Accessibility links

logo-print

კოსოვოს ოლქის დამოუკიდებლობის საკითხი და მსოფლიო


სერბიის ნაწილის, კოსოვოს ოლქის, დამოუკიდებლობისა და










მისი სამომავლო სტატუსის თემა დიდი დავის მიზეზია მსოფლიოში. ამ პროცესს თვალყურს ადევნებენ ყველგან, განსაკუთრებით კი იქ, სადაც სეპარატიზმი უკვე არსებობს ან მისი წარმოქმნის ნიშნებია. საქართველოში კოსოვოს თემა აინტერესებთ იმის გამო, რომ ევროპაში ამგვარი შემთხვევა -ქვეყნის სურვილის მიუხედავად, მისი ნაწილისთვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დამოუკიდებლობის მინიჭება - იქნებოდა პრეცედენტი, რომელიც არა მხოლოდ სეპარატისტულ ჯგუფებს წააქეზებდა აფხაზეთსა და ცხინვალში, არამედ მათ მხარდამჭერ გარეშე ძალებსაც მისცემდა საბაბს, მომავალში საქართველოს მიმართ პოლიტიკაში ეს მაგალითი მოეხმარათ, ანუ კავკასიის სეპარატისტებისთვის მხარის დაჭერა თავისი მიზნებისთვის გამოეყენებინათ. კოსოვოს ოლქის თაობაზე არსებობს გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარგზავნილის მარტი აჰტისაარის მიერ შეთავაზებული გეგმა კონტროლის ქვეშ დამოუკიდებლობის მინიჭებისა. არის თუ არა ეს პრეცედენტი, გამოჩნდება მაშინ, როცა ის განხორციელდება.
ამ ეტაპზე მას მომხრეები ჰყავს, მაგრამ საკმაოდ ძლიერია მის მოწინააღმდეგეთა არგუმენტი.


სექტემბრის ბოლოს გაეროს გენერალური ასამბლეის დროს ერთმანეთს მოელაპარაკნენ ეგრეთ წოდებული საკონტაქტო ჯგუფის წარმომადგენლები - აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და რუსეთის დიპლომატები. მათი თემა კოსოვო იყო. უშუალოდ ამ შეხვედრის შემდეგ ისაუბრეს ერთმანეთთან კოსოვოელმა ალბანელებმა და სერბიის წარმომადგენლებმა.. არც ერთ ამ შეხვედრას არ მოუტანია რაიმე შედეგი. საერთაშორისო ჯგუფში მხოლოდ გაყოფილია მოსაზრებები, კოსოვოელი ალბანელები და სერბები კი, პრინციპულად სხვადასხვა პოზიციაზე არიან.
მოლაპარაკებას ორ მხარეს შორის თვალყურს ადევნებს ეგრეთ წოდებული “ტროიკა”, რომელშიც შედიან აშშ, ევროკავშირი და რუსეთი. ამჟამად ”ტროიკის” წარმომადგენელმა, ბრიტანეთში გერმანიის ელჩმა ვოლფგანგ იშინგერმა, სხვათა შორის, ჟურნალისტებს შემდეგი უთხრა შეხვედრის შესახებ:

(იშინგერის ხმა)
“ატმოსფერო კონსტრუქციული იყო. ბელგრადმა გაგვაცნო თავის მიერ შემუშავებული პოზიცია კოსოვოს არსებითი ავტონომიის თაობაზე. პრიშტინამ წარმოადგინა თავისი თვალსაზრისი ორი დამოუკიდებელი ქვეყნის შესახებ, რომლებიც ითანამშრომლებენ იმ ხელშეკრულების თანახმად, რომელიც უმცირესობათა უფლებების სრულ დაცვას უზრუნველყოფს, რასაც აჰტისაარის გეგმაც ითვალისწინებს.”

ამავე შეხვედრისას გადაწყდა, რომ მხარეები 14 ოქტომბერს გააგრძელებენ მოლაპარაკებას.

19 სექტემბერს, ზემოხსენებული მოლაპარაკების წინ, კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა აგიმ ჩეკუმ, რომელიც სერბებთან შეხვედრისას უჯდა მაგიდას, დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით თქვა, ბოლოს და ბოლოს, მას ჩვენ გამოვაცხადებთო. ბელგრადის პოზიცია უფრო ფართო სპექტრის სვლებს შეიცავს. სერბიის პრემიერ-მინისტრი ვოისლავ კოშტუნიცა ამბობს, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა სერბიაში დემოკრატიას ავნებს და ექსტრემისტებს გააძლიერებს. მისივე აზრით, ოლქის სუვერენიტეტი მთელი ბალკანეთის დესტაბილიზაციას ნიშნავს. ეს თვალსაზრისი გაიმეორა ბოსნიის სერბთა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა მილორად დოდიკმაც. კოშტუნიცამ იმაზეც ილაპარაკა ორი კვირის წინ, თუკი კოსოვოს დამოუკიდებლობა მიანიჭეს, აშშ-ისა და ატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერით, სერბიას აღარ ექნება სურვილი საქმე იქონიოს ნატოსთანო. ზოგიერთმა პოლიტიკოსმა გერმანიაში და სხვაგან, ასევე პოლიტოლოგთა წრეებში, კოშტუნიცას ეს გამონათქვამი პოლიტიკურ უმწიფრობად შეაფასა და ნატოს პროგრამიდან “პარტნიორობა მშვიდობისათვის” სერბიის გამოდევნაზე ალაპარაკდნენ, სანამ კოშტუნიცაა პრემიერი. კოსოვოელები მხოლოდ დამოუკიდებლობას მოელიან. მათ მიაჩნიათ, რომ კოსოვოს სუვერენიტეტი იუგოსლავიის დაშლის ბოლო ეტაპია და, ამასთანავე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგდროინდელი მსოფლიო დეკოლონიზაციის ბოლო ნაწილი. “ტროიკის” ერთ-ერთი წევრი, რუსეთი, ფიქრობს, რომ ამ ორმა, სხვადასხვა პოზიციაზე მდგარმა მხარემ უნდა მოილაპარაკოს და რომ სანამ ისინი არ შეთანხმდებიან, არავითარი ძალა არ ექნება სხვა გადაწყვეტილებას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის პოზიცია ასეთია:

(ლავროვის ხმა)
“მხარეებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ ისე, როგორც ეს მათ ხელს აძლევს. სხვა გზა არ არსებობს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ბოლო დროს სერბიის მხარემ გამოთქვა რიგი კონკრეტული წინადადებებისა, რომლებიც შორსაა გამიზნული და, კეთილი ნების არსებობის პირობებში, შეიძლება გახდეს იმ კომპრომისის ნაწილი, რომლის მიღწევა ყველას გვსურს.”

აშშ თვლის, რომ კოსოვო უნდა გახდეს დამოუკიდებელი. სახელმწიფო მდივანმა 24 სექტემბერს თქვა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა ბალკანეთის სტაბილიზების ერთადერთი პირობაა. მისივე აზრით, თუკი ევროპელებს სურთ სტაბილური ბალკანეთი, მათ მტკიცე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. სხვა დასავლელი პოლიტოლოგებიც ფიქრობენ, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა წაადგებოდა სერბიის დემოკრატიას, რადგან მთავრობას აღარ დასჭირდებოდა ნაციონალისტური რიტორიკა და მიხედავდა რეალურ პრობლემებს, როგორიცაა: სიღარიბე, უმუშევრობა, კორუფცია, დემოკრატიის დეფიციტი. აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელმა კოსოვოს საკითხში, ფრენკ უიზნერმა, ნიუ-იორკის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მხარეებს გავახსენეთ, რომ საქმე წინ უნდა წავიდესო:


(უიზნერის ხმა)
“მხარეებს შევახსენეთ, რომ საქმე წინ უნდა წავიდეს, რადგან სტატუს კვო, ახლანდელი ვითარება, არ არის მდგრადი. ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვენის 30 აგვისტოს დოკუმენტის სულისკვეთება, რომ თავს შეიკავებენ ყოველგვარი ისეთი ქმედებისა და საუბრისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა უშიშროების ვითარებას.”

კოსოვოში განგაში დასცეს ვოლფგანგ იშინგერის მიერ 18 სექტემბერს ბრიტანეთის “ინდიპენდენტის” გზით განცხადებული პოზიციის გამო. ბრიტანეთში გერმანიის ელჩს, რომელიც “ტროიკის” მოლაპარაკებებს წარმართავს, მიაჩნია, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხი ღიად უნდა დარჩეს. მე ვილაპარაკებდი სტატუსზე, რომელსაც მტკიცე ზედამხედველობა უნდა გაეწიოსო, - თქვა გერმანელმა დიპლომატმა და შეკითხვა დასვა: საიდან მიიღებენ კოსოვოელები შემოსავალს? პასუხი იშინგერს თვითონვე აღმოაჩნდა: ისინი კვლავაც უცხოეთიდან დახმარებაზე იქნებიან დამოკიდებულიო.

XS
SM
MD
LG