Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


”მოსალოდნელი მოულოდნელობა”, - ”24 საათი” ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე ოპოზიციონერად

დაბრუნების ეფექტზე წერს. ”ოქრუაშვილი საქართველოს პოლიტიკურ ველზე მისთვის ხელსაყრელ გარემოში მოხვდა - მოქმედი დაქსაქსული ოპოზიციური სპექტრი კვლავ სუსტია და ხელისუფლებასთან ოპონირებაში სულ უფრო მეტად ავლენს მიდრეკილებას მარტივი, ”ერთდღიანი” პოპულიზმისკენ. ამ ფონზე კი ხმაურით მოსული ”ძლიერი” და ”ხისტი” ლიდერი, შესაძლოა, ხელისუფლებით უკმაყოფილოებს იმედად მოევლინოს”, - წერს ”24 საათის” მიმომხილველი და განაგრძობს: ”ხელისუფლებისთვის ოქრუაშვილის ხმაურიანი დებიუტი გაკვეთილი იქნება. პირველ რიგში, იმიტომ რომ ნებისმიერი პირის საქმიანობა, რომელიც თანამდებობას, სავარაუდოდ, ბოროტად იყენებს, დროულად უნდა იქნეს გამოძიებული და შესწავლილი, იმის მიუხედავად, ამ მომენტში ეს პიროვნება რამდენად ლოიალურია უმაღლესი ხელისუფლებისადმი. რადგან იმ შემთხვევაში, თუ ეს პიროვნება ხელისუფლებას განუდგება, მისთვის თუნდაც სამართლიანი ბრალდებების წაყენება თავად ხელისუფლებას უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს”, - წერს ”24 საათი”.

”ალიასთან” ინტერვიუში რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ჯერ შეუძლებელია ოქრუაშვილის პარტიასთან ბლოკის შექმნაზე საუბარი, რადგან ეს პარტია, სინამდვილეში, 15 ნოემბერს ფუძნდება. ”როდესაც მის სამოქმედო პროგრამას გავეცნობით, ამაზე მსჯელობას მაშინ დავიწყებთ. ჯერჯერობით ჩვენ ვგულშემატკივრობთ, რომ წარმატებით გაართვას თავის თვენახევრიან ამოცანას, ჩამოაყალიბოს რეგიონული ორგანიზაციები, რადგან ამას დიდი წინააღმდეგობა შეხვდება ხელისუფლების მხრიდან”, - ამბობს ბერძენიშვილი ”ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში და დასძენს, რომ სააკაშვილს სურვილიც რომ ჰქონოდა ოქრუაშვილის ლიკვიდაციის, ამის დრო იყო და გავიდა. დღეს მას მხოლოდ ოქრუაშვილის დაპატიმრებაზე შეუძლია იზრუნოს, თუკი ამის საშუალება აქვს.

”რეზონანსი” აქვეყნებს ირაკლი ოქრუაშვილთან ვრცელ ინტერვიუს, სადაც ჟურნალისტი მას ასეთ შეკითხვას უსვამს: ”ამ განცხადებების მერე რას ელოდებით? ელოდებით, რომ დაგაკავებენ? ზოგი ელოდება იმას, რომ გესვრიან კიდევაც...”, რაზეც ოქრუაშვილი პასუხობს: ”სროლას გამბედაობა უნდა, გამბედაობას - ვაჟკაცობა. მათ რომ ვაჟკაცობა არ გააჩნიათ, კარგად ვიცი. ყველაზე დიდი პრობლემაა ამ ადამიანებისა, რომ არიან მშიშრები”, ამბობს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თუმცა მოგვიანებით დასძენს: ”შეიძლება მესროლონ და სააკაშვილი გამოვიდეს და უნამუსოდ რუსებს დააბრალოს”. ინტერვიუში ოქრუაშვილი ამბობს, რომ ბოლოს სააკაშვილს 22 მარტს შეხვდა პრეზიდენტისავე თხოვნით. ”რამდენადაც ვიცი, არაბი შეიხის საქმეების მართვა შემოგთავაზათ...” - დაზუსტებას ცდილობს ჟურნალისტი. ოქრუაშვილი უპასუხებს: ”ეგ შემოთავაზება იყო მისგან, რაზეც მე დავცინე. უსიამოვნო საუბარი გვქონდა. არანაირ ჩარჩოში არ ჯდებოდა ის, რომ იმ პერიოდში მე მითვალთვალებდნენ, ისმენდნენ ჩემს სატელეფონო საუბრებს. მან მითხრა, ხომ არ ჯობდა, რომ მე ამ საქმით დავკავებულიყავი, რაზეც მე დავცინე.”

”ახალი თაობა” სოხუმის დაცემის თარიღს ეხმაურება და მკითხველს 14 წლის წინანდელ ვითარებას შეახსენებს: ”უცნაური და ამაზრზენი სანახავი იყო მაშინ თბილისის აეროპორტი. აეროპორტიდან მაშინ, ძირითადად, ორი მიმართულებით მიფრინავდნენ თვითმფრინავები. კარგად შემონახულ თვითმფრინავებში დუბაიში მიმავალი ქართველები ისხდნენ, ჯართად ქცეულ საფრენ აპარატებში კი - მეომრები, რომლებიც სამშობლოს წინაშე საკუთარი ვალის მოსახდელად მიდიოდნენ. ხშირად ხდებოდა ისე, რომ ასეთი ტიპის თვითმფრინავებისთვის საწვავი არ იყო. დუბაიში მიმავალთათვის კი ყველაფერი უპრობლემოდ გვარდებოდა”, - წერს ”ახალი თაობა”. დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით ”საქართველოს რესპუბლიკა” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მიმართვასა და რამდენიმე მოგონებას აქვეყნებს.
XS
SM
MD
LG