Accessibility links

logo-print

ანდრეი პიონტკოვსკი: "პუტინმა თუ მოისურვა, რუსეთში პრეზიდენტად ჩოჩორ ვადიკასაც აირჩევენ." ინტერვიუ რუს პოლიტოლოგთან


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ამ კვირის დასაწყისში თბილისში, ორგანიზაცია ”ევროპული ინტეგრაციის ფორუმის” თაოსნობით, გაიმართა კონფერენცია, რომელიც საქართველოსა და მისი მეზობელი სახელმწიფოების ურთიერთობებს მიეძღვნა.

კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე იყო პოლიტოლოგი და პუბლიცისტი ანდრეი პიონტკოვსკი, რომელიც ამ ბოლო ხანს ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ამ ორიოდე წლის წინ, პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, პიონტკოვსკის საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა. რუსეთში მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ექსტრემიზმისკენ მოწოდების ბრალდებით. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თემაზე ანდრეი პიონტკოვსკის თამარ ჩიქოვანი ესაუბრა.

რადიო "თავისუფლება": ბატონო ანდრეი, ბევრს გვახსოვს კითხვა, რომელიც დასავლეთში პუტინის გამოჩენისას გაისმა - ვინ ხართ, ბატონო პუტინ? შეიძლება დღეს ითქვას, ვინ არის პუტინი?

ანდრეი პიონტკოვსკი: ჩეკისტი-ბიზნესმენი - ძალიან მოკლედ და ამომწურავად რომ ითქვას. იცით, ეს კითხვა... დღემდე კითხულობენ - who is - არადა, ყველასთვის ყველაფერი დიდი ხანია ნათელია. ეს კითხვა საკუთარი თავის მოტყუების სურვილია, სერიოზული პრობლემების თავიდან აცილების მცდელობა.

რადიო "თავისუფლება": ვინც რუსეთში არ ცხოვრობს, რთულია გაერკვეს, იქ რა ხდება. ცოტა ხნის წინ რუსულ გაზეთში წავიკითხე, პუტინმა რომ თქვას, პრეზიდენტად ეს ტაბურეტი უნდა აირჩიოთ, ასეც მოხდებაო. ნუთუ სხვა ძალები არ არსებობენ?

ანდრეი პიონტკოვსკი: ტაბურეტსაც, ლაბრადორ კონისაც, ჩოჩორ ვადიკსაც აირჩევენ. ისე, რით განსხვავდება ჩოჩორი ვადიკასგან ზუბკოვი? იცით, კომუნისტებს 70 წელი დასჭირდათ, დეგრადირების გზა რომ გაევლოთ ლენინიდან ჩერნენკომდე. ჩვენ უფრო ყოჩაღები აღმოვჩნდით - უკვე გამოჩნდა ელცინ-პუტინის ეპოქის ჩერნენკო. რა თქმა უნდა, კლანები არსებობს - ვიღაც ივანოვს უჭერდა მხარს, ვიღაც - მედვედევს, პუტინმა კი - როგორც უყვარს თქმა - ყველა სარტირში ჩარეცხა და დანიშნა კაცუნა, ვისთან ერთადაც 92 წელს პეტროგრადის მერიაში მუშაობდა, პლუს, საკმაოდ საეჭვო საქმიანობას ეწეოდნენ - ფერადი ლითონი გაჰქონდათ ფინეთში საკვები პროდუქტის შემოსატანად, თუმცა ეს პროდუქტი არავის უნახავს. პეტროგრადის საბჭო მათ გასამართლებას ითხოვდა, მაგრამ სობჩაკის გამოსარჩლებამ გადაარჩინა. იცით, ყველაზე უცნაური რა არის? სტალინზე რომ ვამბობთ, ყველა გადაწყვეტილებას თვითონ იღებდაო - მე იმ ადამიანების მესმის, მათი განადგურება, წამება შეეძლო. მაგრამ ამათ რისი ეშინიათ? მთელმა ჩვენმა პოლიტიკურმა კლასმა თავად მიაშურა ამ ბოსელს - მათ არავინ დამუქრებია. ბოლოს და ბოლოს, უცხოეთში შეეძლოთ წასვლა ან შეეძლოთ საერთოდ უარი ეთქვათ პოლიტიკაზე - ფიზიკური განადგურება მათ არ ემუქრებოდათ. ფული, უზარმაზარი ფულია ყველაფრის მიზეზი. ბიზნესმენებისთვის კაპიტალის შენარჩუნების ერთადერთი საშუალება ხელისუფლების წილში ჩასმაა. აი, როგორც ამას ყველაზე უჩვეულო ბიზნესმენი დერიპასკა აკეთებს - მან ხომ საჯაროდ განაცხადა, მთელ ჩემს ქონებას ნებისმიერ დროს, პირველი მოთხოვნისთანავე, მშობლიურ პარტიას და მთავრობას გადავცემო. ინტელიგენციას რაც შეეხება, მძიმეა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს ნიჭიერი ადამიანები - თუნდაც ისინი, ვინც ენ-ტე-ვე-ს ხელმძღვანელობენ, დღეს იმ სახელმწიფო არხებს მართავენ, ხალხს რომ ტვინს ულაყებენ. მაგრამ - დიდი ფულის სანაცვლოდ. ანუ ინტელიგენციამ ისევ ვერ გაუძლო გამოცდას და საკუთარ თავს უღალატა. მაგრამ თუ სტალინის დროს ამის გამართლება შეიძლებოდა, - ყველას გმირობას ვერ მოსთხოვ, - ახლა სიამოვნებით ემსახურებიან დიდი ფულის სანაცვლოდ. კრემლი უზარმაზარი თანხების მფლობელია. ამერიკაშიც კი მთელი რიგი ანალიტიკური ცენტრები მოქმედებენ, რომლებიც კრემლის პროპაგანდას ეწევიან. კომუნისტებს ასეთი გავლენის საშუალება არ ჰქონდათ. ალბათ, ასეთი მუშაობა თქვენთანაც წარმოებს.

რადიო "თავისუფლება": მათრახისა და თაფლკვერის პრინციპი რომ პოლიტიკისთვის დამახასიათებელია, ვიცი. კრემლი აქამდე საქართველოს მიმართ მათრახს იყენებს. როგორ ფიქრობთ, რუსეთში არჩევნების შემდეგ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში რაიმე შეიცვლება? გაუგებარია, პატარა საქართველო ასეთ რა პრობლემებს უქმნის დიდ მეზობელს...

ანდრეი პიონტკოვსკი: პატარა საქართველო არაფერ შუაშია. კრემლის ძირითად იდეოლოგიად დასავლეთიდან მოსალოდნელი საფრთხე იქცა. კომუნისტებს რაღაც იდეოლოგია ჰქონდათ - როგორ მღეროდნენ? - ჩვენი მიზანი ჩვეულებრივი ადამიანების ბედნიერებააო. ესენი ამას ვერ იტყვიან. ამიტომ შექმნეს მითი - რუსეთი მტრულ გარემოცვაშია. დასავლეთს ვერ ეყოყლოჩინებიან. ამიტომ რამდენიმე, ასე ვთქვათ, ”გასალახი ბიჭი” შეირჩა. რატომ გამოყოფთ საქართველოს? ესტონეთი, პოლონეთი, საქართველო, გარკვეულწილად, მოლდავეთი.

რადიო "თავისუფლება": ამერიკა-რუსეთის ურთიერთობის მოწესრიგება ამ ”გასალახი ბიჭების” მომავალზე თუ აისახება?

ანდრეი პიონტკოვსკი: გააჩნია, რა საფუძველზე მოგვარდება. თუ მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფის პრინციპის საფუძველზე, ეს ყველაზე ნეგატიური ნიშნით აისახება. ასეთი თანამშრომლობის პატარა მაგალითს მოგიყვანთ, როცა საქართველო უგულებელყოფილი იყო. გახსოვთ, ნოემბერში უშიშროების საბჭოში ორი რეზოლუცია მიიღეს. ერთი კორეას ეხებოდა, მეორე - საქართველოს. იქ დიდი პოლიტიკური ვაჭრობა გაიმართა. შედეგად - რუსეთი დათანხმდა მცირე კომპრომისზე კორეასთან დაკავშირებით. სამაგიეროდ, ამერიკელებმა კოდორის მოვლენების თაობაზე რეზოლუციის ფორმულირება შეარბილეს. ეს ნიშანია რუსეთის მეზობელი სახელმწიფოებისთვის, ვინც განვითარების დემოკრატიული გზა აირჩია, რომ დასავლეთისგან მცირე და დიდი ღალატი მოულოდნელი არ იყოს. არ ვამბობ, რომ აუცილებლად ასე განვითარდება მოვლენების სცენარი, მაგრამ ქართულმა დიპლომატიამ ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს ეს შესაძლებლობა - გაითვალისწინოს დასავლეთში გავლენიანი წრეების არსებობა, ვისაც, იდეოლოგიური კონცეფციების თუ კრემლის დაფინანსების გამო, ამერიკა ამ მიმართულებით მიჰყავს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG