Accessibility links

logo-print

როგორ დარჩება პრეზიდენტი პუტინი პოლიტიკური გავლენის არენაზე


ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა დაადასტურა ის, რაზეც ანალიტიკოსები უკვე რამდენიმე თვეა საუბრობენ.

უკვე ყველასათვის ნათელია, რომ კრემლის ლიდერს პოლიტიკური არენის დატოვებაზე არც უფიქრია და რომ ის ძალაუფლების შენარჩუნებას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც აპირებს. როგორ აფასებენ ანალიტიკოსები პრეზიდენტ პუტინის გეგმებს?

ორშაბათს, პროკრემლისტური პარტია "ერთიანი რუსეთის" კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა პუტინმა პოლიტიკური სურვილები და მიზნები გაამჟღავნა. მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე რუსეთის პრეზიდენტს ამომრჩეველი პარტია "ერთიანი რუსეთის" სიის სათავეში იხილავს, ხოლო ოდნავ მოგვიანებით ამჟამინდელი პრეზიდენტი შეიძლება პრემიერ-მინისტრად იქცეს:

(პუტინის ხმა) "მთავრობის თავმჯდომარეობა სავსებით რეალისტური წინადადებაა, თუმცა ამაზე ფიქრი ჯერ ნაადრევია, რადგანაც ამისთვის საჭიროა, სულ მცირე, ორი პირობა: პირველი - "ერთიანმა რუსეთმა" უნდა გაიმარჯვოს რუსეთის დუმის არჩევნებში მიმდინარე წლის 2 დეკემბერს და მეორე – ქვეყნის პრეზიდენტი უნდა გახდეს ქმედობაუნარიანი, ეფექტიანი, თანამედროვე ადამიანი."

რუსეთის მომავალი პრეზიდენტის ამ პორტრეტს, რომელიც ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დახატა, ერთი შტრიხი აკლია, კერძოდ, ის, რომ რუსეთის მომავალი პრეზიდენტი აუცილებლად მისაღები და მოსაწონი უნდა იყოს ამჟამინდელისთვის. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ კრემლის ხელთ არსებული ფინანსური, ადმინისტრაციული და მედიარესურსები, რომლებზეც ხელი ასევე მიუწვდება პარტია "ერთიან რუსეთსაც", ვლადიმირ პუტინის გეგმების განხორციელების ერთგვარ გარანტად შეგვიძლია განვიხილოთ.

პოლიტოლოგი სტანისლავ ბელკოვსკი ფიქრობს, რომ პუტინს სხვა გზა აღარ აქვს:

(ბელკოვსკის ხმა) "როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს აღარ ხიბლავს იდეა, გახდეს მსოფლიო მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი... როგორც ჩანს, მან მაინც გადაწყვიტა – დარჩეს მესამე ვადით... და მერე - მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ვადითაც... რადგანაც მან ვერ დაინახა ძალაუფლების ტრანზიტის სხვა მშვიდობიანი სცენარი, რომლის განხორციელებაც შესაძლებელი იქნებოდა მისი ასვლის შემდეგ... პუტინმა ვერ დაინახა მემკვიდრის მიმართ ელიტის გაერთიანების შესაძლებლობა. და ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა."

ანალიტიკოსების პროგნოზით, ვლადიმირ პუტინი რუსულ პოლიტიკაში დომინანტის როლის შენარჩუნებას ახლა უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში შეეცდება, ხოლო პრეზიდენტობას ლოიალურ და სუსტ მემკვიდრეს გადაულოცავს. არ არის გამორიცხული, რომ ეს სწორედ რუსეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, პუტინის მიერ მოულოდნელად გამოძებნილი, მანამდე თითქმის უცნობი ვიქტორ ზუბკოვი იყოს. ბელკოვსკი ფიქრობს, რომ თუკი ეს ასე მოხდება, პრემიერ-მინისტრ პუტინისთვის ფსიქოლოგიურად მეტად ხელსაყრელი და მომგებიანი იქნება პრეზიდენტ ზუბკოვთან თანამშრომლობა.

პუტინი ეცდება პარტია "ერთიანი რუსეთი", ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 70%-ის მოპოვებით, რუსეთის დუმაში დიდი უმრავლესობით მოხვდეს. ამის შემდეგ დუმა მთავრობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცებას იოლად შეძლებს და პრემიერ-მინისტრს მეტი ძალაუფლებით აღჭურავს - ასეთია ანალიტიკოსების მოლოდინი. ოლგა კრიშტანოვსკაია, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სოციოლოგიის ინსტიტუტის ლიდერთა სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი, ფიქრობს, როცა პუტინი გამარჯვებული პარტიის ლიდერი (და პრემიერ-მინისტრი) გახდება, ძალოვან მინისტრებს სწორედ მთავრობის თავმჯდომარეს დაუქვემდებარებენ. ასეთ შემთხვევაში საჭირო გახდება პრეზიდენტისთვის მთავარსარდლის სტატუსის ჩამორთმევა, რაც ასევე საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს.

კრიშტანოვსკაიას აზრით, პუტინისთვის შეიქმნება ერთგვარი სუპერ-პრემიერ-მინისტრის საგანგებო როლი, რომლის შედარებაც შესაძლებელია გერმანიის კანცლერის პოსტთან. თუმცა ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, დააპირებს თუ არა ვლადიმირ პუტინი 20012 წლის შემდეგ კვლავაც იქცეს ქვეყნის პირველ პირად:

(ოლგა კრიშტანოვსკაიას ხმა) "უცნობია, სურს თუ არა პუტინს დაბრუნდეს პრეზიდენტის პოსტზე... თუ სურს, მაშინ მან უნდა დატოვოს ძლიერი პრეზიდენტის კონსტიტუცია. ხოლო თუკი მას ხელისუფლების სათავეში სხვა გზით დარჩენა სურს, მაშინ მას ეს კონსტიტუცია ხელს შეუშლის."

ეს საკითხი თანდათან გაირკვევა. თუმცა უკვე აქტუალური გახდა შეკითხვა, სად განთავსდება მომავალი პრემიერ-მინისტრის სამუშაო კაბინეტი, თუკი ამ პოსტზე ვლადიმირ პუტინს იხილავენ. დაიბადა აზრი, რომ მთავრობის მომავალმა თავმჯდომარემ კრემლში იმუშაოს და ამით კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი იმას, თუ ვინ არის ქვეყანაში წამყვანი ძალა.
XS
SM
MD
LG