ვაცხადებ, რომ არ დამშვიდდება აფხაზეთი მანამ, ვიდრე არ გაათავისუფლებს კოდორის ხეობის ზედა ნაწილს.”

არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ამ განცხადებას მყისიერად გამოეხმაურნენ თბილისში. სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძე ოფიციალურ სოხუმს არ ურჩევს ზემო აფხაზეთის მიმართულებით რაიმე სახის სამხედრო ოპერაციის დაწყებას:

[დავით ბაქრაძის ხმა] „ერთი მხრივ, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი, ვინაიდან ჩვენ არ გვსურს სამხედრო კონფრონტაცია და ჩვენ არ გვსურს მოვლენების ამ სცენარით განვითარება. მაგრამ, მეორე მხრივ, აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას უნდა კარგად ესმოდეს, ნებისმიერი ასეთი პროვოკაცია დამთავრდება მათთვის ძალიან მძიმე შედეგით. საქართველო არ არის ის სახელმწიფო, რაც ამ ხუთიოდე წლის წინ იყო. ისინი მიიღებენ ძალიან მძიმე და ადეკვატურ პასუხს ნებისმიერ ქმედებაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი მოსახლეობის მშვიდობასა და უსაფრთხოებას.“(სტილი დაცულია)

დავით ბაქრაძე ასევე უარყოფითად უპასუხებს სოხუმის მოთხოვნას, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ 20 სექტემბერს აყვანილი აფხაზი სამხედრო მოსამსახურეები. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, არაღიარებული რესპუბლიკის მესვეურებისა და რუსეთის საგარეო უწყების პროტესტის მიუხედავად, დივერსიის მოწყობის მცდელობაში ბრალდებული პირები პასუხს სასამართლოს წინაშე აგებენ.
XS
SM
MD
LG