Accessibility links

logo-print

თბილისში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო ტურისტულმა კონფერენციამ


საერთაშორისო ტურისტული კონფერენცია "სტრატეგიული კომუნიკაციები ტურიზმის სფეროში" 25 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" გაიხსნა.

მასში 32 ქვეყნის ტურიზმის სფეროსა და 15 ქვეყნის საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონფერენციის მიზანია ტურისტული მედიის გამოცდილების გაზიარება ახალი ტურისტული ადგილების რეკლამირების საქმეში.

”შერატონ მეტეხი პალასში” საერთაშორისო ტურისტული კონფერენციის დაწყებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს. მათი განცხადებით, მსგავსი ღონისძიებების მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან იგი ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენას მსოფლიოში და მის დამკვიდრებას მსოფლიო ტურისტულ რუკაზე.

კონფერენციაში მონაწილეობენ როგორც საერთაშორისო და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, ასევე CNN International-ის ექსპერტები, ტურისტული გამოცემების ჟურნალისტები და მედიის სხვა საშუალებები. მათ შორისაა ბრიტანელი ჟურნალისტი ნიკ იზენი. იგი ამბობს, რომ საქართველოს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს:

[ნიკ იზენის ხმა] ” ლაშქრობებისა და ღვინის ტურიზმის შესახებ სარეკლამო მასალების გავრცელება გაზეთებით გაცილებით უკეთესია, ვიდრე მსხვილი სარეკლამო კამპანიების გაჩაღება, რაც აუცილებლად არ ნიშნავს ბევრი ტურისტის მიზიდვას. ტურიზმის თაობაზე ინფორმაციის გასავრცელებლად ასევე კარგი საშულებაა ვებ-გვერდი და ინტერნეტი. ასე რომ, ეს საშუალებები ცნობილია. სხვაგვარად თუ ვიტყვით, საქართველო ამ საქმეში პატარა ბავშვივით არის, მაგრამ არიან უფროსები, რომლებსაც მრავალი წლის გამოცდილება აქვთ. და თუ საქართველო ისწავლის მათგან და გაიზიარებს მათ გამოცდილებას, ეს მას მომავალში საკუთარი გზის მოძებნაში დაეხმარება.”

დიდ ტურისტულ მომავალს უწინასწარმეტყველებს საქართველოს გაეროს ტურისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფრანჩესკო ფრანჯიალიც:

[ფრანჩესკო ფრანჯიალის ხმა] “ ეს კონფერენცია საქართველოსთვის ორი რამით არის საინტერესო. პირველ ყოვლისა, საქართველოს აქვს საინტერესო პოტენციალი ტურიზმის განსავითარებლად, მაგრამ იგი მდებარეობს მსოფლიოს რთულ რეგიონში - რეგიონში, სადაც არის დაძაბულობა, კონფლიქტები. თქვენ ასევე ძალიან ახლოს ხართ ახლო აღმოსავლეთთან, რომელიც ტერორისტების სამიზნეა. ამის მუხედავად, თქვენ მზად უნდა იყოთ ნებისმიერი ღონისძიებისათვის, რათა რეაგირება მოახდინოთ ნებისმიერ რისკზე. მეორე სარგებელი, ჩემი აზრით, ისაა, რომ საქართველო არ არის კარგად იდენტიფირებული ტურისტულ რუკაზე. ხალხი ანგარიშს არ უწევს გეოგრაფიას, პოტენციური კლიენტები არ იცნობენ თქვენს ქვეყანას. ამიტომ საქართველოში საერთაშორისო მედიის წარმომადგენელთა ჩამოყვანას შეუძლია თქვენს ქვეყანას ტურიზმის იმიჯის შექმნაში შეუწყოს ხელი.”

მისი აზრით, სწორად დაგეგმილი და განხორციელებული კომუნიკაციები, შესაძლოა, საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის დიდი წარმატების მომტანი აღმოჩნდეს.

კონფერენცია ორდღიანია და 26 სექტემბერს დასრულდება, ხოლო 27-30 სექტემბერს დაგეგმილია პრესტურის მოწყობა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისთვის. ჟურნალისტები დაათვალიერებენ უშგულს, შატილს, სიღნაღს, ბათუმსა და სხვა რეგიონებს.
XS
SM
MD
LG