Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ 2007 წლის კორუფციის აღქმის ინდექსს აქვეყნებს


საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, კორუფციის აღქმის ინდექსის 2007 წლის შედეგების მიხედვით,

საქართველომ მაქსიმალური 10 ქულიდან 3,4 ქულა დაიმსახურა და გამოკითხული 180 ქვეყნიდან 79–ე ადგილი დაიკავა. მოხსენების თანახმად, საქართველოში კორუფციის დონის კლება შეინიშნება. საქართველოს ინდექსი წელს 6 საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის შედეგების მიხედვით განისაზღვრა. კორუფციის აღქმის ინდექსი კი ქვეყნებს, ზოგადად, იმის მიხედვით აფასებს, რამდენად მწვავედ მიიჩნევენ კორუფციის პრობლემას ქვეყანაში მოღვაწე უცხოელი თუ ადგილობრივი ბიზნესმენები და ანალიტიკოსები.

2007 წელს საქართველოს ინდექსი 2,8-დან 3,4–მდე გაუმჯობესდა და, შესაბამისად, ქვეყანამ გადააბიჯა სამქულიან ზღვარს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო გამოვიდა იმ ქვეყნების სიიდან, სადაც კორუფცია უპირველესი და დაუძლეველი პრობლემაა. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ–ეკონომიკური პროცესების კვალდაკვალ, როდესაც კორუფციასა და თანამდებობრივ გადაცდომაში სამართალდამცავები ლამის ყოველდღიურად ამხელენ ჩინოვნიკებს, ”საერთაშორისო გამჭვირვალობის” დასკვნა, გარკვეულწილად, აქტუალობას კარგავს. თუმცა, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ საპარლამენტო პროგრამის დირექტორი ნინა ხატისკაცი ამბობს:

[ნინა ხატისკაცის ხმა]“ მოვლენები, რომლებიც განვითარდა და კონკრეტულ ბრალდებებს ჰქონდა ადგილი, თუ ეს ბრალდებები დადასტურდება, ამან შეიძლება საკმაოდ სერიოზული გავლენა მოახდინოს მომავალი წლის კორუფციის აღქმის ინდექსზე. მაგრამ აქ ლაპარაკია შემდეგ წელზე,იმიტომ რომ 2007 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი აერთიანებს 2005 და 2006 წლების მონაცემებს, კვლევებს.“(სტილი დაცულია)

საერთოდ კი,”საერთაშორისო გამჭვირვალობის” დასკვნის თანახმად, საქართველოს ინდექსმა მატება ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო.2003 წელს ის მხოლოდ 1,8 მეათედი იყო, წლევანდელი ინდექსით კი,პოსტსაბჭოთა სივრციდან მეოთხე ადგილზე დგას, ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის შემდეგ. 3 ქულით, მას მოსდევს სომხეთი, 2, 8 ქულით - მოლდოვა, 2,7 ქულით კი - უკრაინა. წლევანდელი რეიტინგით, რუსეთს, 2,3 ქულით, 143-ე ადგილი უკავია. პირველ ადგილს კი დანია, ფინეთი და ახალი ზელანდია იყოფენ.

[ქემრინ ქრისტენსენის ხმა]“ კორუფციის აღქმის ინდექსის განსაზღვრის ორი გზა არსებობს - ეს არის ქულა და ეს არის რანგი. ქვეყნის რანგი საინტერესო მხოლოდ კონკრეტული წლისთვის შეიძლება იყოს. წლიდან წლამდე რანგის შედარება არამართებულია, რადგან კვლევაში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა ყოველწლიურად იცვლება. წელს, მაგალითად, კვლევაში 180 ქვეყანა მონაწილეობდა, შარშან კი - 163. რასაც ყურადღება უნდა მიექცეს, ეს ქვეყნის ქულაა და წელს საქართველოს მაჩვენებელი 3,4 ქულამდე გაიზარდა.“(სტილი დაცულია)

ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველოს“ განვითარების მენეჯერი ქემრინ ქრისტენსენი, რომლის განმარტებითაც, რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო ნაკლებად კორუმპირებულია ქვეყანა. კორუფციის აღქმის ინდექსი ეყრდნობა ბიზნესმენებისა და ექსპერტების შეხედულებებს. გამოკითხულ ექსპერტთა შორის არ აღმოჩნდა გია ხუხაშვილი.

[გია ხუხაშვილის ხმა]“თუ ექსპერტებზეა საუბარი, მაშინ ჩემთვისაც უნდა ეკითხათ. დამერწმუნებით, ამ ქვეყანაში ბევრი არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს. ანუ ეს ყველაფერი არის წყალზე თითით ნაწერი. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია. მე არა ვარ ამ ქვეყნის მტერი და ნამდვილად მინდა, რომ ინვესტიციები იქნეს მოზიდული და რეიტინგებში ჰქონდეს მაღალი ადგილი, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოსახლეობა იყოს დასაქმებული და მაძღარი.“(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG