Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმის დაცემის მეთოთხმეტე წლისთავი


სოხუმის დაცემის მეთოთხმეტე წლისთავი აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოში წელსაც პოლიტიკური

დაძაბულობისა და მხარეთა პოზიციების კიდევ უფრო დაშორიშორების ვითარებაში აღინიშნება. თბილისში, ქუთაისში, ზემო აფხაზეთსა და საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებში სოხუმის დაცემის ტრაგიკული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რწმენით გაიმართა. საქართველოსგან განსხვავებით, 27 სექტემბერი დღესასწაულია სეპარატისტულ აფხაზეთში. თუმცა, ამის მიუხედავად, დღეს გალის ადმინისტრაციულ საზღვართან, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის განკარგულებით, დამატებითი შეიარაღებული ძალები შეიყვანეს. დე ფაქტო საზღვრის გამაგრების აუცილებლობა სოხუმმა ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში 26 სექტემბერს განახლებული სროლითა და თავდაცვის ზომების გაძლიერების აუცილებლობით ახსნა.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის მტკიცებით, 26 სექტემბერს ცხინვალის მიმართულებით ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ისროდნენ. დე ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა, რომ, მსგავსი, ეგრეთ წოდებული, პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით,აფხაზეთის შეიარაღებული ძალები მზად არიან საქართველოს საზღვრის მიმართულებით გადაადგილდნენ. სოხუმისა და ცხინვალის პარტნიორულ ურთიერთობათა კულმინაციად კი ამ დღეებში აფხაზეთში სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საელჩოს გახსნა იქცა. ცხინვალის ელჩად სოხუმში ედუარდ კოკოითის ძმა, რობერტ კოკოითი, დაინიშნა.

[გია გვაზავას ხმა]“ კი, სასაცილოა, დღეს ნამდვილად სასაცილოა ეს, მაგრამ შემდგომ შეიძლება, დრო გავიდეს და, სატირალიც გაგვიხდეს. დღეს ნამდვილად პარადია მათი, ერთმანეთს ვითომ დამოუკიდებლობა გამოუცხადეს საელჩოს გახსნით. მაგრამ ჩვენი ბრალიცაა, იმიტომ რომ ჩვენ მივეცით გარკვეული კარტ–ბლანში იმავე სერგეი შამბას და ვიხსენიებთ კი ეგრეთ წოდებულ მინისტრად. მაგრამ ის ადამიანი დადის ევროპაში, ხვდება ადამიანებს და ქმნის იმ აურას, რომელიც სჭირდება მათ ვითომ დამოუკიდებლობას.“(სტილი დაცულია)

გვითხრა აფხაზეთის დევნილი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ გია გვაზავამ, რომლის შეფასებითაც, თბილისი და სოხუმი 1993 წლის 27 სექტემბრის შემდეგ გასული 14 წლისთავზე გაცილებით შორს იმყოფებიან ერთმანეთისგან, ვიდრე მთელი ამ განვლილი წლების მანძილზე. საქმე მხოლოდ პოლიტიკური დიალოგის დაწყების სირთულეში როდია. გაუცხოება აშკარაა როგორც სამოქალაქო სექტორებს შორის, ისე ხალხში. ამ გაუცხოების დასაძლევად არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ რამდენიმე თვის წინ წამოიწყო კამპანია „ბოდიში“. ამ კამპანიის ფარგლებში 27 სექტემბერს, საქართველოს რამდენიმე ქალაქის შემდეგ, ზუგდიდში დასრულდა აქცია, სახელწოდებით „რას ეტყოდით აფხაზ ხალხს ომის დაწყებიდან 15 წლის შემდეგ.“
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უჩა ნანუაშვილმა განგვიცხადა, კამპანიის შედეგები თვალსაჩინო მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გახდება:

[უჩა ნანუაშვილის ხმა]“ ჩვენმა აქციებმაც ცხადყო, რომ საზოგადოების განწყობა იცვლება. საზოგადოება, შეიძლება ითქვას, გაცილებით ნაკლებად აგრესიულია აფხაზი ხალხის მიმართ, პირველ რიგში. ამ მხრივ, ის ძალზე განსხვავდება ხელისუფლებისგან, რომელიც გაცილებით მილიტარისტული და უკომპრომისო გახდა და მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიებისადმი დაინტერესებას ავლენს. ანუ ხელისუფლება ხედავს მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიებს და არა ხალხს.“

აფხაზეთის ხალხს - როგორც დევნილებს, ისე აფხაზეთის მოსახლეობას - აფხაზეთის დევნილმა ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ 27 სექტემბერს საგანგებოდ მიმართა. მიმართვაში აღნიშნულია, რომ, მიუხედავად კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების დროში გაწელვის და ჩიხური სიტუაციისა, ქვეყანაში მიმდინარე აღმშენებლობის, მართლწესრიგისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების პროცესები საქართველოს გამთლიანების იმედს იძლევა. აფხაზეთის დანარჩენი საქართველოსგან იზოლირება სეპარატისტებმა 1993 წლის სექტემბერში შეძლეს.
გადამწყვეტ ბრძოლას წინ უძღოდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის ზონიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანის შესახებ, რომელიც მხარეთა შორის სოჭში 27 ივლისს დაიდო. შეთანხმება 16 სექტემბრამდე გაგრძელდა. ამ დღეს სეპარატისტებმა სოხუმზე ფართომასშტაბიანი იერიში ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთიდან მიიტანეს. საქართველოს ამ დროისათვის კონფლიქტის ზონიდან მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი, შეთანხმების თანახმად, უკვე გაყვანილი ჰყავდა. ქართულმა ნაწილებმა მასირებულ შეტევას ვერ გაუძლეს. 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.

[ ინგა მებონიას ხმა]“ შუქი არ იყო. ძაღლების, უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ყმუილი მახსოვს სულ. ისეთი შეგრძნება იყო რაღაცნაირი, თითქოს ყველაფერი იყო გაყინული. ხმაური არ ისმის, არც მანქანების მოძრაობა არ ისმის, არაფერი არ ისმის და ღამით განსაკუთრებით. თან ისეთი შიშის შეგრძნებაც არ მქონია. რო გითხრა, რომ მეშინოდა-მეთქი, არა. 27–ში, როდესაც აფხაზები გამარჯვებას ზეიმობდნენ და ცაზე რაღაც მანათობლები რომ გაუშვეს, ნათურები რომ ანათებდა სულ ცას, მაგიც მახსოვს ძაან.“(სტილი დაცულია)

ინგა მებონიამ ხუთი თვის შვილთან ერთად სოხუმი 29 სექტემბერს დატოვა. აფხაზეთის ცას კი გამარჯვების მორიგი ფეიერვერკი წელს უკვე მეთოთხმეტედ 30 სექტემბერს გაანათებს.
XS
SM
MD
LG