Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ედავებიან მართლწესრიგის სამსახურები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს


შიდა ქართლში პრეზიდენტის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებულის, მიხეილ ქარელის, დაკავების შემდეგ


გენერალურმა პროკურატურამ საზოგადოებას მაღალი რანგის კიდევ ერთი სახელმწიფო მოხელის დაპატიმრების შესახებ აუწყა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ქიტოშვილი ეჭვმიტანილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ცნობის მიხედვით, დიმიტრი ქიტოშვილმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ მუშაობისას ბიზნესმენი ჯემალ სვანიძე აიძულა დაეთმო კომპანია „ჯეოსელის“ 2,6 პროცენტიანი წილი. ხელისუფლება ქიტოშვილის დაკავებას კორუფციასთან ბრძოლით ხსნის, მაშინ როცა ოპოზიცია გამოთქვამს ეჭვს, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები მიზანმიმართულად სდევნიან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის, მეგობრებსა და ყოფილ ბიზნეს-პარტნიორებს. უნდა ითქვას, რომ მართლწესრიგის სამსახურებთან პრობლემები შეექმნა თავად ირაკლი ოქრუაშვილს, რომელსაც ფინანსური პოლიცია გადასახადების დამალვის გამო ედავება.

დიმიტრი ქიტოშვილს გენერალური პროკურატურა 11 თვის წინ, 2006 წლის ნოემბერში, ჩადენილი ქმედების გამო ედავება. გენერალური პროკურორის მოადგილის ნიკა გვარამიას განმარტებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაშინდელმა თავმჯდომარემ ბიზნესმენ ჯემალ სვანიძეს ”ჯეოსელის” აქციები გამოსძალა:

[ნიკა გვამარიას ხმა] „დიმიტრი ქიტოშვილმა ბიზნესმენი აიძულა დაახლოებით 10 მლნ დოლარის ღირებულების აქციები 250 ათას დოლარად დაეთმო შპს „არტის“ დამფუძნებლის გურამ გოგუას სასარგებლოდ, რომელიც ამ ოპერაციაში წარმოადგენდა ფიქტიურ მხარეს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, დიმიტრი ქიტოშვილი ეჭვმიტანილია გამოძალვის ჩადენაში. ამჟამად იგი დაკავებულია და კანონით გათვალისწინებულ ვადაში წაეყენება ბრალი.“(სტილი დაცულია)

დაკავებულმა დიმიტრი ქიტოშვილმა პროკურატურის გამომძიებლებს უკვე მისცა ჩვენება. ოპერატიული მასალის ფრაგმენტები დღის განმავლობაში არაერთხელ გადაიცა ტელეეთერით.

[დიმიტრი ქიტოშვილის ხმა] „მე ვიცოდი, რომ ჯემალ სვანიძე თუ მასთან დაკავშირებული პირები ფლობდნენ გარკვეულ წილს შპს „ჯეოსელში“ და ვიცოდი, რომ ისინი წინააღმდეგი არ იქნებოდნენ წილის გაყიდვისა.“

[გამომძიებლის ხმა] „მყიდველთან და გამყიდველთან ფასზე მოლაპარაკებას ვინ აწარმოებდა? ”

[დიმიტრი ქიტოშვილის ხმა] „თავად გამყიდველი და მყიდველი... არა! მე ვმონაწილეობდი მოლაპარაკებაში. არ მინდა, რომ ტყუილი გამომივიდეს!“

გამოძიებას ასევე მისცა ჩვენება ყოფილმა დეპუტატმა და ბიზნესმენმა ჯემალ სვანიძემ:

[ჯემალ სვანიძის ხმა] „მე დამიკავშირდა დიმა ქიტოშვილი და მითხრა, რომ პარტიის დავალებაა ეგეთი... დაკონკრეტება არ ყოფილა... ვიცოდი დიმას მდგომარეობა, რა პოზიციებზე იყო, და ვერ წარმომედგინა, რომ დამოუკიდებლად მოქმედებდა.“

ის, რომ დიმიტრი ქიტოშვილი დამოუკიდებლად საქმიანობდა, არ სჯერათ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. დეპუტატი ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ საქმე გვაქვს სისტემური კორუფციის მორიგ გამოვლინებასთან:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] „ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში, როგორც ჩანს, მომრავლებული არიან კორუფციაში ჩართული ადამიანები. როცა ოპოზიცია ლაპარაკობს ამაზე, ხელისუფლებისგან პასუხად სარკაზმსა და ქირქილს იღებს, მაგრამ ფაქტები ჯიუტია - ბოლო დროის განმავლობაში იმდენი კორუფციული დაკავება და დაპატიმრება მოხდა.“(სტილი დაცულია)

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ასევე გამოთქვამენ ეჭვს, რომ დიმიტრი ქიტოშვილი ირაკლი ოქრუაშვილთან კავშირის გამო დააპატიმრეს. საქმე ის არის, რომ ქიტოშვილი წლების განმავლობაში საქმიანობდა იურიდიულ ფირმაში „ოქრუაშვილი და პარტნიორები“. დეპუტატ კახა კუკავას ეჭვს ისიც ამძაფრებს, რომ ფინანსურმა პოლიციამ 25 სექტემბერს დალუქა ირაკლი ოქრუაშვილის ასევე ყოფილი ბიზნეს-პარტნიორის, ქიბარ ხალვაშის, კუთვნილი კომპანია „არტის“ ოფისი. სწორედ „არტის“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე გაფორმდა ბიზნესმენ ჯემალ სვანიძის მიერ დათმობილი „ჯეოსელის“ აქციები. კახა კუკავას კომენტარი:

[კახა კუკავას ხმა] „შეჭრა და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური კამპანია. არანაირი შეჭრა და ოფისის დახურვა ოქმების შემოწმებას არ სჭირდება. ეს არის ჩვეულებრივი ადმინისტრაციული დავა და, თუ საგადასახადოს ჰქონდა რაიმე პრეტენზიები, შეეძლო შეეტანა პრეტენზიები და სარჩელი სასამართლოში.“(სტილი დაცულია)

მოგვიანებით გაირკვა, რომ საგადასახადო სამსახურს პრეტენზიები თავად ოქრუაშვილის მიმართაც აქვს. საქმე ის არის, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და პარტიის „ერთიანი საქართველოსათვის“ ლიდერს გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს. ლაპარაკია ფინანსურ მაქინაციაზე, რომელიც, შემოსავლების სამსახურის მტკიცებით, ოქრუაშვილის პარტიამ ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობის შეძენისას განახორციელა:

[ფიანანსთა სამინისტროს წარმომადგენლის ხმა] „გადასახადებისგან თავის არიდების დროს გამოყენებული იქნა ნასყიდობის გაყალბებული ხელშეკრულება, რომელშიც დაფიქსირებული იქნა, რეალური თანხის, 1,8 მლნ დოლარის, ნაცვლად, 250 ათასი ლარი, რამაც მისცა შესაძლებლობა ამჟამინდელ მფლობელებს ბიუჯეტში არ გადაეხადათ დაახლოებით მილიონი ლარი. ამასთან, გამოძიება სწავლობს გადახდილი თანხის წარმომავლობის კანონიერებას.“(სტილი დაცულია)

ბრალდებების პასუხად, თავად ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში ყველა შეკითხვას არგუმენტირებულ პასუხს გასცემს, მანამდე კი თავდაცვის ყოფილი მინისტრი და აწ უკვე ოპოზიციური პარტიის ლიდერი ზოგადი კომენტარით შემოიფარგლება:

[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა] „მიმდინარეობს მოჩვენებითი ბრძოლა კორუფციასთან და პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობა აშკარად შერჩევითი აღმოჩნდა. ეს ვრცელდება მხოლოდ უქონელთა მიმართ, როგორც შევარდნაძის რეჟიმის დროს ხდებოდა, ხოლო აქლემის ქურდები, კაცის მკვლელები ხელისუფლებაში ზიან და მათში დაუსჯელობის სინდრომი დღითი დღე მატულობს.“ (სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG