Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ და რა ვადებში აპირებს ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას


იმ დროს, როცა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის

დედაქალაქში სამი დღის განმავლობაში, 27-დან 30 სექტემბრის ჩათვლით, აფხაზეთის გათავისუფლების მე-14 წლისთავს აღნიშნავდნენ, საქართველოს პრეზიდენტმა სოხუმიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით დაშორებულ კოდორის ხეობაში, საავტომობილო გზის გახსნისას, პირობა დადო, რომ თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში აღადგენდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს გაერთიანება ძალიან ახლოსაა და რომ ხელი არ აუკანკალდება დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად. საინტერესოა, რის საფუძველზე გააკეთა პეზიდენტმა სააკაშვილმა ეს განცხადება და რას ფიქრობენ აფხაზეთიდან დევნილები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივებზე.

სოხუმელმა სერგო კვარაცხელიამ მშობლიური ქალაქი 14 წლის წინ დატოვა. მრავალჭირგამოვლილი დევნილი ამბობს, რომ უკანასკნელ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილს ხმა უკეთესი მომავლის იმედით მისცა:

[სერგო კვარაცხელიას ხმა] „სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, ყველამ მხარი დავუჭირეთ, რომ დევნილებს დაგვაბრუნებდა, დაგვაპურებდა, მაგრამ მშივრები, ავადმყოფები და მათხოვრები ვართ...“(სტილი დაცულია)

სერგო კვარაცხელიას თქმით, წლების განვავლობაში დევნილთა მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, აფხაზეთის დაბრუნების იმედი კი ნელ-ნელა დაილია. სერგო კვარაცხელიას ამ აზრს სხვა დევნილებიც იზიარებენ:

[მამაკაცის ხმა] „აფხაზეთის დაბრუნება არასოდეს არ იქნება. აფხაზეთი რუსეთთან არის კარგად. რუსეთი მოგცემს რამის უფლებას?“

[მამაკაცის ხმა] „არაფრის იმედი და რწმენა ჩვენ არ გვაქვს, მარტო ღმერთის იმედი არ დაგვკარგვია, თორემ, სხვა მხრივ, ყველაფერზე ხელი გვაქვს ჩაქნეული.“

დევნილებისგან განსხვავებით, აფხაზეთის დაბრუნების იმედი არ დაუკარგავს საქართველოს პრეზიდენტს. მიხეილ სააკაშვილმა 29 სექტემბერს, ზემო აფხაზეთში საავტომობილო გზის გახსნისას, პირობა დადო:



[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „მე გპირდებით ყველას, რომ ჩვენი მთავარი ოცნება, ჩვენი მთავარი დაპირება, მთავარი მამოძრავებლი ძალა - საქართველოს გაერთიანება - ხელის ერთ გაწვდენაზეა და ეს ხელი ჩვენ არ აგვიკანკალდება და ბოლომდე მივიყვანთ დაწყებულ საქმეს. მე გაძლევთ სიტყვას, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს ჩვენ ყველანი ერთად გავაერთიანებთ საქართველოს.“

მიხეილ სააკაშვილის ამ სიტყვებმა და ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გადადგმულმა ნაბიჯებმა აფხაზეთის დაბრუნების იმედი ჩაუსახა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, გია გვაზავას, რომლის თქმითაც, საქართველოს ხელისუფლების წარმატებები აშკარაა:.

[გია გვაზავას ხმა] „ჯარი ჯარს დაემსგავსა. შედარება არ არის წინა წლებთან. ძალიან დიდი მონაპოვარია კოდორის ხეობა, რომელიც შეიძლება პლაცდარმი იყოს ჩვენი დაბრუნებისა და, რაც მთავარია, ჩვენ გავხდით უფრო შემტევი და მობილური.“

გია გვაზავას თქმით, ყოველივე ეს იმის წინაპირობაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეძლებს, თუმცა ამისათვის ოფიციალურმა თბილისმა სისხლის სამართლის საქმეები უნდა აღძრას სეპარატისტთა ლიდერების წინააღმდეგ და ამ გზით ჩამოაშოროს ისინი ხელისუფლებას. მოვლენათა ამგვარ განვითარებას, ანუ უახლოეს მომავალში აფხაზეთის დაბრუნებას, შეუძლებლად მიიჩნევს კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი, რომელსაც ეჭვი შეაქვს მიხეილ სააკაშვილის სიტყვების გულწრფელობაში:

[გოგი ხუციშვილის ხმა] „ოქრუაშვილის დაჭერასა და მასთან დაკავშირებულ ამბებთან დაკავშირებით ძალიან დაიძაბა სიტუაცია. რამდენიმე ათასი ადამიანი გავიდა პარლამენტის წინ, შეინიშნება ოპოზიციის კონსოლიდაცია - ყოველივე ამის საფუძველზე მას უნდოდა რაღაც ოპტიმისტური მესიჯი გაეშვა ხელისუფლების სახელით, რომ, აი, ნახეთ, რამხელა საქმეს ვაკეთებთ, რამხელა ამოცანა გვაქვს წინ. უნდოდა ყურადღება გადაეტანა და პოზიტივით შეეცვალა ის დაძაბულობა და მუხტი, რაც ხალხში დაგროვდა.“

გოგი ხუციშვილის მსგავსად, აფხაზეთიდან დევნილთა ნაწილსაც არ სჯერა, რომ პრეზიდენტი დანაპირების შესრულებას შეძლებს. სოხუმელი სერგო კვარაცხელია და მისი მეგობრები ეჭვობენ, რომ პრეზიდენტი დევნილთა გულის მოგებას ცდილობს:



[სერგო კვარაცხელიას ხმა] „არაფერი გაუკეთებია და აფხაზეთს დაგვიბრუნებს? თავის ტყავს იცავს ახლა მაგი! კიდევ უნდა ამ გაჭირვებული ხალხის გამოყენება - ეს არის! არჩევნები რომ იქნება, მაგას ხმას არავინ არ მისცემს!“

[მამაკაცის ხმა] „სააკაშვილი ჭკვიანი ბიჭია, მაგრამ არ ვიცი რატომ სჭირდება ასეთი რამეები...“

[მამაკაცის ხმა] „რისთვის სჭირდება და მომავალი არჩევნებისთვის.“

არჩევნები კი მართლაც მოახლოვდა. დაახლოებით ერთ წელიწადში, აფხაზეთის დაკარგვიდან მეთხუთმეტე წლისთავზე, საქართველოს მოქალაქეები და, მათ შორის, დევნილები კიდევ ერთხელ აირჩევენ პარლამენტსა და პრეზიდენტს; შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოისმენენ დაპირებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და საქართველოს გამთლიანების შესახებ. გამოცდილ, მრავლისმნახველ დევნილებსაც არ უკვირთ, რომ მიხეილ სააკაშვილი, წინამორბედის მსგავსად, აფხაზეთის დაბრუნებას უახლოეს დროში, პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ აპირებს.



  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG