Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ელიან ქართველი ექსპერტები და პოლიტიკოსები იმ პროცესისგან, რომელსაც თბილისის ცენტრში ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლა მოჰყვა?


საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დაკავებულია, რამდენიმე დღით ადრე დაპატიმრებული პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ქიტოშვილი კი - გათავისუფლებული.

ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი გირაოს სახით 10 000 ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. გამოძიებასთან ქიტოშვილის თანამშრომლობის შედეგად, ოქრუაშვილის წინააღმდეგ სამხილი დაიდო - სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღება. ცხადი გახდა, რომ დიმიტრი ქიტოშვილის დაკავება და სწორედ ქიტოშვილის დაკავების დღეს ოქრუაშვილის სკანდალური გამოსვლა ერთმანეთთან იყო დაკავშირებული.. ასეა თუ ისე, ყოფილი მინისტრის დაკავებამ ემოციური მუხტი გარეთ გამოიტანა... პარლამენტის შენობის წინ ხალხი კვლავ შეიკრიბა. რა შედეგი შეიძლება მოიტანოს მთელმა ამ პროცესმა, რა მოლოდინია ხელისუფლებაში და მის გარეთ?

მოლოდინი სხვადასხვაგვარია... ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, რომლებმაც ხალხს საპროტესტო გამოსვლებისკენ მოუწოდეს, ამ მოწოდებაზე მიღებული პასუხის შემდეგ, რაც პარლამენტის შენობის წინ მოწყობილი საპროტესტო აქციით გამოიხატა, ხელისუფლების გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნები წამოაყენეს... მაგრამ შეძლებენ ისინი ასეთი მოწოდებებით საზოგადოების საპროტესტო მუხტის უფრო მეტად გააქტიურებას და გამოკვეთილი მიზნების მიღწევას?

შალვა ფიჩხაძე, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა ”საქართველო ნატოში” , სერიოზულ განსხვავებას ხედავს საქართველოში დღეს მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და ”ვარდების რევოლუციის” წინა პერიოდის საქართველოს რეალობას შორის. ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება განსხვავდება მაშინდელი ხელისუფლებისგან იმით, რომ არის გაცილებით მკაცრი, მოტივირებული და გაცილებით დაუნდობელი.. ამას გარდა, ფიჩხაძე აღნიშნავს, რომ 2003 წლის პროცესებში უდიდესი როლი შეასრულა ლიდერთა ჯგუფის არსებობამ, დღეს კი ლიდერი ოქრუაშვილი ციხეშია და ციხიდან ის ვერ შეძლებს პროცესების მართვას. ექსპერტი არ ელის მოვლენების დრამატულ განვითარებას, არც იმას ფიქრობს, რომ დღევანდელი მაგალითი იქნება გარკვეული გაკვეთილი ხელისუფლებისთვის ოპოზიციასა და საზოგადოებასთან დამოკიდებულების შესაცვლელად:

[შალვა ფიჩხაძის ხმა} ”ხალხის გარეთ გამოსვლა ამათ სერიოზულად არ მიაჩნიათ. აქვთ იმედები და, ალბათ, დასაბუთებული, რომ ხალხის აღტკინება გასტანს რაღაც ხანს, ჩაწყნარდება და, ამავე დროს, ისინი შეძლებენ ოქრუაშვილის გატეხას, მოტეხას, რადგან მათ ხელშია და რასაც უნდა იმას იზამენ. ” (სტილი დაცულია)

არც ზოგიერთ სხვა ექსპერტს მიაჩნია სიტუაცია რევოლუციურად. პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელიც ფიქრობს, რომ ემოციები გადაივლის, დღეს განვითარებული პროცესების შედეგად კი შეიძლება მხოლოდ პოლიტიკური ოპოზიციისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება შეიცვალოს. მისი აზრით, ხელისუფლება უფრო ზრდილობიანი უნდა იყოს:

[ალექსანდრე რონდელის ხმა] ”ჩვენ 18 წელიწადია ისტერიკაში ვართ. გასაგებია, რომ პოლიტიკური ბრძოლა ხანდახან სიბინძურეა, მაგრამ დესტაბილიზაცია არავის სჭირდება. ჩვენს ჩრდილოეთში, ალბათ, ბედნიერები არიან იმის გამო, რომ ყოველგვარი შრომის გარეშე იღებენ იმას, რაც უნდათ..”

მაგრამ რას იღებს საქართველო... უფრო სწორად, რა შეიძლება შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში ისინი მოვლენ, რომელთა ფაქტორიც გახდა ერთ-ერთი მიზეზი საპროტესტო მღელვარების გასამძაფრებლად? ასეთ შეკითხვას ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე სვამს:

[დავით გამყრელიძის ხმა] ” რა შეიცვლება, ბატონებო, თუ სააკაშვილის, მერაბიშვილის, ბოკერიას მაფიას ჩაანაცვლებს ახალი გვარები: ოქრუაშვილი, ქარელი, სუხიტაშვილი, ნიკოლეიშვილი.. რა, ეს ადამიანები აღარ მოიპარავენ? აღარ დაიჭერენ? თუ ლიბერალურ დემოკრატიას ააშენებენ? ”

ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენლის, გიგა ბოკერიას, თქმით :

[გიგა ბოკერიას ხმა] ”ყველა გაიგებს, რომ საქართველოში არის კანონის უზენაესობა და ყველა ყოფილი თუ ამჟამინდელი თანამდებობის პირი, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, იქნება დასჯილი, თუკი მოიპარავს ფულს. ”

ასე ხედავს მოვლენათა განვითარებას საქართველოს ხელისუფლება.
XS
SM
MD
LG