Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური მოვლენების მიმოხილვა


სასწავლო წლის დაწყება ქართულმა საბანკო სექტორმა სიახლეების მთელი წყებით აღნიშნა.

"სახალხო ბანკმა" და საქართველოს უნივერსიტეტმა, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტის დედა გიული ალასანია თავმჯდომარეობს, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. თუმცა უფრო საინტერესო პროექტი ბანკმა სკოლებში დაიწყო, სადაც ახალი პროდუქტის _ "უკონტაქტო მოსწავლის ბარათის" - პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი მოსწავლეთა სრულ კონტროლს ითვალისწინებს როგორც სკოლის ადმინისტრაციის, ასევე მშობელთა მხრიდან. მოსწავლის ბარათი სპეციალური დიზაინის, სურათიანი უკონტაქტო ბარათი იქნება, რომელიც მშობლის საბარათე ანგარიშს მიებმება. სრულწლოვანებამდე მოსწავლე პლასტიკურ ბარათს მხოლოდ სკოლაში გამოიყენებს და მხოლოდ იმ თანხობრივი ლიმიტის ფარგლებში, რომელსაც მშობელი მას წინასწარ განუსაზღვრავს.

სურვილის შემთხვევაში, მშობელი სმს-ით შეიტყობს შვილის სკოლაში მისვლისა და სკოლიდან წამოსვლის დროს."მოსწავლის ბარათის" მეშვეობით ასევე შესაძლებელი იქნება სკოლის სასადილოებში კვების პროდუქტების შეძენა. მშობელს შესაძლებლობა ექნება დააწესოს ბარათით თანხის ხარჯვის ყოველდღიური, ყოველკვირეული ან ყოველთვიური ლიმიტი; სურვილის შემთხვევაში, მშობელი სმს-ით შეიტყობს შვილის მიერ დახარჯული თანხის ოდენობას.

ბანკების გარდა, მოსწავლეებისთვის სიახლეებით დაიწყეს სასწავლო წელი ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებმაც. "ჯეოსელი" სტუდენტურ აქციას მართავს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტს, 7 ნოემბრის ჩათვლით, "ლაი-ლაიში" უფასოდ ჩართვა და "ლაი-ლაის" სასტარტო პაკეტით სარგებლობა შეეძლება.

მაგთის კუთვნილმა `ბალმა~ კი უფრო დაბალი ასაკობრივი კატეგორიისკენაც მიმართა ყურადღება და `ბალის~ მოსწავლეთა კლუბი შექმნა, რომლის წევრთათვის ასევე შეღავათიანი პირობებია დადგენილი. რაც შეეხება დანარჩენ აბონენტებს, მათთვის `მაგთიმ~, `ჯეოსელის~ მსგავსად, კიდევ ერთი ახალი სერვისი _ "მონოკრედიტი" - დანერგა. მონოკრედიტი ანგარიშზე თანხის ამოწურვის შემდეგ 30 დღის განმავლობაში საუბრისა და SMS-ების გზავნის საშუალებას იძლევა, ვიდრე დავალიანება სამ ლარს არ მიაღწევს.

მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის კიდევ ერთი სიახლე `ბალის~, `საქართველოს ბანკის~, თბილისის მერიისა და მეტროპოლიტენის ერთობლივი აქციაა, რომელიც მათ საშუალებას აძლევს თვეში 12 უფასო სალაპარაკო წუთი მიიღონ და მეტროში 25%-იანი ფასდაკლებით იმგზავრონ. ამ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს _ `საქართველოს ბანკს~ - მიმდინარე კვირას პრობლემები გამოუჩნდა. მისი აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე 36 დოლარამდე გაიაფდა. აქციათა ფასის შემცირების ტენდენცია ივლისიდან შეინიშნება, როცა "საქართველოს ბანკის" ერთი აქციის ფასმა ლონდონის ბირჟაზე რეკორდულ 44 დოლარს მიაღწია. მას შემდეგ ქართული ბანკის ფასიანმა ქაღალდებმა თავი ვერ დააღწია მსოფლიო ბაზრებზე გამოკვეთილ დაცემის მრუდს.

ქვეყნის შიგნით `საქართველოს ბანკი~ კიდევ ერთ მსხვილ პროექტში გამოჩნდა. ის ერთ-ერთ ინგლისურ კომპანიასთან ერთად იმ 10 სუბიექტის ნუსხაშია, რომელსაც "ჟინვალჰესის", თბილისის და მცხეთის წყლით მომარაგების სისტემებისა და გარდაბნის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის შეძენა სურს.
როგორც ეკონომიკური განვითარების სამინისტროში აცხადებენ, კომპანიების მიერ წარმოდგენილი წინადადებები საკმაოდ საინტერესოა და მათ საფუძვლიან განხილვას რამდენიმე დღე დასჭირდება. შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილება დაახლოებით 10 დღეში გახდება ცნობილი. გამარჯვებულის შერჩევისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი კრიტერიუმი წყლის ტარიფი იქნება.

სანამ წყლის მეურნეობის ახალი მესაკუთრისა და წყლის ტარიფის საკითხი გაირკვევა, უკვე დადგინდა, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის გაზის გაძვირებას აპირებს. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ხელმძღვანელმა როვგან აბდულაევმა განაცხადა. მისი თქმით, 2007 წელს გაზის ღირებულება 120 დოლარის ფარგლებში იყო გათვალისწინებული. მომავალი წლიდან კი საქართველოსთვის მიწოდებული გაზის ღირებულება მსოფლიო ბაზრის ფასებს გაუტოლდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კომპანია "ფრონტერა" კი დედოფლისწყაროს რაიონში ახალი ჭაბურღილის ბურღვას დაიწყებს. ის დედოფლისწყაროში ე.წ. XII სალიცენზიო ბლოკზე 1997 წლიდან საქმიანობს და ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებით, მოპოვებითა და ექსპლუატაციით არის დაკავებული. კომპანიას 32 ათასი ტონა ნავთობი აქვს მოპოვებული. "ფრონტერას" უკვე აქვს 1 ჭაბურღილი. ამჟამად მიმდინარეობს ტერიტორიის ათვისება ტარიბანას საბადოსთან. აღნიშნულ ტერიტორიაზე წელს 3, ხოლო მომავალ წელს 8 ჭაბურღილის გაბურღვა იგეგმება.

სამცხე-ჯავახეთში კი ფონდ `ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს~ მიერ გზის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა და ის განმეორებით ჩატარდება. ამის გამო გადაიწევს პროექტის განხორციელების ვადებიც. ტენდერში 4 თურქული და ერთი გერმანული კომპანია მონაწილეობდა, მაგრამ მათ მიერ შემოთავაზებული წინადადებები მიუღებელი აღმოჩნდა მაღალი ფასის გამო. ამ ეტაპზე 245-კილომეტრიანი გზის შესწავლა და დაპროექტება დასრულებულია. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 102 მილიონი დოლარია, ხოლო მისი დასრულება 2010 წელს იგეგმება.

ამერიკულ მხარეს პროექტის დაყოვნებაზე პრეტენზია არც ამჯერად გამოუთქვამს. სამაგიეროდ, სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთან "ღია ცის" შეთანხმების რატიფიცირებას გეგმავს. შეთანხმება, მთავრობის მხრიდან მინიმალური ჩარევისა და თავისუფალი კონკურენციის განვითარების პირობებში, საავიაციო ბაზრის მაქსიმალურ ლიბერალიზაციას ითვალისწინებს. არავითარი შეზღუდვები არ იქნება მარშრუტების დაწესების უფლებებზე – შუალედური და საზღვრებს გარეთ მდებარე პუნქტების ჩათვლით. ასევე, არავითარი შეზღუდვები არ იქნება დანიშნულ ავიასაწარმოთა რაოდენობაზე, სიხშირეზე, საჰაერო ხომალდის ტიპსა და მოცულობაზე, ფასების დადგენის მექანიზმებზე.

ამერიკას "ღია ცის" შეთანხმება 1992 წლის შემდეგ სამოცზე მეტ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული, მათ შორის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის, ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნებთან.შეთანხმების რატიფიცირების განხილვა საქართველოს პარლამენტს თვის ბოლოსთვის აქვს დაგეგმილი.

ცის ლიბერალიზაცია, პირდაპირ თუ ირიბად, ქვეყანაში ტურისტული ნაკადების ზრდის ხელშემწყობი უნდა გახდეს. მათ ღირსეულად დასახვედრად ქვეყანა ყველა მიმართულებით იღვწის. თბილისის ზოოპარკს, მაგალითად, მიმდინარე კვირას ეგზოტიკური ჯიშის რქოსანი ყვავები შეემატა. რქოსანი ყვავების გარდა, სხვადასხვა ქვეწარმავლები - მათ შორის, პითონები და ჩხრიალა გველები - ყაზახეთიდან ჩამოიყვანეს.
აღნიშნული ცხოველები თბილისის ზოოპარკმა საკმაოდ ძვირად შეიძინა. ცოტა ხნის წინათ თბილისის ზოოპარკს 2 იაგუარი და 2 ვეფხვიც შეემატა. ასე რომ, ეგზოტიკის მოყვარული ტურისტებისთვის კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი მზად არის.
XS
SM
MD
LG