Accessibility links

ქართული მედიისგან განსხვავებით, რუსეთის პრესა არ გამოხმაურებია საქართველოში რუსეთის ელჩის


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ქართული მედიისგან განსხვავებით, რუსეთის პრესა არ გამოხმაურებია საქართველოში რუსეთის ელჩის ვლადიმირ კოვალენკოს განცხადებას,

რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობაში მორიგი სკანდალის საფუძვლად იქცა. სამაგიეროდ, ყველა რუსული გაზეთი აშუქებს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში ვითარების მორიგ ესკალაციას, რაც მსხვერლით დასრულდა. გაგაცნობთ გაზეთ ”კომერსანტის” პუბლიკაციას, რომელიც ამ ინციდენტის უცნობ დეტალებს შეიცავს.

”კოდორის ხეობაში აფხაზი კი არა, რუსი ოფიცრები დაიღუპნენ,” - წერს დღევანდელი გაზეთი ”კომერსანტი”, რომელიც ამ ოფიცრების გვარებსაც ასახელებს: არტურ დვორკინი და იგორ მუზოვატკინი. გაზეთის ვარაუდით, იმის მიუხედავად, რომ დაღუპულები აფხაზურ არმიაში მსახურობდნენ, ამ ფაქტმა, შესაძლოა, სერიოზულად გაართულოს კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ნაწილების მდგომარეობა. ”მოკლული ოფიცრების გვარები რამდენიმე დღის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო - აფხაზური მხარე მხოლოდ იმას აცხადებდა, რომ ეს ოფიცრები აფხაზ მესაზღვრეებს წვრთნიდნენ და საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდასხმას ემსხვერპლნენ. მხოლოდ გუშინ საღამოს გაირკვა, რომ მოკლულები რუსი ოფიცრები არიან,” - წერს ”კომერსანტი”, რომელთან საუბარშიც კონფლიქტის ზონაში სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენელმა რუსლან ქიშმარიამ დაადასტურა, რომ მოკლული რუსი ოფიცრები კონტრაქტის საფუძველზე მსახურობდნენ აფხაზურ არმიაში.

მისგან განსხვავებით, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული სამშვიდობო კოლექტიური ძალების მეთაურმა სერგეი ჩაბანმა განაცხადა, რომ ამ ოფიცრებს არ იცნობს და არც არასდროს შეხვედრია. ”კომერსანტს” სხვა მონაცემები აქვს - მაგალითად, ერთ-ერთი მოკლული, პოლკოვნიკი იგორ მუზოვატკინი, აფხაზეთში განლაგებულ სამშვიდობო ნაწილებში მსახურობდა ბოლო 7 წლის მანძილზე. ის მაიკოპელია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში გალში განლაგებულ 558-ე მოტომსროლელთა ბატალიონს ხელმძღვანელობდა და წარმოუდგენელია, თათბირებისას ჩაბანს არ შეხვედროდა.

”შესაძლოა, რუსი ოფიცერი აფხაზურ არმიაში გადავიდა, სამშვიდობო ნაწილების ხელმძღვანელი კი ამის დაფარვას ცდილობს, რათა ქართულ მხარეს დამატებითი არგუმენტი არ მისცეს სამშვიდობო ძალების კონფლიქტში დაინტერესებულ მხარედ წარმოსაჩენად,” - ვარაუდობს გაზეთი. ”კომერსანტი” მაიკოპსაც დაუკავშირდა, სადაც გაზეთს აცნობეს, რომ იგორ მუზოვატკინის დაღუპვის ამბავმა იქ შოკი გამოიწვია.

”კომერსანტის” ცნობით, 20 სექტემბერს მომხდარი ფაქტის გამოძიების წინასწარი შედეგი უკვე გამოაქვეყნეს რუსეთის სამშვიდობო ნაწილების წარმომადგენლებმა - დასკვნა ემთხვევა აფხაზური მხარის პოზიციას. აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მყოფმა გაეროს მეთვალყურეებმა კი აუცილებლად მიიჩნიეს სერიოზული გამოძიების ჩატარება. ”კომერსანტის” ცნობით, ამან გააღიზიანა სოხუმის ხელისუფლება, რომელმაც გაეროს მეთვალყურეების ”სიდინჯე” გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას დაუკავშირა. როგორც გაზეთს რუსლან ქიშმარიამ განუცხადა, გაეროს დამკვირვებელთა მიერ დაგეგმილ გამოძიებას დიდი დრო სჭირდება. ამასობაში, სააკაშვილი გაეროს ტრიბუნას გამოიყენებს ქართული მხარისთვის სასურველი რეზოლუციის მისაღებად.
XS
SM
MD
LG