Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთი იმიჯის შელამაზებას ცდილობს ეუთოს თავმჯდომარეობის მოსაპოვებლად


ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი

უკანასკნელი ექვსი წლის მანძილზე აქტიურად იბრძვის იმისთვის, რათა მისმა ქვეყანამ ეუთოს მორიგე თავმჯდომარეობა მოიპოვოს 2009 წელს. გასულ კვირაში ყაზახეთის ლიდერმა თავის პირად წარმომადგენელს, სახელმწიფო მდივან კანატ საუდაბაევს დაავალა ამ საკითხზე ზრუნვა. ნაზარბაევს ორი თვე დარჩა ეუთოს 56 წევრი ქვეყნის დასარწმუნებლად, რომ მის ქვეყანას შესწევს უნარი, უხელმძღვანელოს ორგანიზაციას.

გასულ წელს ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში გადაწყდა, რომ გადაიდოს ყაზახეთის საკითხის განხილვა, სანამ ეს ქვეყანა ადამიანის უფლებების სფეროში მდგომარეობას გაიუმჯობესებდეს.

საბოლოო გადაწვეტილება მიმდინარე წლის 29 ნოემბერს უნდა იქნეს მიღებული მადრიდში, მინისტრთა საბჭოს მორიგ შეხვედრაზე.

კანატ საუდაბაევმა განაცხადა, რომ იგი ძალიან დიდი ოპტიმიზმით უყურებს საქმის გადაწყვეტას მისი ქვეყნის სასარგებლოდ.

ოპტიმიზმისტურად არიან განწყობილი საერთოდ ყაზახეთის ხელისუფლების წარმომადგენლები.

ყაზახეთის ახალი პარლამენტის წევრი კამალ ბურხანოვი ამბობს, რომ ყაზახეთს დიდი შანსი აქვს გახდეს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა.

[ბურხანოვის ხმა] “შანსი, რომ ვუხელმძღვანელოთ ეუთოს, სავსებით რეალური და სოლიდურია. არჩევნები ისე ჩატარდა, როგორც ჩვენ ვგეგმავდით. ხალხი ირჩევს, ის აძლევს უპირატესობას და ეს მისი წიმინდათაწმინდა უფლებაა. ასე რომ, მე ვერ ვხედავ ვერავითარ დაბრკოლებას, რომ ვუხელმძღვანელოთ ეუთოს.”

კანატ საუდაბაევი ყაზახეთის ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენელია, ვინც ამ საკითხთან დაკავშირებით ვენაში, ეუთოს შტაბ-ბინაში ჩადის. ეს მიანიშნებს იმ მნიშვნელობაზე, რასაც ნაზარბაევი ანიჭებს ეუთოს თავმჯდომარეობის მოპოვებას.

აი, როგორ აფასებს ყაზახეთის შანსებს ალექს ვატანკა, უსაფრთოხების სფეროში ანალიტიკური ცენტრის, “ჯეინს ინფორმეიშნ გრუპის” ანალიტიკოსი. იგი ყაზახეთის შანსებზე ეუთო-ს რეგიონული ინტერესების კონტექსტში საუბრობს:

[ვატანკას ხმა] “პრეზიდენტი ნაზარბაევი საუბრობდა ყაზახეთის სურვილზე, არა მხოლოდ იყოს ეუთოს აქტიური წევრი, არამედ იმაზეც, რომ შემდგომში უფრო ჩაერთოს ორგანიზაციის მართავში. და მე ვიტყოდი, რომ მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ეუთოს მანდატი აღმოსავლეთის მიმართულებით ვრცელდება. ეუთო არსებითად მოქმედებს ჩინეთის საზღვართან, რაც მისთვის სრულიად ახალი მანდატია.”

მაგრამ ყაზახეთის ხელისუფლების ენთუზიაზმს და ოპტიმიზმს არ იზიარებენ ეუთოს მთელი რიგი წევრები. მათ შორის არის შეერთებული შტატებიც, რომელსაც მიაჩნია, რომ ყაზახეთი არ არის მზად ეუთოს თავმჯდომარეობისთვის და უფრო მეტი უნდა გააკეთოს დემოკრატიული ფასეულობების დასამკვიდრებლად. როგორც ეუთოში შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ უილიამსმა განუცხადა ჩვენს რადიოს, ვაშინგტონი მომხრეა, ყაზახეთის თავმჯდომარეობის საკითხი გადაიდოს 2011 წლისთვის. ეს ასტანას საშუალებას მისცემდა დარჩენილი ეჭვების გაფანტვისთვის.

რუსეთი და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნები კი მხარს უჭერენ ყაზახეთის თავმჯდომარეობას 2009 წელს.

ყაზახეთის იმიჯს უკანასკნელ ხანებში კიდევ ერთი ჩრდილი მიაყენა მაისში პარლამენტის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. ამ ცვლილებების თანახმად, საპრეზიდენტო უფლებამოსილებების ვადა შვიდიდან ხუთ წლამდენ შემცირდება 2012 წლიდან და სახელმწიფოს მეთაურის რიგი უფლებამოსილებები პრეზიდენტიდან პარლამენტზე გადავა. მაგრამ ეს ცვლილებები ამავე დროს ნაზარბაევს საშუალებას მისცემს, იმდენჯერ იყაროს კენჭი პრეზიდენტობისთვის, რამდენჯერაც მოისურვებს.

აგვისტოში ჩატარებულმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ უფრო გააღრმავა ყაზახეთის მიმართ ეჭვები. პარტია ნურ ოტანმა, რომელსაც თავად ნაზარბაევი თავმჯდომარეობს, 107-ადგილიანი პარლამენტის ყველა მანდატი მოიპოვა.

ამ არჩევნებმა ბევრს მისცა იმის საბაბი, რომ კიდევ უფრო სკეპტიკურად უყუროს ყაზახეთის შანსებს ეუთოს თავმჯდომარეობაზე. მათ შორისაა სოციალ-დემოკრატი ამირზან კოსანოვი, რომლის პარტიაც დამარცხდა ყაზახეთი ბოლო არჩევნებში.

[კოსანოვის ხმა] “განვლილი აგვისტოს არჩევნების შემდეგ, ყაზახეთის შანსები, გახდეს ასეთი გავლენიანი და ავტორიტეტული ორგანიზაციის თავმჯდომარე, - რა თქმა უნდა, შემცირდა.”

საერთაშორისო მეთვალყურეები, მათ შორის ეუთოს მიერ გაგზავნილნი, მთელი რიგი დარღვევების შესახებ იტყობინებოდნენ. მათ შორის არის გამჭვირვალეობის დეფიციტი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში, ნურ ოტანის კანდიდატებისთვის შეღავათების მინიჭება საარჩევნო კომისიის წევრთა და მედიის მხრიდან, და თავად 7-პროცენტიანი ბარიერის არსებობა, რაც აშკარა უპირატესობას ანიჭებდა სახელისუფლებო პარტიას პატარა პარტთიებთან შედარებით.

ყოველივე ეს ყაზახეთის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას განაპირობებს. გთავაზობთ ერთ-ერთი დასავლელი ექსპერტის, ჟან-ფრანსუა ჟულიარდის მოსაზრებას. ჟულიარდი სპეციალური წარმომადგენელია ორგანიზაციისა“ რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”.

[ჟულიარდის ხმა] “ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყაზახეთი არ იმსახურებს ეუთოს თავმჯდომარეობას, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისინი არასაკმარისად სცემენ პატივს საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც ადამიანის უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ეხება. მე ვფიქრობ, რომ ქვეყანა, სადაც პრესის თავისუფლება არ არის გარანტირებული და სადაც, მაგალითად, მედიას თავისუფლად არ შეუძლია არჩევნების გაშუქება, - არ უნდა იყოს ეუთოს მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.“

ჟულიარდის აზრს იზიარებენ ეუთოს წევრი მთელი რიგი ქვეყნებიც. თუკი გავითვალისწინებთ, რომ ეუთოს თავმჯდომარეობის შესახებ გადაწყვეტილებას ყველა მათგანმა უნდა დაუჭიროს მხარი, ყაზახეთის ოპტიმიზმი შეიძლება ნაადრევი იყოს.
XS
SM
MD
LG