Accessibility links

logo-print

უკრაინის საპარლამენტო არჩევნების შედეგი ცნობილია, პოლიტიკური კოალიციის კონფიგურაცია კი –არა


ოთხშაბათს შუდღისთვის უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 30 სექტემბრის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.

გაიმარჯვა რეგიონთა პარტიამ, რომელსაც მხოლოდ 4 პროცენტით ჩამორჩება “ბიუტი” – იულია ტიმოშენკოს ბლოკი, რომლის შემადგენლობასაც ცალ-ცალკე, კოალიციის გარეშე, გაუჭირდება მთავრობის ფორმირება. მაგრამ მომავალი კოალიციის კონფიგურაცია კიდევ უფრო გაურკვეველი გახდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტს ვიქტორ იუშჩენკოს დღევანდელ მიმართვაში კონკრეტულად არაფერი უთქვამს იულია ტიმოშენკოსთან დემოკრატიული კოალიციის შექმნაზე, რაზეც ორ ლიდერს წინასწარი მოლაპარაკება ჰქონდა ჯერ კიდევ არჩევნებამდე.

30 სექტემბრის არჩევნების შემდეგ უკრაინა, შესაძლოა, შევიდეს პოლიტიკური მოლაპარაკებების რთულ ფაზაში, რომლის დროსაც ნებისმიერი სიურპრიზია მოსალოდნელი. 3 ოქტომბერს უკვე ცნობილი გახდა, რომ დემოკრატიული ოპოზიციის გაერთიანება ერთ კოალიციაში არც ისე უმტკივნეულო იქნება, როგორც ეს “ბიუტის” ლიდერ იულია ტიმოშენკოს წარმოედგინა. ჯერ კიდევ 28 სექტემბერს, რადიო “თავისუფლების” ქართული სამსახურისათვის მიცემულ ინტერვიუში, ტიმოშენკო დარწმუნებული იყო, რომ დემოკრატიული ოპოზიცია “ბიუტი” და პროსაპრეზიდენტო “ჩვენი უკრაინა - სახალხო თავდაცვა” გაერთიანებას კვლავ მოახერხებდნენ:

[იულია ტომოშენკოს ხმა] “უეჭველია. დღეს ჩვენ ხელმოწერილი გვაქვს ყველა შეთანხმება და დემოკრატიული ძალები და “ნარინჯისფერი ძალა” ერთად იქნება. გუშინ ჩვენ პრეზიდენტთან შევათანხმეთ აბსოლუტურად ყველა ელემენტი ჩვენი თანამშრომლობისა და მე ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება.”

ეს იყო 28 სექტემბერს. არჩევნების დღეს, გვიან ღამით, როდესაც ეგზიტპოლების შედეგად ცნობილი გახდა, რომ “ბიუტი” და პროსაპრეზიდენტო “ნუნსი”, ერთად, მმართველი კოალიციისათვის საჭირო 226 მანდატს აგროვებენ, იულია ტიმოშენკომ და იური ლუცენკომ კოალიციური შეთანხმება ოფიციალურად გამოაცხადეს. მაგრამ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, როგორც ჩანს, არ ჩქარობს კოალიციის საბოლოო კონფიგურაციის გამოცხადებას. 3 ოქტომბერს მან ყველა ძალას ფართო კოალიციის გაფორმებისაკენ მოუწოდა:

[ვიქტორ იუშჩენკოს ხმა] “მე დღეს მოვუწოდე რეგიონთა პარტიას, იულია ტიმოშენკოს ბლოკს, ”ჩვენი უკრაინა - სახალხო თავდაცვას”, რომ უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ სხვა ძალებთან ერთად დაიწყონ პარლამენტში პოლიტიკური კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის შემადგენლობის ფორმირებისათვის.”

იმ ფაქტმა, რომ პერზიდენტმა არაფერი თქვა დემოკრატიულ კოალიციაზე, ძალიან გაანაწყენა ბლოკ “ბიუტის” ლიდერი იულია ტიმოშენკო. ლედი “იუმ”, როგორ ტიმოშენკოს უწოდებენ, ოთხშაბათს განაცხადა, რომ იგი ოპოზიციაში გადავა, თუკი პროსაპრეზიდენტო ბლოკი და რეგიონთა პარტია კოალიციას გააფორმებენ. მაგრამ თუკი დემოკრატიული კოალიციის შესახებ წინასწარი შეთანმხება ძალაში დარჩება, მაშინ “ბიუტი” და “ნუნსი” 229 ხმას აგროვებენ და, შესაბამისად, მთავრობის დაკომპლექტების უფლებაც მათ დარჩებათ.
XS
SM
MD
LG