Accessibility links

logo-print

ზემო აფხაზეთი საშიში სამხედრო პროვოკაციების არენად რჩება


ზემო აფხაზეთში 20 სექტემბრის ინციდენტით არ

ამოიწურება სტატისტიკა იმ დივერსიული და პროვოკაციული ქმედებებისა, რომელიც კოდორის ხეობაში სოხუმის დაცემის დღის - 27 სექტემბრის - შემდეგ დაიწყო. თუმცა ეს არის პირველი შემთხვევა, როცა დივერსიულმა ჯგუფმა ხეობის სიღრმეში შესვლა სცადა და განადგურდა.

კოდორის ხეობის არსებობა საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მხოლოდ 1993 წლის 27 სექტემბერს შეიტყო. სწორედ ამ ხეობით დატოვეს ალმოდებული სოხუმი დამარცხებული ქართული ჯარის მებრძოლებმა და ათასობით მშვიდობიანმა ადამიანმა. 14 წლის წინ ეს გზა, სხვა დევნილებთან ერთად, გაიარა ცნობილმა ქართველმა ჟურნალისტმა, გაზეთ “კვირის პალიტრის” სამხედრო მიმომხილველმა ირაკლი ალადაშვილმა, რომელიც მაშინ კონფლიქტის ზონაში ჟურნალისტური მივლინებით იმყოფებოდა.

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] “ერთი მომენტი მახსოვს: მოხუცი ქალი, რომელიც გამოვიდა თავისი კარ-მიდამოდან, გზაში მეკითხებოდა, შვილო, სად მიდიხართო. მე თავჩაღუნული მოვდიოდი და ვერც იმას ვეუბნებოდი, გავდივართ, მივრბივართ, თუ რა ვიცი რა იყო, და ვერც იმედის ნატამალს ვუტოვებდით.”(სტილი დაცულია)

ირაკლი ალადაშვილი იხსენებს, რომ სოხუმის დაცემიდან რამდენიმე თვეში აფხაზურმა დაჯგუფებებმა ძალთა კონცენტრაცია მოახდინეს და იერიში სწორედ კოდორის ხეობაზე მიიტანეს. ხეობა იმხანად ერთადერთ არაოკუპირებულ ნაწილად რჩებოდა აფხაზეთის ტერიტორიაზე და მისი სტრატეგიული დანიშნულება სოხუმში კარგად ესმოდათ. ირაკლი ალადაშვილი იხსენებს, რომ მაშინ ხეობის დაცვა არ იყო ორგანიზებული, რის გამოც აფხაზურმა ფორმირებებმა რამდენიმე პუნქტის დაკავება მოახერხეს:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] “ერთი იყო, რომ 1994 წელს აფხაზეთის შეტევა იყო და ლათის გვირაბის აღება. ეს, სხვათა შორის, სერიოზული გამაგრებული პუნქტი უნდა ყოფილიყო ჩვენი მხრიდან, იმიტომ რომ ეს უპირატესობას გვაძლევდა. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, მაშინ დავტოვეთ. აფხაზები შემოვიდნენ გვირაბში და უფრო ზემოთ წამოიწიეს. გარკვეული უპირატესობა, ტაქტიკური თვალსაზრისით, მოიპოვეს, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ვერ შეძლეს ბოლომდე კოდორის აღება და ქართულ სოფლებზე თავისი კონტროლის დამყარება.”(სტილი დაცულია)


საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ კოდორის ხეობის დაცვა ადგილობრივი მოსახლეობისგან შემდგარ ბატალიონ “მონადირეს” მიანდო, რომელსაც ემზარ კვიციანი ხელმძღვანელობდა. ხეობას ოპერატიული სტატუსი მიენიჭა, ხოლო ემზარ კვიციანი, პრეზიდენტის რწმუნებულის გარდა, მიმართულების სარდალიც გახდა. ამის შემდეგ ხეობაზე შეტევები შეწყდა, თუმცა ცალკული პროვოკაციები შემდეგ წლებშიც ხდებოდა. მათ შორის ყველაზე მეტად გახმაურდა ჩეჩენი საველე მეთაურის, რუსლან გილაევის რაზმის გამოჩენა 2001 წელს, რაც, “კვირის პალიტრის” სამხედრო მიმომხილველის ირაკლი ალადაშვილის თქმით, დღემდე კოდორის ხეობის ყველაზე ბურუსით მოცულ ისტორიად რჩება:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] “მე შეიძლება არ ვთქვა სიტყვა “ავანტიურა”, მაგრამ ამასთან ახლოს არის, რადგან მაშინ საქართველო, მართლაც, სერიოზულად დიდი ომის საფრთხის წინაშე დადგა. ფაქტია, რომ იქ გარკვეული სახელისუფლო სტრუქტურებიც იყვნენ ჩარეული.” (სტილი დაცულია)

რუსლან გილაევის რაზმის რეიდით არ მთავრდება კოდორის ხეობასთან დაკავშირებული სკანდალური ისტორიები. იმავე დროს, 2001 წლის შემოდგომაზე, მოხდა ერთი ინციდენტი, რასაც საერთაშორისო სკანდალი მოჰყვა. ხეობის თავზე ჩამოაგდეს გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა ვერტმფრენი, რომელსაც უკრაინული ეკიპაჟი მართავდა.

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] “ეს ყველაზე უფრო სამწუხარო ფაქტია, როდესაც ჩამოგდებული იქნა ეს შვეულმფრენი. იგი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით იქნა ჩამოგდებული. არ ვიცი, ის მსროლელი დაინახავდა თუ არა, რომ შვეულმფრენი გაეროსი იყო, - მაგრამ ფაქტია, რომ მან ჩამოაგდო.”(სტილი დაცულია)

შიგადაშიგ კოდორის ხეობაში სხვა ანომალიური ამბებიც ხდებოდა. იქ იტაცებდნენ, სცემდნენ და მერე გამოსასყიდში ცვლიდნენ გაეროს სამხედრო დამკვირვებლებს, ხაროში გამომწყვდევითა და ცხვირთან ავტომატის ტრიალით “ჭკუას ასწავლიდნენ” ყოფილი აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებს. წლების განმავლობაში იქ შესვლა აკრძალული ჰქონდა ქართულ პოლიციას და უშიშროებას.
მაგრამ ხეობაში შესვლას ვერ ბედავდნენ ვერც აფხაზები და ვერც რუსები. თუმცა დსთ-ის სამშვიდობო ძალებმა ერთხელ, 2002 წელს, სცადეს იქ ტაქტიკური დესანტის გადასხმა.


[ირაკლი ალადაშვილის ხმა] “მე ეს დღე კარგად მახსოვს. 12 აპრილი იყო, როდესაც ეს ამბავი გავიგე. მაშინ თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე და გენერალი კობალაძე გაფრინდნენ კოდორის ხეობაში, რადგან ის დესანტი, რომელიც რუსეთის სამშვიდობო ძალებმა გადასხეს, აპირებდა იქ, აჟარასა თუ ჩხალთასთან, დამკვიდრებას. მაშინ, მიმაჩნია, რომ ჩვენმა ძალებმა სწორად იმოქმედეს, რადგან დესანტს ერთი-ორი დღითაც რომ მოეხერხებინა ხეობაში დამკვიდრება, მაშინ მათი განდევნა უფრო რთული იქნებოდა.” (სტილი დაცულია)

2007 წლის დასაწყისში, მარტში, დაიბომბა კოდორის ხეობა ავიაციიდან და ვერტმფრენებიდან. შემდეგ იყო 21 აგვისტოს საჰაერო ინციდენტი, როდესაც ხეობის დამცველებმა ცეცხლი გახსნეს საჰაერო დამრღვევი საფრენი აპარატის მიმართ. სულ ბოლოს კი 20 სექტემბერს იყო სამხედრო-დივერსიულ ჯგუფთან შეტაკება ხეობის სიღრმეში. ირაკლი ალადაშვილის თქმით, ეს ფაქტები ადასტურებს, რომ ზემო აფხაზეთი დე ფაქტო ხელისუფლებისა და მათი მხარდამჭერების მთავარ სამიზნედ რჩება:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] “თუ სეპარატისტები მოახერხებენ როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალში ამ შემაერთებელი გზის ჩაკეტვას, ანუ ჭუბერ-საკენის გზისას, რომელიც კეთდება...ისევე როგორც, თუ ოსი სეპარატისტები მოახერხებენ ერედვიდან თამარაშენისკენ მიმავალი გზის გადაკეტვას, ეს მათ დიდ უპირატესობას მისცემს, რადგან მაშინ თბილისს გაუჭირდება როგორც დიდი ლიახვის ხეობის სოფლების – თამარაშენი-კეხვის მონაკვეთის, ისე ზემო აფხაზეთის სოფლების – აჟარას, ჩხალთას, გენწვიშის სოფლების - გაკონტროლება.”(სტილი დაცულია)

ბოლოს ირაკლი ალადაშვილი ჟურნალისტური მივლინებით თვე-ნახევრის წინ იმყოფებოდა ზემო აფხაზეთში. ასე ეწოდება ოფიციალურად კოდორის ხეობას შარშანდელი 27 ივლისის შემდეგ, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს სპეციალურმა დანაყოფებმა განდევნეს ამბოხებული პრეზიდენტის რწმუნებულის, ემზარ კვიციანის, რაზმი და ხეობაში კონტროლი აღადგინეს. სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ ხეობა საიმედოდ არის დაცული:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] “ განსაკუთრებით სერიოზული ზომები იქნა მიღებული ზემო აფხაზეთის გასამაგრებლად 11 მარტის ინციდენტის შემდეგ. მე მგონი, ამ ღონისძიებებმა უნდა იმუშაოს, რადგან იქ საკმარისი ძალაა, რათა იქ პირველი უეცარი, მოულოდნელი თავდასხმა მოვიგერიოთ და შეიძლება შეტევაზეც კი გადავიდეთ.”(სტილი დაცულია)

ასე ფიქრობს “კვირის პალიტრის” სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი. თუმცა 20 სექტემბრის ინციდენტის შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ ერთ დღეში შეუძლიათ კოდორის ხეობაზე კონტროლის დამყარება. საქართველოს პრეზიდენტმა კი, პასუხად, მართლწესრიგის ძალებს ზემო აფხაზეთში უბრძანა, ყველა სახის შეიარაღებულ დივერსანტებსა და ტერორისტებს გასცენ შეიარაღებული პასუხი, მუდმივი პოლიტიკური დიალოგის ფონზე.
XS
SM
MD
LG