Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგრამა


თედო ჯაფარიძე ფილოლოგი და დიპლომატი თედო ჯაფარიძე –

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი – განვლილ კვირაში, ჩვენი თხოვნით, "თავისუფლების დღიურს" წერდა. გთავაზობთ მის ჩანაწერებს.

16 სექტემბერი, კვირა
წვიმს. ჩავრთე კომპიუტერი. უცებ გამახსენდა, რომ არასდროს მიყვარდა დღიურების წერა.
საინტერნეტო “დისკურსი” დათო კაკაბაძესთან, ამ “დღიურთან” დაკავშირებით, ექვს თვეზე მეტია, გრძელდება. ეს მეტაფორული “ფეხის თრევა” მართლაც დასრულდა მუხლზე მენისკის გართულებით. ამ რამდენიმე დღის წინ კი უკვე თბილისში ჩამოსულმა დათომ სახლში შემოგვიარა - ალბათ, იფიქრა, ეს “ცალფეხა” კაცი ახლა სადღა გამექცევაო...
დილით კიდევ ერთხელ გადავხედე ფარიდ ზაქარიას შესანიშნავ ესსეს თავისუფლებასა და “არალიბერალურ” დემოკრატიაზე. ვიდრე ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს არ აქვს გაცნობიერებული თავისუფლების არსი და დემოკრატიის სახელით მოხდება არალიბერალური გადაწყვეტილებების “შეფუთვა”, დიდია იმის საშიშროება, რომ დემოკრატია “დემოკრატურაში” გადაიზარდოს. საქართველოში ბევრი მსჯელობს იმაზე, თუ რა არის გასაკეთებელი, მაგრამ მთავარი კითხვა - როგორ? - სამწუხაროდ, მუდამ უპასუხოდ რჩება.

17 სექტემბერი, ორშაბათი
დილიდან ადრევე მიყვარს ახალი ამბების გაგება. ეს პროფესიული ჩვევაა - მუდმივად მინდა მქონდეს ინფორმაცია მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების დეტალებსა თუ ნიუანსებზე. ოფიციალურ სტრუქტურებს მიღმა დარჩენილ ადამიანს სწორედ ამის დეფიციტი ექმნება. “ეშმაკი” კი სწორედ ამ დეტალებსა და ნიუანსებშია!
დღეს, ნაშუადღევს, ამის გარკვევაში თბილისში მივლინებით მყოფი ჩემი ამერიკელი მეგობარი პოლ ქუინ-ჯაჯიც შემომიერთდება. პოლი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში თანამედროვე საერთაშორისო ჟურნალისტიკის კურსს კითხულობს. ძალიან მოსწონს ქართველი სტუდენტები, მაგრამ, სამწუხაროდ, არ არის აღფრთოვანებული დღევანდელი საქართველოს მასმედიის მდგომარეობით და ხარისხით. პოლის შეფასებას დაეჯერება. გამოცდილი ჟურნალისტი და პუბლიცისტი, ჟურნალ “ტაიმის” მოსკოვის ბიუროს ყოფილი შეფი, რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ-ერთი ცნობილი ექსპერტია.
...მესმის დანჯღრეული “ვოლგის” ქლოშინი. ეს ლარსის ქუჩის მიდამოების სტაჟიანი ტაქსისტი რაზმიკაა (ხშირად მას “რაზმინკას” ვეძახი მოფერებით), რაც იმას ნიშნავს, რომ აუზზე ჩემი წასვლის დროც მოსულა.

18 სექტემბერი, სამშაბათი
დღეს ჩემი დაბადების დღეა. 61 წლის გავხდი. აღარ მიყვარს ეს დღე - დაბერების პროცესის ოფიციალური დასტური. თამრიკომ და ნიკამ დამაყარეს საჩუქრები და გახსნეს თავიანთი სიყვარულის და მოლოცვის გუდა.
ისევ კომპიუტერი... კოლეგების მოლოცვები ნიუ იორკიდან, პრაღიდან, ვენიდან, სტამბულიდან, მოსკოვიდან. არ მწყინს, რომ ჩემი ახლო მეგობრებიდან ზოგს აღარ ახსოვს ეს თარიღი. ყველა თავისი საქმით და პრობლემებით არის დაკავებული. აი, საქმიანი წერილიც: ოქტომბერში ათენში ჩასვლას და შავი ზღვის ქვეყნებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მიღებას მთხოვენ. სასიამოვნო ამბავია!
ისე, შავ ზღვაზე მეტად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და ნატოში და ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივები მაინტერესებს. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში კატასტროფულადაა დაზიანებული ე.წ. “სტრატეგიული ღერძი” (იგულისხმება სტაბილური და კეთილმეზობლური ურთიერთობები მაინც), რომელიც ნებისმიერი ორმხრივი დიალოგის საფუძველია. მხარეებს შორის საერთო ინტერესების (თუნდაც განსხვავებული!) არსებობის პირობებში, დროებითი უთანხმოებები და დისპუტები ადვილად გვარდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოქმნილი ვაკუუმი მხოლოდ მძაფრი რიტორიკით იცვლება. ასეთ დროს, რეალურ პოლიტიკას უაზრო განცხადებები ცვლის და სიტუაციის შემოტრიალების “სტარტეგიული ფასი” მკვეთრად იზრდება. მახსენდება ერთი ჩემი რუმინელი მეგობრის სიტყვები, რომ მკაცრი რიტორიკა ძლიერი სახელმწიფოების ხვედრია და თითქმის ყოველთვის “დიდ ვაჭრობას” მოასწავებს პოლიტიკაში. ამიტომ სიფრთხილე გვმართებს, რადგან ერთი ბრძნული აფრიკული იგავისა არ იყოს, სპილოები – ჩხუბობენ თუ ერთმანეთს ეალერსებიან – ბალახს ერთნაირად თელავენ. ამიტომაა აუცილებელი რუსეთთან “დიდი კომპრომისის” მოძებნა. რა თქმა უნდა, არა ჩვენი სტრატეგიული ინტერესების დათმობის ფასად. ეს ურთულესი საქმეა!
კმარა პოლიტიკაზე სჯა-ბაასი, დღეს ხომ დაბადების დღე მაქვს! ყურში ცხონებული ბებიაჩემის, გაიანეს ხმა ჩამესმის, რომელიც, თუ ამ დღის აღსანიშნავად ძალიან “გავუტევდი” ძმაკაცებთან და “ბარიშნებთან”, კახურად წამომაძახებდა ხოლმე, შენს გაჩენას ნეტავ ერთი ძაღლი გაჩენილიყოო!
ვაჩნაძის ქალი იყო ბებიაჩემი, თანაც 37 წელს გაციმბირებული ნომრიანი პოლიტიკური “ზეკი” და, ამდენად, სათანადო ლექსიკის შერჩევა და “შეფასების” გაკეთება არ ეშლებოდა.

19 სექტემბერი, ოთხშაბათი
მართლაც რომ კარგი რამ არის ეს ვაკის აუზი! ჯერ ერთი ვარჯიშობ და მერე კიდევ, ვის არ შეხვდები?! აქ ყველა უაღრესად “გაშიშვლებულად” დემოკრატიულები ვართ, ყველას განსაკუთრებული სტრატეგიული თუ ტაქტიკური მოსაზრებები გვაქვს. “რა” და “როგორ” უნდა გაკეთდეს, მარადიული ქართული დილემაა. კარგი იქნებოდა ამ გაფანტული ინტელექტუალური პოტენციალის გაერთიანება საქართველოს სასიკეთოდ. როდის უნდა დასრულდეს ჩვენს პატარა ქვეყანაში უაზრო დაყოფა “ზვიადისტებად”, “შევარდნაძისტებად” თუ “მიშისტებად”? ჩვენ ხომ დემოკრატიული სახელმწიფო გვაქვს ასაშენებელი!
კატეგორიულად არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ჯერ “სახელმწიფო” გავაძლიეროთ და მერე ვიზრუნოთ დემოკრატიის ხარისხზე. კარგად მახსოვს წინა ხელისუფლების წარმატებებიც და ჩავარდნებიც. ეს ყველაფერი ხომ ჩვენი თანამედროვე ისტორიის შემადგენელი ნაწილია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია 2003 წლიდან არ დაწყებულა! მახარებს ჩემი ქვეყნის ყოველი წარმატება, გულწრფელად მტკენს გულს შეცდომები და ჩავარდნები. სწორედ ამის თავიდან აცილების გარანტიაა ერში კოლექტიური მეხსიერების არსებობა. ხომ არ შეიძლება მუდმივად “ბორბლის გამოგონებით” ვიყოთ დაკავებული?! მესმის, რომ ძალიან რთულია საზოგადოებაში აზროვნების წესის შეცვლა, მაგრამ საკუთარ ისტორიას განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ. როგორც ერთმა ჭკვიანმა რუსმა ბრძანა, «Когда кончается история, начинается зоология»...

20 სექტემბერი, ხუთშაბათი
ეს დღეც ჩვეულებრივად დავიწყე - ვზივარ კომპიუტერთან და “ვსეირნობ” ვირტუალურ სამყაროში. საინტერესოა ერთი გავლენიანი პარლამენტარის მოსაზრება, რომ ზოგიერთი ოპონენტი შეგნებულად ანგრევს ძლიერი ქართული სახელმწიფოს საფუძველს. მეეჭვება, ამას ვინმე “შეგნებულად” აკეთებდეს.
დემოკრატიულ პოლიფონიასა თუ კაკაფონიაში, უნიკალურია ლიდერის როლი. სწორედ მან უნდა შეძლოს სახელმწიფო სტრუქტურების ამოქმედება, კანონიერების დამკვიდრება, რეფორმების გატარება. უაღრესად მნიშვნელოვანია ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებისადმი ერთგულება, ზოგჯერ პირადი პოლიტიკური ამბიციების და ინტერესების საწინააღმდეგოდაც!
...რაზმიკა ისევ ბუზღუნებს: “სციპლენიე ვაბშე არ იჭერს!” მანქანა ვაი-ვაგლახით მიიწევს ვაკის აუზისკენ.

21 სექტემბერი, პარასკევი
მოვინახულე კიევიდან გზად ჩამოსული ჩემი ლონდონელი მეგობარი. საკმაოდ იმედგაცრუებული ჩანს და ჩვეული ბრიტანული ირონიით ამბობს: “შეუძლებელია, დალაი ლამას მეთოდებით ისეთი დიდი სახელმწიფოს მართვა, როგორიც უკრაინაა.” მას კარგად ესმის უკრაინასა და საქართველოში მიმდინარე რეფორმების ფასი. “ერთი რამ გაითვალისწინეთ, - ამბობს ის - ქვეყანა შეიძლება იყოს ‘რეფორმატორული’, მაგრამ არადემოკრატიული. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები თქვენს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხზე იქნება დამოკიდებული! ასეთია ამ ‘თამაშის’ წესები.”
ვკითხულობ რადიო “თავისუფლების” ვეტერანის, ლიზ ფულერის საინტერესო სტატიას საქართველოს სამხედრო აღმშენებლობასა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე. ვეთანხმები, რომ MAP-ის (ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის) მოპოვების შემთხვევაშიც, გაწევრიანების პროცესი ხანგრძლივი, რთული და შრომატევადი იქნება.

22 სექტემბერი, შაბათი
ბოლო პერიოდის მოვლენებიდან, გასაგები მიზეზების გამო, განსაკუთრებით შემაშფოთა ჩვენი დიპლომატიური კორპუსის მიმართ განხორციელებულმა საკადრო ცვლილებებმა.
თუ დიპლომატის და, განსაკუთრებით, ელჩის საქმიანობა ”ფრონტის წინა ხაზზე ყოფნაა”, მით უფრო აუცილებელია მაღალი რანგის პროფესიონალიზმი და გამოცდილება. ელჩობა ხომ მხოლოდ ყალბი ღიმილით მიღებებზე დგომა ან სერიოზული სახით ”ლოყების ბერვა” არ არის! დიპლომატია, საგარეო პოლიტიკის განხორციელების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, უაღრესად რთული, მრავალმხრივი და შრომატევადი საქმეა. პროფესიონალიზმთან ერთად, ის აუცილებლად გულისხმობს გარკვეულ პიროვნულ თვისებებს, პირველ რიგში ქვეყნის ღრმა ცოდნას, სოლიდურობას, მკაცრ დისციპლინას, ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭს და სათანადო დონის კონტაქტებს. ამის მიღწევას დიდი დრო და დაუღალავი შრომა ჭირდება.
კვალიფიციური დიპლომატის ჩამოყალიბებას ჩვენს პირობებში 7-8 წელი მაინც უნდა. 90-იან წლებში ჩვენს პირველ თაობას საქმიანობის დაწყება ”სუფთა” ფურცლიდან უხდებოდა და ამ გამოცდილების, შეცდომებისა და მიღწევების გათვალისწინება აუცილებელია. ყოველი ქართველი დიპლომატი ხომ იმ ”ინსტიტუციური მეხსიერების” მატარებელია, რომელზეც მე ზემოთ ვსაუბრობდი!
მაგონდება ბატონი ვახუშტი კოტეტიშვილის აზრი (მისი ბრწყინვალე მოგონებებიდან), რომ ”სახელმწიფოს” და ”სამშობლოს” ცნება ერთმანეთში არ აგვერიოს. ყოველი მოქალაქის და, მათ შორის, დიპლომატის ვალი და პატივი საქართველოს სამსახურია!
დილით ვახო ცხადაძემ შემომიარა. ბევრი ვილაპარაკეთ სპორტზე. გაგვახარეს ჩვენმა ძიუდოისტებმა, მოჭიდავეებმა, განსაკუთრებით კი რაგბისტებმა. ბოლო დროს გუნდურ თამაშებში ბედი არ გვწყალობდა. გვიჭირს ქართველებს კოლექტიური ქმედებები, და არა მარტო სპორტში. გუნდში მხოლოდ სიმღერა და ქეიფი გამოგვდის კარგად. ერთიან “პოლიტიკურ” გუნდად შეკვრაც თუ მოვახერხეთ, შედარებით ადვილი იქნება ჩვენი სტრატეგიული მიზნების მიღწევა!
ეს ერთი კვირაა ძალიან ვცდილობ, განსაკუთრებით გულწრფელი ვიყო! “დღიურის” ჩაწერა 14 საათზეა დაგეგმილი. რაზმიკა მატყობინებს, რომ კარბიურატორი “ბოლამს”... ეჰ, ასეთი “სიურპრიზებით” არის აღსავსე ცხოვრება, მაგრამ სწორედ ამაშია მისი ხიბლიც - რაზმიკას მანქანა ნელ-ნელა იშლება, მე კი მუხლში ძალა მემატება...

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG