Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირის მიმოხილვა


გასული სამუშაო კვირის მთავარი პოლიტიკური

მოვლენები, უმთავრესად, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებითა და თბილისსა და ამ რეგიონებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვით ხასიათდებოდა. ცხინვალში გამართულ ოსთა ყრილობას და ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის დღის მე–17 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებს ჩვენ კვლავ დავუბრუნდებით. მანამდე კი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ზემო აფხაზეთში 20 სექტემბერს მომხდარი შეიარაღებული შეტაკება, რომლის შესახებაც თბილისი და ცხინვალი ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებს ავრცელებენ. სოხუმში აცხადებენ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის მიერ მოკლული და ტყვედ აყვანილი სამხედროები არაღიარებული რესპუბლიკის სასაზღვრო ჯარების წვევამდელები არიან. შეტაკება კი არა კოდორის მიმართულებით მშენებარე გზის მახლობლად, არამედ აფხაზეთის სიღრმეში, ტყვარჩელის რაიონში, ხოჯალის მთასთან მდებარე სასაზღვრო პოსტზე, სასაზღვრო ძალების საწვრთნელ ბანაკში მოხდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კოდორის ხეობის მიმართულებით მშენებარე საავტომობილო გზის მახლობლად გაუვნებელყოფილ იქნა აფხაზური დივერსიული ჯგუფი, რომელმაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ცეცხლი გაუხსნა. ოპერაციის დროს დაიღუპა ორი და ტყვედ იქნა აყვანილი 7 მებრძოლი. ქართული და აფხაზური მხარეები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად საერთაშორისო ექსპერტების მიერ ზემო აფხაზეთში მომხდარი ინციდენტის გამოძიებასა და ობიექტური დასკვნის მომზადებას მოითხოვენ. თუმცა, იმავდროულად, აშკარაა ასევე ერთმანეთისკენ მიმართული აგრესიული რიტორიკა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა]“ თუ ვინმეს სურს, რომ საქართველო გადააქციოს რაღაც სახის კონფლიქტის მუდმივ ზონად, კბილებში მოხვდებათ ბევრად უფრო მძლავრად, ვიდრე აქამდე მოხვედრიათ. დივერსანტებსა და ტერორისტებს გავცეთ შეიარაღებული პასუხი პოლიტიკური დიალოგის წარმოების ფონზე, მაგრამ თუ ვინმეს უნდა ტერორის ფორმით საქართველოს დაშინება, ნურას უკაცრავად! ყოველ მცდელობაზე სამმაგად უარეს პასუხს მიიღებენ. მინდა გავაფრთხილო: ეს ჯერ მხოლოდ ყვავილებია! აი, ასე გადაეცით ამ პროვოკატორებს.“

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე. მის საპასუხოდ კი, აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების საგანგებოდ მოწვეულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა დააზუსტა, რომ აფხაზეთი არ მოისვენებს მანამ, სანამ კოდორის ხეობის ზედა ნაწილზე კონტროლს არ აღადგენს:

[სერგეი ბაღაფშის ხმა]“სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, რთულია. მეტიც, ეს საომარი სიტუაციაა, იმიტომ რომ ჩვენ მეზობლად იმყოფება აგრესორი, რომელსაც არ შეუძლია ლაპარაკი და სისტემატურად აწყობს პროვოკაციებს. ამიტომ ოფიციალურად ვაცხადებ, რომ არ დამშვიდდება აფხაზეთი, ვიდრე არ გაათავისუფლებს კოდორის ხეობის ზედა ნაწილს.“

აფხაზეთის ძალოვან სტრუქტურებს მიღებული აქვთ ბრძანება, სეპარატისტული რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე კონტროლი გააძლიერონ და გარემოებებიდან გამომდინარე იმოქმედონ.

კონტროლი გაძლიერებულ რეჟიმში რჩება ცხინვალის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზეც, სადაც გასულ სამუშაო კვირაში განსაკუთრებული სტუმრიანობა იყო. 18–19 სექტემბერს სეპარატისტულ რესპუბლიკაში სრულიად ოსი ხალხის მეექვსე ყრილობა გაიმართა, 20 სექტემბერს კი დამოუკიდებლობის მეჩვიდმეტე წლისთავი აღნიშნეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ სამხრეთ ოსეთის, რუსეთისა და კაზაკების ერთგულების ფიცით გახსნა დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი. მან ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას და საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ედუარდ კოკოითიმ მთავარი აქცენტი დე ფაქტო რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარების პერსპექტივაზე გააკეთა:

[ედუარდ კოკოითის ხმა]“ მიუხედავად იმისა, თუ როდის მივიღებთ საერთაშორისო აღიარებას, ჩვენ უკვე ვეყრდნობით ყველაზე მთავარს - საკუთარი ხალხისგან აღიარებას. ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ, წინ მივიწევთ და საკუთარ წარმატებაში დარწმუნებულები ვართ. აღიარება მოვა და - ადრე თუ გვიან, ამას მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენი შემდგარი სახელმწიფოებრიობა უკვე რეალობაა. ამის უარყოფა ნიშნავს უარყოფდე იმას, რომ დედამიწა მრგვალია და მზის გარშემო მოძრაობს.”

დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მეჩვიდმეტე წლისთავზე ცხინვალში ასევე არაღიარებული დნესტრისპირეთის, მთიანი ყარაბაღისა და აფხაზეთის დელეგაციები ჩავიდნენ. წელს, პირველად, ოსური შეიარაღებული ძალების სამხედრო აღლუმში მონაწილეობა კაზაკთა რაზმებმაც მიიღეს. დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების შემადგენლობამ ცხინვალის ცენტრი ათიოდე წუთში გაიარა.

საზეიმო ღონისძიებებმა ცხინვალში, რუსეთის ოფიციალური პირებისა და ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ ერთობლივად წარმოებული პროპაგანდისტული კამპანიის მიუხედავად, ვითომდა საქართველოს მხარის მიერ დაგეგმილი „სამშვიდობო მარშის“ გარეშე ჩაიარა. თუმცა ცხინვალის ხელისუფლებას თბილისმა ამ კვირაში დისკომფორტი მაინც შეუქმნა. 20 სექტემბერს ცხინვალში მოძრაობა „კოკოითი ფანდარასტის“ ოფისი დაფუძნდა. მოძრაობის აქტივისტებმა ქალაქში პროკლამაციები გაავრცელეს.

[ვლადიმერ სანაკოევის ხმა]“ მოვუწოდებთ ჩვენს დებსა და ძმებს ცხინვალში ყურადღება მიაქციონ ყველაფერ იმას, რასაც ჩვენი აქტივისტები აცხადებენ. ისინი სამხრეთ ოსეთის აღდგენაზე, საქართველოს გაძლიერებასა და დემოკრატიის პრინციპებზე საუბრობენ. ჩვენი მოძრაობის წარმატებაში აბსოლუტურად დარწმუნებულნი ვართ. ჩვენი ნაბიჯები გათვლილია. ვმოქმედებთ საერთაშორისო ნორმებისა და სამართლის ფარგლებში და ამიტომ ჩვენი მოძრაობა წარმატებული იქნება. ცხინვალში მშვიდობა დაისადგურებს.“

”კოკოითი ფანდარასტის” მოძრაობას, მისი მთავარი კოორდინატორის ვლადიმერ სანაკოევის თქმით, ცხინვალში 1000–მდე მხარდამჭერი ჰყავს. მოძრაობა 100–მდე აქტივისტს აერთიანებს, ოფისში კი 10 ადამიანია დასაქმებული.

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაო კვირაში გამოვლენილი პოლიტაქტივობის ერთგვარი დაგვირგვინება იყო საერთაშორისო კონფერენცია თამარაშენში, რომელიც კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გაიმართა. კონფერენციაზე საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ქვეყნის საგარეო პრიორიტეტები განიხილებოდა. ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიწვეული იყო რუსეთის ელჩიც, თუმცა ვიაჩესლავ კოვალენკომ კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საერთოდ კი, უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენციას თამარაშენში ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. რუსეთის სამშვიდობო ძალები წვერიახოს საგუშაგოსთან შეეცადნენ არ გაეტარებინათ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიმავალი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რითაც, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, მათ აშკარად გადაამეტეს მათზე მანდატით დაკისრებულ უფლებამოსილებას და დაარღვიეს საერთაშორისო სამართლით აღიარებული ნორმები. საბოლოოდ, ქართული მხარის ჩარევით, ინციდენტი დროულად განიმუხტა.

ინციდენტი ბოლომდე ამოწურულად არ ითვლება მიმდინარე კვირის მთავარ პოლიტიკურ სკანდალში. 18 სექტემბერს პარლამენტის შენობასთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან მომხდარი ჩხუბის შედეგად დაზარალებული გია ცაგარეიშვილი კვირის ბოლოსთვის ტელეკამერის წინ გამოჩნდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება გამოძიებას, პროკურატურა ცაგარეიშვილის ცემის დეტალებით ჯერ არ დაინტერესებულა. დეპუტატის ადვოკატის ეკა ბესელიას განმარტებით, საქმე 325– ე მუხლით გათვალისწინებულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად კვალიფიცირდება და 7–დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დეპუტატების ვახტანგ ბალავაძის, კობა დვალიშვილისა და გიორგი იმნაძის გია ცაგარეიშვილთან საქმის ქუჩაში გარჩევის მიზეზი კი შემდეგი განცხადება გახდა:

[გია ცაგარეიშვილის ხმა]“ მე გაგახსენებთ 140 უსახურ მამაკაცს, რომელიც მოკალათებულია ამ დარბაზში, იტანს ბეჭებში სახრეს, აფურთხებინებს სულში უმრავლესობის ლიდერებს და ხმას არ იღებს.“

ზემოხსენებული 140 მამაკაცის საპირწონედ გია ცაგარეიშვილმა უმრავლესობიდან გასული ქალბატონები ქეთი მახარაშვილი და თეო ტლაშაძე დაასახელა. მიმდინარე კვირაში მათ უმრავლესობის ფრაქციის დატოვების შესახებ პარლამენტის ბიუროს ოფიციალურად აცნობეს. ფრაქციიდან წასვლის მიზეზად ქეთი მახარაშვილმა და თეო ტლაშაძემ მმართველი ძალის ავტორიტარულ ძალად ჩამოყალიბება დაასახელეს. მათგან ერთ–ერთმა, ქეთი მახარაშვილმა, თავის მიერ მომზადებული კანონპროექტებიც გაითხოვა. ამ კვირაში ოფიციალურად დატოვა მრეწველთა პარტია და ფრაქცია დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა. მისი მხრიდან ეს მოულოდნელი ნაბიჯი არ ყოფილა, თუმცა გადაწყვეტილების სწორედ ამ დღეებში გაფორმება არცთუ შემთხვევით დაემთხვა ერთ გარემოებას: მრეწველებმა ხელი არ მოაწერეს დიპლომატიური კორპუსის მისამართით საგანგებოდ მომზადებულ იმ განცხადებას, რომელშიც უმრავლესობის წევრთა მიერ გია ცაგარეიშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტი იყო დაგმობილი.
XS
SM
MD
LG