Accessibility links

logo-print

გაეროს გენერალური ასამბლეის სესია და ირანის საკითხი


გაეროს გენერალური ასამბლეის ამჟამინდელ სესიაზე ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ საუბრისას

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მიუთითეს საფრთხეზე, რომელიც რეგიონსა და მთელს მსოფლიოს ემუქრება ირანის მიერ ატომური იარაღის შექმნის შემთხვევაში. თუმცა ირანი კვლავინდებურად ირწმუნება, რომ ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

“ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი დახურულია” - ამ შინაარსის განცხადება თვით ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა გააკეთა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე. მისი გამოსვლთ თუ ვიმსჯელებთ, საქმე ეხება იმ გარემოებას, რომ ბირთვული პროგრამა შეუძლია შეამოწმოს, გააკონტროლოს გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ. ამასთან, კიდევ ერთხელ განაცხადა აჰმადინეჟადმა, ირანის ბირთვული პროგრამა “მშვიდობიანი და გამჭვირვალეა”. მანვე დასავლეთის სახელმწიფოებს უსაყვედურა, რომ ირანს უარს ეუბნებიან ბირთვული ენერგიით სარგებლობის უფლებაზე.

აჰმადინეჟადის თქმითვე, ირანი უგულებელყოფს გაეროს უშიშროების საბჭოს ნებისმიერ რეზოლუციას, რომელიც ირანისაგან ურანის გამდიდრებისთვის ბოლოს მოღებას მოითხოვს. [აჰმადინეჟადის ხმა] “ბოლო ორი წლის მანძილზე, უშიშროების საბჭოში ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის გამო, ზოგი სახელმწიფო ცდილობს დაშინებას სამხედრო იერიშითა და ეკონომიკური სანქციებით დამუქრების მეშვეობით. მაგრამ ღვთის რწმენისა და ეროვნული ერთსულოვნების წყალობით, ირანი განაგრძობს წინსვლას. და ახლა ირანს საშუალება აქვს ისარგებლოს ბირთვული საწვავის ციკლის ტექნოლოგიით მშვიდობიანი მიზნებისთვის”.

ირანის პრეზიდენტის ამ გამოსვლის დაწყებამდე გენერალური ასამბლეის დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა აშშ-ის დელეგაციამ. როგორც ცნობილია, აშშ ირანის ყველაზე მკაცრ კრიტიკოსებს მიეკუთვნება და მას ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს.

მით უფრო მოულოდნელი იყო, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გუშინდელი გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტს არაფერი უთქვამს ირანის ბირთვულ პროგრამაზე, არ უხსენებია არც სხვა ბრალდებები, რომელთაც აშშ-ის მხარე უყენებს ირანს: რომ ის ტერორიზმს უწევს სპონსორობას და ეხმარება მეამბოხეებს ერაყში. ის კი არა, ჯორჯ ბუშს ერაყის ომიც კი არ უხსენებია. მან ამჯობინა, ყურადღება გაემახვილებინა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაზე, რომელიც, პრეზიდენტ ბუშის რწმენით, ისტორიული მონაპოვარია, მიღწეული ადამიანების თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაზე.

გაეროს წევრები, ჯორჯ ბუშის თქმით, შეიძლება ბევრ რამეში არ დაეთანხმონ ერთმანეთს, მაგრამ შეუძლიათ იყვნენ ერთსულოვანნი იმ საკითხში, რომ გაეროს მართებს მოქმედება ადამიანების ტანჯვის წინააღმდეგ, რომელსაც იწვევს შიმშილი და დაავადებები, სიღატაკე და უწიგნურობა, დიქტატურა და ძალადობა. სწორედ ადამიანის უფლებებზე საუბრისას ახსენა ჯორჯ ბუშმა ირანიც: [ჯორჯ ბუშის ხმა] “ყოველ ცივილიზებულ ერს ეკისრება პასუხისმგებლობა, მხარდაჭერა გამოუცხადოს ადამიანებს, რომელთაც დიქტატურაში უწევთ ცხოვრება. ბელორუსიაში, ჩრდილოეთ კორეაში, სირიასა და ირანში სასტიკი რეჟიმები უარს ეუბნებიან ადამიანებს ფუნდამენტურ უფლებებზე, რომლებიც შესულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში”.

დაბოლოს შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში საქართველოც ახსენა: [ჯორჯ ბუშის ხმა] "აშშ მიესალმება სახელმწიფოებს, რომლებმაც ახლახან გადადგეს დიდი ნაბიჯი თავისუფლებისკენ... მათ შორის არის: უკრაინა, საქართველო, ყირგიზეთი, მავრიტანია, ლიბერია, სიერა ლეონე და მაროკო."

დღეს საქართველოზე უფრო დაწვრილებით იქნება საუბარი, როცა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოვა.
XS
SM
MD
LG