Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ევროპა და მონოპოლიები” – ”24 საათი” უბრუნდება ევროკავშირის ენერგეტიკული სექტორის


”ევროპა და მონოპოლიები” – ”24 საათი” უბრუნდება ევროკავშირის ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროექტს და ამ ინიციატივის ”გაზპრომთან” მიმართებით განხილვას.

ავტორი წერს: ”სპარტასა და ათენს შორის ომი იმიტომ დაიწყო, რომ სპარტა ათენის მზარდმა ძლიერებამ დააშინა. ძველი საბერძნეთის ერთ-ერთი უდიდესი ავტორის - თუკიდიდეს - ამ ფრაზიდან გამომდინარე, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტებმა ერთგვარი კანონიც გამოიყვანეს: თუკი ძლიერდები, ეს ისეთ ფორმებში გააკეთე, რომ შენი გაძლიერებით სერიოზულად არ დააფრთხო ვინმე ძლიერი, რომელსაც შენთვის ზიანის მოტანა შეუძლია. ის, რაც გასულ კვირას რუსეთმა ევროკავშირისგან მოიმკა, სწორედ ამ კანონის დარღვევის შედეგი იყო”, - წერს ”24 საათის” ავტორი.

ევროპის ენერგოუსაფრთხოების თემის ერთგვარი გაგრძელებაა ”რეზონანსში” გამოქვეყნებული ინტერვიუ პოლონეთის ეკონომიკის მინისტრ პიოტრ ვოზნიაკთან, რომელიც თბილისში 26 სექტემბრისთვის დაგეგმილი ფორუმისა და, კერძოდ, ახალი ნავთობსადენის პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს. საქმე ეხება ოდესა-ბროდი-პლოცკის მილსადენს, რომელიც კასპიის ნავთობს ევროპას მიაწვდის: ”ევროკავშირის ზოგიერთ წევრს სურს, რომ ეს ნავთობი სამხრეთ ევროპისკენ წავიდეს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მაინცდამაინც სამართლიანი არ არის. კასპიის და შავი ზღვის, ასევე სამხრეთის რეგიონში ნავთობის გატარების დიდი შესაძლებლობებია. ამიტომაც ახლა მნიშვნელოვანი ცენტრალური ევროპის და ჩრდილოეთის რეგიონის ალტერნატიული ნავთობსადენია.” პოლონეთის ეკონომიკის მინისტრი ინტერვიუში დასძენს, რომ პროექტის ”ყველა მონაწილე ძალიან მნიშვნელოვანია, ყაზახეთის ჩათვლით. მაგრამ მილსადენი რომ ამუშავდეს, ამისთვის ნავთობის პირველი მომწოდებელი აზერბაიჯანი იქნება.”

რაც შეეხება ქვეყნის საშინაო პოლიტიკის საკითხებს: ”ახალი თაობის” კორესპონდენტთან საუბარში ოპოზიციონერი დეპუტატი ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ რასაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ”გორული მაფია” დაარქვა, ამაზე ”მემარჯვენეები” დიდხანს ლაპარაკობდნენ და კონკრეტული სქემაც დადეს. ”მინდა, პრეზიდენტ სააკაშვილს შევახსენო”, - ამბობს ჩიხრაძე, - ”როდესაც მან მოხსნა სუხიტაშვილი შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსობიდან, იგი დიდხანს არ დარჩენილა უმუშევარი, ის დააწინაურეს და ძალიან სერიოზული თანამდებობები ჩააბარეს: ჯერ სამხედრო პოლიციის უფროსობა, შემდეგ თავდაცვის მინისტრის მოადგილეობა. ასე რომ, ის ფრაგმენტული გაელვება მაფიასთან დაკავშირებით, რომ თურმე დღენიადაგ იბრძოდა და აფრთხილებდა გუბერნატორ ქარელს, არის თითიდან გამოწოვილი.” - დეპუტატი ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ აჭარაში მთელ ქონებას ვარშალომიძის კლანი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები დაეუფლნენ, კახეთში - გენერალური პროკურორის მამა და ძმა, სამცხე-ჯავახეთში კი ვანო მერაბიშვილის ნათესაობა დაეპატრონა ყველა შემოსავლიან სფეროს.

”ის საქართველოშია” - ამ სათაურით ”ალია” აქვეყნებს ინტერვიუს რესპუბლიკელ დეპუტატ ლევან ბერძენიშვილთან, რომელიც იხსენებს: ”სხვათა შორის, მიხეილ ქარელზე რომ ვუთხარი სააკაშვილს, ეგ ცოტა ვერ არის-მეთქი, მიპასუხა, რას ამბობ, ქარელი იდეალისტიაო. ქარელი კი არა, ჰეგელი იყო იდეალისტი, გეშლება-მეთქი. ეს მოხდა 2004 წელს. ახლა ვიღაცეებს უნდათ, ისე გამოიყვანონ, რომ რესპუბლიკური პარტია საფლავში ჩაჰყვება ქარელს, რომელსაც ამდენი წლის მანძილზე უპირისპირდებოდა.” ბერძენიშვილი ირაკლი ოქრუაშვილთან შესაძლო პოლიტიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით შენიშნავს: ”სანამ მას პარტია არ აქვს, ოქრუაშვილთან პარტიული საუბრები არ გვექნება. გამარჯობას კი ნათელაშვილსაც ვეუბნებით, გამყრელიძესა და ყველას დაველაპარაკებით. ვინმემ არ მოგატყუოთ, ოქრუაშვილი არაა ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი. სანამ არჩევნების დღე არ დაინიშნება, კანდიდატის დასახელება არ მიმაჩნია ყველაზე დიდ სიბრძნედ.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG