Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


”ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც კანონის უზენაესობა არის უმთავრესი”, - აცხადებს ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი დავით კირკიტაძე

”ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში და დასძენს: ”ვინც კანონს დაარღვევს, გარწმუნებთ, რომ ყველას მისწვდება ეს ხელისუფლება; ვისაც არ მისწვდება, ყველას მიწა დაეწვება ფეხქვეშ, როგორც მაშინ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეებს დაეწვათ მიწა ფეხქვეშ.” - კირკიტაძე 1991-92 წლების მოვლენებს ინტერვიუში რამდენჯერმე ახსენებს, როცა დღევანდელ ოპოზიციაზე საუბრობს. გენერალური მდივანი ამბობს, რომ მისთვის, როგორც ”დათო კირკიტაძისთვის”, დღეს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ოქრუაშვილი დაკავებულია თუ სად არის, ისევე როგორც დიმიტრი ქიტოშვილი. ”გარწმუნებთ, რომ უახლოეს მომავალში ძალიან ბევრ კითხვას პასუხი გაეცემა და არავის არ ვუსურვებ, საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ ავანტიურაში მონაწილეობა მიიღოს.”

”24 საათის” ფურცლებზე პოლიტოლოგი დავით დარჩიაშვილი გამოხატავს მოსაზრებას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე წერილში, სათაურით ”იმედები ქართული საზოგადოების გაევროპელებაზე ისევ გადაჭარბებულია?”. დარჩიაშვილი ასკვნის: ”ნებისმიერ პატიოსან მოქალაქეს ისევე უნდა აწუხებდეს გირგვლიანის, რობაქიძის თუ გელაშვილის საქმე, როგორც ის, თუ რა ღირებულებების მატარებელია ოქრუაშვილი, დაეჯერება მას ყველაფერი თუ არა. ამასთან, თუ ევროპელობა გვინდა, რაც უცებ და ერთბაშად ნამდვილად არ მიიღწევა (ღმერთმა დამიფაროს იმისგანაც, რომ ევროპელობაში ეროვნულობის დავიწყებას ვგულისხმობდე - ევროპელობა ცივილიზაციაა, ეროვნულობა - კულტურა, თუმცა პოლიტიკა ორივესგან განუყოფელია), ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ფონზე გასვლისას (რაც სულაც არაა დაუსრულებელი პროცესი) ცხენებს არ ცვლიან, მით უმეტეს, თუ ახალ ბედაურებში ლეგალიზმის და პოპულიზმის საშიში ნაზავია”, - წერს დავით დარჩიაშვილი ”24 საათში” და დასძენს: ”გარანტია იმისა, რომ ჩვენი შვილები კონფლიქტების დარეგულირების და კანონის უზენაესობის პირობებში იცხოვრებენ, არა გუშინდელი დღის პოლიტიკოსებისა თუ ამა თუ იმ მხარის პიროვნების გაკერპებაშია, არამედ ევროატლანტიკური უსაფრთხოების ქოლგის მიღებაში.”

”რეზონანსის” კორესპონდენტი პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილს ესაუბრა. ის ამბობს, რომ ბრალდებები, რაც ოქრუაშვილის წინააღმდეგ დღეს არის, საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილი იყო. ”თუ დამნაშავე იყო, ის ჯერ კიდევ მინისტრობის დროს უნდა დაეპატიმრებინათ”, - ამბობს კლიმიაშვილი და განაგრძობს: ”მის კორუმპირებულობაზე ლეგენდები დადიოდა, მაგრამ დღეს ყველამ იცის, რომ იმისთვის დააპატიმრეს, რომ აღიარებითი ჩვენებები მისცა ქართველ ხალხს. დროა მისი აღიარებითი ჩვენება პროკურორმაც მოისმინოს, მაგრამ აუცილებლად საჯაროდ. ეს ისეთი საკითხია, რომ არ შეიძლება დაფარულად ამის განხილვა.”

და კიდევ ერთი ინტერვიუს შესახებ, რომელიც ”ახალ თაობაში” ქვეყნდება და რომელშიც ოპოზიციის გეგმებზეა საუბარი. ”ეროვნული ფორუმის” წევრი ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ სერიოზულ ოპოზიციურ ძალებს ეჭვი არ ეპარებათ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლის პრიორიტეტულობაში. ”ეს უკვე შემდგარი კონსენსუსია”, - ამბობს მელაშვილი და დასძენს: ”რამდენადაც ვიცი, სხვა პოლიტიკური პარტიებიც ამ პოზიციაზე დგანან. ამიტომ ეს ერთ-ერთი საფუძველი იქნება, თუმცაღა არასაკმარისი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კიდევ რამდენიმე საკითხზე შევთანხმდებით.. ამ შეთანხმების შედეგად, საზოგადოება დაინახავს, თუ რა არის ამ ხელისუფლების ალტერნატივა.” - მელაშვილი გამოთქვამს იმედს, რომ ოპოზიცია სამუშაო გეგმას მიმდინარე კვირაში მოამზადებს და ერთიანობის საფუძველიც გამოიკვეთება.
XS
SM
MD
LG