Accessibility links

logo-print

ოპოზიცია აშშ-ში კონსულტაციების შედეგებს აჯამებს


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს ჟურნალისტებს აშშ-ში ვიზიტის შედეგები გააცნეს.

რესპუბლიკური პარტიის, პარტია ”საქართველოს გზისა” და ”თავისუფლების” ლიდერებმა ვაშინგტონში ახლახან გამართული შეხვედრების დეტალებზე ისაუბრეს. დავით უსუფაშვილის, სალომე ზურაბიშვილისა და კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, მათ ამერიკის კონგრესისა და თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ქართული ოპოზიციის პროდასავლურობასა და კონსტრუქციულობაში დაარწმუნეს.



სალომე ზურაბიშვილი, დავით უსუფაშვილი და კონსტანტინე გამსახურდია მედიასთან შესახვედრად პოლიტიკური მოძრაობა ”თავისუფლების” ოფისში, რუსთაველის გამზირზე, შეიკრიბნენ. სამივე ოპოზიციური ლიდერი, საერთო ჯამში, კმაყოფილებას გამოთქვამდა ვაშინგტონში გამართული შეხვედრების გამო. ”საქართველოს გზის” თავმჯდომარის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამერიკელი პოლიტიკოსები და ხელისუფლების წარმომადგენლები დარწმუნდნენ, რომ ქართული ოპოზიციური სპექტრი დასავლური, დემოკრატიული ფასეულობების ერთგულია:

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] “დაინახეს, რომ სინამდვილეში არსებობს რეალური ოპოზიცია - რეალური და, შესაძლოა, უფრო დემოკრატიული, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლებაა, რეალურად პროდასავლური, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლება, რეალურად კონსტრუქციული და რომელსაც თან შეუძლია ერთმანეთთან არა მარტო ლაპარაკი, არამედ ერთობლივი პოზიციების შეჯერება.”(სტილი დაცულია)

პოლიტიკური მოძრაობა ”თავისუფლების” ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია კმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ვაშინგტონელი მასპინძლები არა მხოლოდ დასავლური ფასეულობებისადმი, არამედ საქართველოსადმი ერთგულებაშიც დაარწმუნეს:

[კონსტანტინე გამსახურდიას ხმა] ”მათ აღნიშნეს, რომ მათ წინაშე იყო პროდასავლური ოპოზიცია, დასავლური ღირებულებების მქონე ოპოზიცია, ამავე დროს, ორიენტირებული საქართველოზე. პირველ რიგში, საქართველო - ეს არის ჩვენი დევიზი.”

რესპუბლიკელთა ლიდერის დავით უსუფაშვილის შეფასებით, აშშ-ში შეხვედრების მთავარი მიზანი იყო, ხელისუფლების მიერ ოპოზიციის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში შექმნილი შეხედულების შეცვლა და საქართველოში არსებული მდგომარეობის რეალური სურათის აღდგენა. უსუფაშვილის თქმით, ვაშინგტონში დარწმუნდნენ, რომ საქართველოში ოპოზიცია ანგარიშგასაწევი ძალაა. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დღევანდელ ბრიფინგზე პრორუსულ ორიენტაციასთან დაკავშირებით ხელისუფლების ბრალდებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამგვარი ბრალდებების წაყენება ხელისუფლებისა და მისი იდეოლოგების კრიზისზე მეტყველებს:

[დავით უსუფაშვილის ხმა] ”ბოლო, ეგრეთ წოდებული, არგუმენტებია ეგრეთ წოდებული პრორუსული ორიენტაციის დაბრალება. როდესაც, მაგალითად, ჩვენ, რესპუბლიკური პარტია, ძალიან მწვავედ ვაკრიტიკებდით ხელისუფლების პოზიციას ცხინვალის მიმართულებით, მაშინაც გვესმოდა ასეთი ბრალდებები, რომ, აი, თქვენი მოსაზრებები და ბაბურინის მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა და, ესე იგი, თქვენ ხართ რუსებთან შეკრულები. დღეს, როდესაც ხელისუფლებას სჭირდება ეს, ის მოვლენები უკვე ჩათვლილია შეცდომად, რომელიც ერთ კონკრეტულ პირს უნდა დაბრალდეს.” (სტილი დაცულია)

რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, პრორუსულ ორიენტაციაზე განცხადებებს თუ არ ჩავთვლით, ისინი არანაირად არ გამოხმაურებიან ოპოზიციის სამი ლიდერის აშშ-ში ვიზიტს.



XS
SM
MD
LG