Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მიმოხილვა


ოქტომბრის დასაწყისში თბილისში დიდი

კინოპრემიერა გაიმართება - ეკრანებზე გამოდის დიტო ცინცაძის ფილმი ”კაცი საელჩოდან”... ამ პრემიერას ”დიდი” მხოლოდ იმიტომ არ ვუწოდეთ, რომ სურათის პირველ ჩვენებას მთავარი როლის შემსრულებელი, გერმანიაში ძალზე პოპულარული ბურგჰარდ კლაუსნერი და, რაღა თქმა უნდა, თავად რეჟისორი დაეწრებიან... უბრალოდ, დიტო ცინცაძის ახალ ფილმს საქართველოში განსაკუთრებით ელიან ხოლმე. ჩვენში ჯერ კიდევ გრძელდება კამათი დიტოს სურათზე ”რევერსი”, რომელიც გერმანიაში მცხოვრებმა რეჟისორმა უმოკლეს ვადაში გადაიღო თბილისში. თუმცა, ”რევერსისგან” განსხვავებით, ”კაცი საელჩოდან” თბილისის ეკრანებზე უკვე დაჯილდოებული და აღიარებული გამოდის. სურათი ჯერ ლოკარნოს კინოფესტივალზე უჩვენეს, სადაც კლაუსნერმა მოიპოვა პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, შემდეგ - ნიუ-იორკში და, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, მარდელპლატას კინოფესტივალზე - აქ ”კაცი საელჩოდან” აღინიშნა პრიზით ”საუკეთესო სცენარისთვის”, პრიზით, რომელიც დიტო ცინცაძეს და სცენარის თანაავტორ ზაზა რუსაძეს გადასცეს. აპრილში კი ”კაცი საელჩოდან” ჩართული იყო ბერლინში გამართული ქართული კულტურის ფესტივალის პროგრამაში. გერმანელებმა მაშინ პირველად ნახეს ”კაცი საელჩოდან”, შეხვდნენ ფილმის რეჟისორს და გაესაუბრნენ მას კინოთეატრ ”არსენალში”. იმ საღამოს დიტო ცინცაძე იძულებული გახდა ესაუბრა დეტალებზე, რომელთა მნიშვნელობა ძნელი გასაგები აღმოჩნდა გერმანელებისთვის - მაგალითად, ვინ არის ფილმის მთავარი გმირი გოგონა, რომელიც დევნილებისთვის განკუთვნილ, ბანაკის ტიპის, დაწესებულებაში ცხოვრობს.

[დიტო ცინცაძის ხმა] “რეალური ადგილია – “ტიტანიკს” ეძახიან. აფხაზეთის ომის მერე ლტოლვილებს დაუთმეს. თბილისის ზღვასთანაა და იგრძნობა, ვითომ ზღვასთან არიან.”(სტილი დაცულია)

მაგრამ აღმოჩნდა, რომ რეჟისორის განმარტებები მხოლოდ გერმანელ მაყურებელს არ დასჭირდა. დიტო ცინცაძეს რადიო ”თავისუფლება” თბილისის ერთ კაფეში გაესაუბრა. დიტო ვერ მალავდა გულისტკივილს იმის გამო, რომ ”კაცი საელჩოდან” ზოგიერთი კრიტიკოსისთვის სრულიად გაუგებარი დარჩა:

[დიტო ცინცაძის ხმა] ”ვიღაცეებს ძალიან მოეწონა, ვიღაცეებს ძალიან არ მოეწონა, ”შუა” აზრიც იყო (არადა, ჩემი ფილმები ან ძალიან მოსწონთ, ან არა)... მაინც მგონია, რომ კრიტიკოსები არ ლაპარაკობენ იმაზე, რაც მთავარია ამ ფილმში. შეიძლება არ ჩანს... მინდოდა გამეკეთებინა ზღაპარი იმაზე, თუ როგორ გადაიქცევა ჭია პეპლად. ეს ვერ დაინახეს და პედოფილიაზე წერდნენ...
ერთმა რუსმა კრიტიკოსმა, პლახოვმა, მითხრა, რატომ არ არის სადომაზოხიზმიო...”

დიტო ცინცაძე მხოლოდ რუს კრიტიკოსებს არ გულისხმობს. ”კაცი საელჩოდან” გასულ წელს უკვე უჩვენეს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე. პრემიერას ქართველი კრიტიკოსებიც გამოეხმაურნენ. აზრები აქაც გაიყო - ვიღაცას მსახიობის თამაში მოეწონა, მაგრამ გერმანელი დიპლომატისა და დევნილი ბავშვის - უკვე ასაკში შესული ჰერ ჰერბეტისა და პატარა საშკას - დამეგობრების ამბავში სწორხაზოვნებამ გააღიზიანა. საათნახევრიან ფილმში ეს ურთიერთობა საშკასთან, 12 წლის გოგონასთან, რომელიც მაყურებელს თავდაპირველად ბიჭი ჰგონია, საელჩოს ჩინოვნიკს ცხოვრებას გადააფასებინებს, ხასიათს შეუცვლის. დიტოს თქმით, ამ მნიშვნელოვანი ცვლილების გამოსახატავად აუცილებელი იყო მშვიდი, აუღელვებელი თხრობა, რათა მაყურებელს საშუალება ჰქონოდა დაჰკვირვებოდა, როგორ იცვლება ხასიათები. მაგრამ ასეთი ტემპი ყველასთვის როდი გახდა მისაღები:

[დიტო ცინცაძის ხმა] ”მე მიყვარს ნელი, მდორე ფილმები, თუმცა შეიძლება ამის დრო არაა დღეს. ხალხი დღეს სხვანაირ კინოს მიეჩვია. შემდეგი ფილმი ასეთი აღარ იქნება.”

რა იქნება შემდეგი ფილმი? თავის ახალ პროექტზე დიტო ცინცაძე ჯერჯერობით ძალიან ზოგადად საუბრობს - ამბობს, რომ თბილისში არა მარტო თავისი სურათის პრემიერაზე ჩამოვიდა, იგი აკა მორჩილაძის მოთხრობებზე იწყებს მუშაობას - სათავგადასავლო ფილმს იღებს:

[დიტო ცინცაძის ხმა] ”ეს არის თრილერი, ოღონდ რაღაცნაირი.. ეს არის ფილმი, რომელიც უნდა გადავიღოთ ამ ზამთარს. ზაფხულში კი გერმანული პროექტი მაქვს, რომელსაც შტუტგარტში განვახორციელებ.”

თუმცა მანამდე ყველაზე მთავარი მოხდება - დიტო ცინცაძე შეიტყობს, რას ფიქრობს მის ახალ ფილმზე ქართველი მაყურებელი, რომელსაც არ სჭირდება იმის ახსნა, თუ რატომ ცხოვრობენ დევნილები ასეთ მძიმე პირობებში, რატომ ქურდობენ ბავშვები თბილისის ბაზრებში, რატომ არიან ასეთი აგრესიულები... ქართველი მაყურებელი, შესაძლებელია, გერმანელზე უკეთ ჩასწვდეს იმ ეპიზოდის მნიშვნელობას, რომელშიც გერმანიის საელჩოს თანამშრომლები ჰუმანიტარული დახმარებით დევნილ ბავშვებს ესტუმრებიან. მაყურებელი აქ შეიძლება დაფიქრდეს: იქნებ სურათის ავტორებისთვის, მართლაც, სრულიად უმნიშვნელოა სექსუალური სკანდალის ისტორია (მას შემდეგ, რაც გერმანელი დიპლომატისა და დევნილი გოგონას ურთიერთობას ”პერვერსიად” აღიქვამენ, ჰერ ჰერბერტი იძულებული გახდება საქართველო დატოვოს) და იქნებ მთავარი აქ ირონიაა პოლიტიკურ პატერნალიზმსა და ჰუმანიტარულ მისიებზე, რომელსაც ევროპელები (და არამარტო ევროპელები) ასრულებენ საქართველოში? მართლაც, აბა, რატომ ჩნდება ფილმში კადრი გერმანიის საკონსულოს ხედით, რომელშიც უამრავი ქართველისთვის კარგად ნაცნობი ”დაცვის კაცი” რიგში მდგარ დაქანცულ ხალხს წესრიგისკენ მოუწოდებს? შენობის ერთ მხარეს ქართველები ”ვიზებზე დგანან”, მეორე მხარეს კი საელჩოს თანამშრომლები აუზში ლივლივებენ.

დიტო ცინცაძისთვის, რომელიც დიდი ხანია უკვე დასავლეთში მუშაობს, ძალზე მტკივნეულია დასავლეთთან საქართველოს ინტეგრაციის თემა. რეაქციით, რომელიც ქართველ მაყურებელს ჰქონდა დიტოს ფილმზე ”რევერსი”, შეგვეძლო დაგვესკვნა, რომ ჩვენს მაყურებელს არც თვითკრიტიკის უნარი დაუკარგავს და არც თვითირონია... ცოტა ხანში, დიტო ცინცაძის ახალი ფილმის პრემიერის შემდეგ, ცხადი გახდება, რამდენად მიიღებს ქართველი მაყურებელი დიტო ცინცაძის პოზიციას ფილმში ”კაცი საელჩოდან”... პოზიცია კი ასეთია: საქართველოს დასავლეთთან ჯერ კიდევ ბევრი რამ აშორებს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG