Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი დღეს რუსეთის დუმამ მიიღო განცხადება ”საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული პოლიტიკისა და საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ”.

ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ რუსეთის ინტერნეტგამოცემები, რომლებიც ბოლო დღეებში ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. რა პროგნოზს აკეთებს რუსეთის მედია? -

”რუსეთის დუმა მხარს საქართველოს ოპოზიციას უჭერს”, - იუწყება ინტერნეტგამოცემა ”სტრანა”, რომლის თხოვნითაც, დუმის მიერ დღეს მიღებული განცხადების კომენტარი გააკეთა დუმის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვიქტორ ილიუხინმა. რუსი დეპუტატის განცხადებით, ”ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, პირდაპირ ეხება რუსეთის სამხრეთ საზღვრების უსაფრთხოებას. საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად ეპატიჟება თავის ტერიტორიაზე ამერიკის შეიარაღებულ ძალებს და ცდილობს ნატოს გავლენის სფეროში მოექცეს. ეს კი რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.” ვიქტორ ილიუხინის განცხადებით, თუ საქართველოს ხელისუფლება ყურად არ იღებს რუსეთის გაფრთხილებებს, დღის წესრიგში დადგება საქართველოს მიმართ სანქციების გატარების აუცილებლობა, - წერს ”სტრანა” და განაგრძობს: ”დეპუტატის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება. ამ ორი რესპუბლიკის მოსახლეობის 80 პროცენტი რუსეთის მოქალაქეა, ანუ ისინი რუსეთის დაცვის ქვეშ იმყოფებიან. რუსეთს აქვს იურიდიული და მორალური უფლება, დაიცვას მათი ინტერესები.” მისივე განცხადებით, თუ დასავლეთი აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას, თავის მხრივ, რუსეთიც აღიარებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს. ვიქტორ ილიუხინის აზრით, რუსეთის ხელისუფლებამ უნდა განაცხადოს, რომ ჩვენ მზად ვართ რუსეთის შემადგენლობაში მივიღოთ სახმრეთ ოსეთი და აფხაზეთი ან მათთან ერთად საკავშირო სახელმწიფო შევქმნათ.

საინტერესოა რუსეთის მედიის დამოკიდებულება საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ. 28 სექტემბერს ინტერნეტგამოცემა ”პოლიტკომი” წერდა, რომ განხეთქილებამ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში რუსეთში რაიმე ილუზიები არ უნდა შექმნას, რადგან სააკაშვილს და ოქრუაშვილს საქართველოს გეოპოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით თანხმობა აქვთ მიღწეული. დღეს ოქრუაშვილის პოლიტიკური მომავალი დაკავშირებული არ არის მხოლოდ საქართველოზე. ფაქტია, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნებისმიერი გართულება მას დამატებით ქულებს მოუტანს. მეორე მხრივ, ექს-მინისტრი თავისი ანტირუსული განცხადებებით არის ცნობილი. თუმცა ოქრუაშვილისთვის დასავლელი პოლიტიკოსის წოდებაც არ იქნებოდა მართებული. ამ შემთხვევაში, ”პოლიტკომის” დასკვნით, უმართავი ირაკლი ერთნაირად მიუღებელია როგორც რუსეთისთვის, ისე დასავლეთისთვის.

XS
SM
MD
LG