Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული ოპოზიცია ინტელიგენციის მიმხრობას ცდილობს


ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები ამჯერად ჭადრაკის სასახლეში შეიკრიბნენ


და ინტელიგენციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მსახიობები, რეჟისორები, მხატვრები, უმაღლესი სასწავლებლების ყოფილი და მოქმედი პროფესორები რამდენიმე საათის განმავლობაში ოპოზიციის სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაციას პირველი წყაროდან იღებდნენ. დევიზმა „საქართველო პრეზიდენტის გარეშე“ შეკრებილი საზოგადოების მოწონება და ტაში დაიმსახურა, თუმცა შეხვედრის მსვლელობისას გაირკვა, რომ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ინტელიგენციას შენიშვნები ოპოზიციის მიმართაც აქვს. მინდა გიამბოთ იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს გაერთიანებული ოპოზიცია ინტელიგენციის წარმომადგენელთა მიმხრობას.

საქართველოს უახლოესი ისტორია გვიჩვენებს, რომ ჭადრაკის სასახლეში მხოლოდ მოჭადრაკეები არ იკრიბებიან. ამჯერად სპორტის ყველაზე ინტელექტუალური სახეობის მესვეურებმა დარბაზი ოპოზიციისა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს დაუთმეს. შეხვედრის გახსნის წინ, ბევრისათვის მოულოდნელად, ოპოზიციური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოგა ხაინდრავამ, ფლომასტერი და სუფთა ფურცელი მოითხოვა:

[გოგა ხაინდრავას ხმა] „ჩვენ ახლა დავწერთ „არ მეშინია“ და ყველანი მოვაწერთ ამას ხელს ჩვენი კრიმინალური ხელისუფლების დასანახად და გასაგონად და ეს გზავნილი მიუვა პრეზიდენტ სააკაშვილს.“

პრეზიდენტ სააკაშვილის გასაგონად ასევე ითქვა, რომ ოპოზიცია არ აპირებს რევოლუციის მოწყობას და რომ ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გზით შეცვლის. ლევან გაჩეჩილაძემ კი მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელიც საკუთარ ძალაუფლებას ძალის არალეგიტიმურ გამოყენებაზე აფუძნებს, საქართველოს მტერი უწოდა:

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] „ჩვენ გვაერთიანებს საქართველოს სიყვარული და საქართველოს დღეს ჰყავს მტრები. ამ მტრების წინააღმდეგ ვართ ჩვენ გაერთიანებული. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლებას დავანახვოთ ერთი რამ: ჩვენ არ გვეშინია! ჩვენ ვართ ერთად! დამიჯერეთ, ყველაფერი თავისით მოვა... ჩვენ ოცი საუკუნე და მეტი ვცხოვრობთ. ჩვენ გვაქვს ტრადიციები, სინდისი და ნამუსი!“

ლევან გაჩეჩილაძის ამ სიტყვას ხმის გამაძლიერებლების საშუალებით ისმენდა დარბაზსა და ვერის პარკში შეკრებილი რამდენიმე ათასი ადამიანი. მათ შორის იყვნენ მსახიობი მიშა გომიაშვილი და პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე.

[მიხეილ გომიაშვილის ხმა] „აღარ შეიძლება ასე! ნუ, სადამდე შეიძლება იყოს რეპრესიები და უბედურება. 37 წელი ხომ არ არის? სტალინი, ამათთან შედარებით, პატარა ბავშვი იყო. ვერ ხედავთ, რა ხდება?“

[მამუკა არეშიძის ხმა] „რასაკვირველია, ეს ერთგვარი კრიზისია. სამწუხაროდ, თავის დროზე ხელისუფლებამ ამ ადამიანების დიდ უმრავლესობას ხელი ჰკრა. მოგეხსენებათ, გარკვეული ტერმინითაც შეამკო. ”ჩარეცხილებს” ვგულისხმობ. და ეს ყველაფერი საზოგადოების გახლეჩის ერთგვარი წინაპირობაა და რაც არ არის სასიამოვნო, მაგრამ, ეტყობა, ქვეყნის ცხოვრების რეალობა ასეთია და სხვა გამოსავალი არ არის.“(სტილი დაცულია)

თუმცა ქვეყანაში შექმნილ რეალობასა და ჭადრაკის სასახლეში შეკრებილ ინტელიგენციის წარმომადგენელთა შესაძლებლობებზე განსხვავებული წარმოდგენა აქვს პუბლიცისტ ნოდარ ლადარიას:

[ნოდარ ლადარიას ხმა] „იმათ, ვინც იქ შეიკრიბა, მათ არა მარტო გამარჯვებულთა გადარწმუნების, არამედ დამარცხებულთა ნუგეშისცემის უნარიც კი არა აქვთ, იმიტომ რომ არ ფლობენ შესაბამის სიტყვიერ რესურსებსაც კი. მათი მოტივაცია არის დამარცხება და ამის შესახებ დიდი ხანია უკვე ცნობილია. როდესაც მსგავსი სოციალური ჯგუფი მიკედლებული იქნება რომელიმე რეჟიმთან თუ რომელიმე მმართველ კლასთან, მარცხდება და მისი პირადი სამყარო ინგრევა. ისინი ყოველთვის ლაპარაკობენ, რომ ინგრევა საერთოდ ყველაფერი.“(სტილი დაცულია)

და მართლაც - ინგრევა თუ არა ყველაფერი? არის თუ არა საქართველო განსაცდელში? ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ოპოზიციის ლიდერებმა აზრის გამოთქმა აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძეს სთხოვეს, რამაც ოპოზიციური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერის, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, სალომე ზურაბიშვილის უკმაყოფილება გამოიწვია:

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] „არა! მე მგონი, სხვამ უნდა დაიწყოს! არ შეიძლება, რომ ყოველთვის, მუდამ, ყველა რეჟიმის დროს, ერთი და იგივე ხალხი გამოდიოდეს.“

ამისდა მიუხედავად, მარიკა ლორთქიფანიძემ შეკრებილ საზოგადოებას მაინც მიმართა, თუმცა გამორჩეულად ემოციური გამოსვლა მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძეს ჰქონდა:
[ნინელი ჭანკვეტაძის ხმა] „ჩვენ მოვითმინეთ შიმშილი, მოვითმინეთ უფულობა, მოვითმინეთ უმუშევრობა, მოვითმინეთ სამსახურებიდან გაყრა, დამცირება, „ჩარეცხილობა“, მაგრამ ღირსების აყრას, როცა მასზე მივა ლაპარაკი, ვეღარ მოვითმენთ. დღეს ოპოზიციას მართებს არა მარტო გაერთიანება, არამედ კონკრეტული გეგმის შემუშავება. სად მივდივართ? რა გვინდა? როგორ ქვეყანაში გვინდა იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა? ეს ადამიანები დაგიდგებიან გვერდში, როგორც კი თქვენგან რეალურად დაინახავენ, რომ ის ადამიანები კი არ ხართ, რომლებიც ხვალ და ზეგ სავარძლებში მოკალათდებით და მერე თვალს ვერ გაგვისწორებთ...“ (სტილი დაცულია)

ჭადრაკის სასახლეში გამართულმა შეხვედრამ სამ საათს გასტანა. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მათვის მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეული მოქალაქის აზრის ცოდნა და რომ ამ მიზნით, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, დიალოგს საზოგადოების სხვა წევრებთანაც გამართავენ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG