Accessibility links

გაერთიანებული ოპოზიცია რეგიონებში გასვლასა და საერთო სახალხო მოძრაობის შექმნას აპირებს


ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები დედაენის ძეგლთან შეიკრიბნენ

და საზოგადოებას მოქმედების გეგმა გააცნეს. „საქართველო პრეზიდენტის გარეშე“ - ასეთია დევიზი, რომლითაც ოპოზიცია საერთო სახალხო მოძრაობის შექმნასა და რეგიონებში მცხოვრები ადამიანების მიმხრობას ცდილობს. პარალელურად, ”მოძრაობამ ერთიანი საქართველოსათვის“, ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. რა გეგმები აქვს ოპოზიციას და რას ფიქრობს საზოგადოება თავდაცვის ყოფილი მინისტრის შესახებ?

ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებიდან არასრული ერთი კვირის თავზე, „მოძრაობამ ერთიანი საქართველოსათვის“, საკუთარი ლიდერის გათავისუფლების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. გასაკვირი არაა, რომ ნანა ლეჟავამ და მოძრაობის სხვა აქტივისტებმა თბილისის ყველაზე ხალხმრავალ ადგილებს - მეტროპოლიტენის სადგურებს - მიაშურეს.

[ნანა ლეჟავას ხმა] „ეს არის აქცია, რომლის მოთხოვნა არის პოლიტპატიმრის, ირაკლი ოქრუაშვილის, უპირობო გათავისუფლება. ჩვენ მოვამზადეთ მიმართვა, სადაც ვამბობთ, რომ ადამიანი, რომელმაც თქვა სიმართლე, ადამიანი, რომელმაც გატეხა შიში, რომელიც ქართველ ხალხში არსებობდა და ადამიანი, რომელმაც ყველას დაანახვა პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის ნამდვილი სახე, - ეს ადამიანი პასუხად ციხეში ჩასვეს.“(სტილი დაცულია)

ნანა ლეჟავა ამბობს, რომ მეტროსადგურ ”თავისუფლებასთან” სახელდახელოდ გამართულ პუნქტთან არ წყდება მხარდამჭერთა ნაკადი. ლეჟავას თქმითვე, მოქალაქეთა დიდი ნაწილი ყოყმანის გარეშე უცხადებს თანადგომას თავდაცვის ყოფილ მინისტრს. მხარდამჭერთა შორის იყო რობერტ თაღიაშვილიც - შუხნის თბილისელი მამაკაცი:

[რობერტ თაღიაშვილის ხმა] „მოვითხოვ, ირაკლი ოქრუაშვილმა თქვას თავისი სათქმელი და გამოუშვან ციხიდან. სათქმელი ხომ უნდა ათქმევინონ! დასაჭერია? კი, ბატონო, დავიჭიროთ, მაგრამ მანამდე ვათქმევინოთ სათქმელი. მოვუსმინოთ როგორც მოწმეს, როგორც ბიუჯეტის განმკარგველს...“

თავდაცვის ყოფილი მინისტრის მხარდამჭერებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ირაკლი ოქრუაშვილს ხელისუფლება პოლიტიკური მოსაზრების გამო სდევნის, თუმცა საინტერესოა, რას ფიქრობენ ის თბილისელები, რომელთაც ქალაქის სხვა ნაწილში გამოველაპარაკე.

[ქალბატონის ხმა] „მე ოქრუაშვილს მხარს არ დავუჭერ, მაგრამ არც ამ მთავრობის მჯერა. ოქრუაშვილს იმიტომ არ დავუჭერ მხარს, რომ, თუ იცოდა რაც ხდებოდა, ამდენი ხანი რატომ იყო ჩუმად?“

[მამაკაცის ხმა] „ოქრუაშვილი არის მართალი კაცი და ყველას გვჯერა მისი სიტყვა! ოქრუაშვილი ოპოზიციის დღევანდელი გაერთიანებისათვის იყო მხოლოდ საბაბი. დაგროვებულ უსამართლობებისა და მკვლელობების ფონზე ოქრუაშვილის ფაქტორმა ბიძგი მისცა გაერთიანების პროცესის დაწყებას, ხალხი კი აუცილებლად თავისას გააკეთებს.“

ხალხის იმედი აქვს ოპოზიციასაც, რომელიც 2 ოქტომბერს დედაენის ძეგლთან შეიკრიბა და საზოგადოებას საერთო სახალხო მოძრაობის შექმნის შესახებ აუწყა. გაერთიანების სახელით განცხადება ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელმა, დეპუტატმა კოკა გუნცაძემ გააკეთა:

[კოკა გუნცაძის ხმა] „ვერთიანდებით და ვიწყებთ საერთო სახალხო მოძრაობას, დევიზით „ საქართველო პრეზიდენტის გარეშე“. ეს არის სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობა - „ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ“. შაბათს იქნება პირველი გასვლა, გავემართებით გურჯაანში და იქიდან დავიწყებთ საერთო სახალხო მოძრაობას. ყველა შევიკრიბებით აქ 2 ნოემბერს.“

თუმცა შეკრებამდე გაერთიანებული ოპოზიციის სიმტკიცის გამოცდას მმართველი პარტია ცდილობს. გიგა ბოკერია დასავლეთზე ორიენტირებულ პარტიებს პრორუსული ძალებისგან გამიჯვნას ურჩევს:

[გიგა ბოკერიას ხმა] „ვისაც აქვს პრეტენზია, რომ სურს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, რუსეთის აგრესიის შეჩერება, უნდა მკაფიოდ გაემიჯნოს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ყველამ ვიცით, რომ ასეთები არ არიან. ვგულისხმობ შალვა ნათელაშვილსა და ეგრეთ წოდებულ ეროვნულ ფორუმს.“(სტილი დაცულია)

გიგა ბოკერიას პასუხად, ოპოზიციის წარმომადგენელი გია თორთლაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ოპონენტებისთვის სახელის გატეხას იარლიყის მიკერებით ცდილობს, სინამდვილეში კი რუსეთის ინტერესების გამტარებელი საქართველოს ხელისუფლებაა:

[გია თორთლაძის ხმა] „კა-გე-ბე-ს ჯარში მაგათი პრეზიდენტი მსახურობდა; კა-გე-ბე-ს გენერალი ბიძა მაგათ პრეზიდენტს ჰყავს; გე-რე-უ-ს და ფე-ეს-ბე-ს მაღალჩინოსანი აქ უზით სახელმწიფო მინისტრად; მთელ ეკონომიკას რუსეთზე ჰყიდიან; რუსეთთან დადებულ არც ერთ ხელშეკრულებას დენონსაციას არ უკეთებენ და ამის საფუძველზეა აქ რუსეთის „სამშვიდობო ჯარი“; ეს-ენ-გე-დან ეგენი არ გამოდიან და ვისზე მიანიშნებენ. ეგენი არიან თვითონ მიბმული რუსეთზე.“

გია თორთლაძე ამბობს, რომ ოპოზიცია არ გაითვალისწინებს ხელისუფლების შენიშვნებს და კვლავაც დასახული გეგმით იმოქმედებს. კერძოდ, მისი თქმით, 2 ნოემბრისათვის პარლამენტის წინ დანიშნულ მიტინგამდე, საერთო სახალხო მოძრაობა მოივლის მთელ საქართველოს, შევა ყველა ქალაქსა და სოფელში და ხალხს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლისკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG