Accessibility links

გაერთიანების საფასური


მძაფრსიუჟეტიანი კვირა პოლიტიკური სპექტრისთვის ორი

თვალსაჩინო შედეგით დასრულდა: ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრებით და დანარჩენების გაერთიანების განზრახვით. ოპოზიციის გაერთიანებას პროტესტულად განწყობილი საზოგადოება ჯერ კიდევ შარშან ითხოვდა - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ. ამიტომ დღეს ბევრი ადამიანი კმაყოფილია იმით, რომ, როგორც იქნა, პარტიების ძირითადმა ნაწილმა საერთო ენა მოძებნა. მინდა ოპოზიციის გაერთიანების ავ-კარგზე გესაუბროთ.

საქართველოში ასეა: არჩევნების წინ ხელისუფლება ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე რომელიმე ოპოზიციური პარტია. ამიტომ საზოგადოების პროტესტულ ნაწილს ყოველი არჩევნების წინ უჩნდება მოთხოვნილება, რომ ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდეს და ერთობლივი ძალისხმევით სცადოს ხელისუფლების დამარცხება. ოპოზიცია პირველად ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ გაერთიანდა. შემდეგ ასლან აბაშიძემ შექმნა ბათუმის ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი და თბილისის საკრებულოში უმრავლესობაც მოიპოვა, მაგრამ შევარდნაძის ხელისუფლებას მეტი ვერაფერი დააკლო. მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა შეძლო პარტიების მიზიდვა და ლამის მთელი ელექტორატის ქუჩაში გამოყვანა. საქართველოს უახლესი ისტორია ადასტურებს, რომ ოპოზიციის ბრძოლა მაშინ არის წარმატებული, როცა გამარჯვებისთვის რამდენიმე პარტია ერთიანდება. ამგვარი გამოცდილების ფონზე, ბუნებრივია, რომ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისაგან ჩამოშორება უკვე მომავალი წლის არჩევნებში სურს, ოპოზიციისგან გაერთიანებას ითხოვს.

როგორც ჩანს, უმეტესობას ასე წარმოუდგენია, რომ გაერთიანებული ოპოზიცია უფრო მალე მოიტანს შედეგს, ვიდრე პარტიების გაცალკევებული ბრძოლა ხელისუფლებისთვის. სწორედ ამიტომ ფასდება ოპოზიციის გაერთიანების მოთხოვნა “საზოგადოების დაკვეთად”. იმ აზრსაც ბევრი მომხრე ჰყავს, რომ 28 სექტემბერს ხალხი მიტინგზე იმისთვის მივიდა, კიდევ ერთხელ რომ დაედასტურებინა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების მოთხოვნა.

დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის ნებისმიერი პარტია მართლაც ნაირგვარი რესურსით ჩამორჩება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას: ფულით, ორგანიზებულობით, მობილურობით, კანონმდებლობასა და საარჩევნო კომისიებზე გავლენით. ამიტომ რომელიმე ოპოზიციური პარტიისთვის მიცემული ხმა შეიძლება წინასწარვე დაკარგულად ჩაითვალოს. სულ სხვა ძალა აქვს პოლიტიკურ ფრონტს, როდესაც ხელისუფლების წინააღმდეგ ბევრი პარტია ერთიანდება და თითოეულ მოქალაქეს მარტივ არჩევანს უტოვებს: ხმა მისცეს ან ხელისუფლებას, ან ოპოზიციას. პარტიების გაერთიანება პროტესტულ ელექტორატს არჩევნებზე წასვლისთვის განაწყობს, გამარჯვების რწმენას უნერგავს და ხელისუფლებით უკმაყოფილო ამომრჩევლის ხმებს თავს ერთ დიდ ყულაბაში უყრის.

მაგრამ როგორც კი გამარჯვების ჟამი დგება, მაშინვე ამოქმედდება “ფრონტის პრინციპის” უარყოფითი მხარეები და, საბოლოო ჯამში, ქვეყნის მოსახლეობა ისევ საწყის პოზიციას უბრუნდება. სწორედ ამ წრეზე მოძრაობს საქართველო ბოლო ოცი წლის განმავლობაში. საქმე ისაა, რომ ნებისმიერი ქვეყნის განვითარების საძირკველი სტაბილური პოლიტიკური სისტემაა. სტაბილურ სისტემას კი მხოლოდ ძლიერი პარტიები ქმნიან, რომლებიც ხან ხელისუფლებაში არიან, ხან - ოპოზიციაში, თუმცა, ორივე შემთხვევაში, პოლიტიკის აქტიურ სუბიექტებად რჩებიან. მოქალაქეთა კავშირისგან განსხვავებით, ნამდვილი პარტია დამარცხებისთანავე არ ქრება პოლიტიკური არენიდან. ძლიერ პარტიებს ინდივიდუალური სახე და პროგრამა აქვთ; საკუთარი ამომრჩეველიც ჰყავთ, რომლის წინაშე თითოეულ სიტყვაზე პასუხს აგებენ.

რა არის ”ფრონტის პრინციპით” გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი მიზანი და დაპირება? ცხადია, ხელისუფლების დამარცხება. სხვა რა შეიძლება აკავშირებდეს რესპუბლიკელებს, კონსერვატორებს, ლეიბორისტებს, ოქრუაშვილის, ზურაბიშვილის, დავითაშვილის, გამსახურდიას, ბაღათურიასა და მაისაშვილის პარტიებს? როგორც ჩანს, ამჯერად, სააკაშვილის დამარცხების გარდა, წინააღმდეგობის მოძრაობა საზოგადოებას შესთავაზებს ლოზუნგს: “საქართველო პრეზიდენტის გარეშე”, რაც კონსტიტუციური წყობის შეცვლას და საპარლამენტო რესპუბლიკის ჩამოყალიბებას გულისხმობს. ცუდი არ არის დამარცხებული პრეზიდენტებით გადაღლილი ქვეყნისთვის, მაგრამ კონკრეტულად ვინ არის პასუხისმგებელი დანაპირების შესრულებაზე? თითოეული პარტია? ყველა ერთად? რა მოხდება, ვინმეს პრეზიდენტობა რომ მოუნდეს? კიდევ ერთხელ აირევა ქვეყანა? “ფრონტის პრინციპი” ძალიან მომხიბვლელი ჩანს პროტესტული ელექტორატისთვის, მაგრამ, სინამდვილეში, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს ანგრევს და, შესაბამისად, ქვეყნის განვითარებას აფერხებს. პარტიების გაერთიანება არსებული ხელისუფლების დასამარცხებლად აქვეითებს თითოეული მათგანის პასუხისმგებლობას და ხელს უშლის სტაბილური პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას. ამის გარეშე კი ხელისუფლების სათავეში გამსახურდია გვეყოლება, შევარდნაძე თუ სააკაშვილი, მის შესაცვლელად არჩევნებზე წასვლა არასოდეს იკმარებს და ცხოვრება კარგა ხანს მოგვიწევს მუდმივი ფრონტის ხაზზე, მუდმივი თავგანწირვის რეჟიმში.


XS
SM
MD
LG