Accessibility links

logo-print

ორი კორეის სამიტი


ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში დღეს ისტორიული შეხვედრა დაიწყო: ჩრდილოეთ კორეისა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტების სამიტი

- სულ მეორე ასეთი შეხვედრა მას შემდეგ, რაც კორეის ნახევარკუნძული ორ კორეად გაიყო. ეს კი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ მოხდა.

ორ კორეას შორის საზღვარი 80 სანტიმეტრი სიგანის ყვითელი ზოლით არის აღნიშნული. დღეს ამ ზოლს პირველად გადააბიჯა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა რო მუ-იუნმა, მანამდე კი ეს სიტყვები წარმოთქვა: [რო მუ-იუნის ხმა] “მე ვერაფერს ვხედავ, არადა ეს ზოლი იყო კედელი, რომელიც ნახევარი საუკუნის მანძილზე ჰყოფდა ჩვენს ხალხს. ამ დაბრკოლებამ მიაყენა ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ხალხს ამდენი ტკივილი, ამან შეუშალა ხელი ჩვენი ქვეყნის პროგრესს”.

წეღან უკვე ითქვა, რომ დღეს დაწყებული სამიტი რიგით მეორეა ორი კორეის არსებობის ისტორიაში. პირველი შედგა 2000 წელს და იყო საკვანძო მნიშვნელობის მოვლენა, რომელმაც ხელი შეუწყო დაძაბულობის განმუხტვას ნახევარკუნძულზე. რაც შეეხება ამჟამინდელ, სამდღიან სამიტს რო მუ-იუნისა და მისი ჩრდილოკორეელი მასპინძლის, კიმ იონ ილის მონაწილეობით, მას მაინცდამაინც დიდ იმედებს არ უკავშირებენ, თუნდაც იმის გამო, რომ ოფიციალური ინფორმაცია დღის წესრიგის შესახებ არ გავრცელებულა. გარდა ამისა, სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ამ პოსტზე სულ 5 თვე აქვს დარჩენილი და საეჭვოა, ბევრს მიაღწიოს.

სამხრეთკორეელ ლიდერს ნათქვამი აქვს, რომ სამიტზე ყურადღებას გაამახვილებს აუცილებლობაზე, დაიდოს სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც ოფიციალურად მოუღებდა ბოლოს 1950-53 წლების კონფლიქტს კორეის ნახევარკუნძულზე. საქმე ის არის, რომ ომისთვის ბოლოს მომღები დოკუმენტი დღემდე არ გაფორმებულა. ამავე სამიტზე ყურადღება გამახვილდება ორი კორეის შეიარაღების შეკვეცასა და ეკონომიკის სფეროში ურთიერთობაზე.

უნდა ითქვას რომ ეკონომიკის სფეროში ურთიერთობის მასშტაბი ბოლო ხანს სულ უფრო იზრდება: ორ კორეას შორის ვაჭრობა გასული წლის 9-თვიან პერიოდში სარეკორდო მაჩვენებლამდე - ერთ მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

დაბოლოს, რაც შეეხება თემას, რომელთან დაკავშირებითაც ჩრდილოეთ კორეას განსაკუთრებით ხშირად ახსენებენ მასმედიაში - ბირთვულ პროგრამას. მასზე, სამხრეთკორეელი ლიდერის თქმით, ყურადღება არ გამახვილდება, რახან ამ საკითხის განხილვა სხვა, 6-მხრივი მოლაპარაკების ფორმატში მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG