Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეა თანახმაა, ბოლო მოუღოს თავის ბირთვულ პროგრამას


ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით ამ დღეებში ორი ძალიან მნიშვნელოვანი ცნობა გავრცელდა.

ერთი ეხება ჩრდილოეთი კორეის დაყოლიებას, უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე - ამ ნაბიჯზე ჩრდილოეთი კორეა 6 ქვეყნის მონაწილეობით გამართულ მოლაპარაკებაზე დაითანხმეს. და მეორე სიახლეა ცნობა, რომ ჩრდილოეთ კორეისა და სამხრეთ კორეის სამიტზე მიაღწიეს შეთანხმებას ურთიერთობის გაუმჯობესების შესახებ.

ჩრდილოეთი კორეა თანახმაა, წლის ბოლომდე განახორციელოს ყველა ბირთვული ობიექტის დემონტაჟი, მათ შორის არის იონგბიონის ბირთვული რეაქტორიც.

ამ ცნობას უმალვე მოჰყვა დადებითი გამოხმაურება აშშ-დან. პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ჩრდილოეთ კორეასთან წარმატებული მოლაპარაკება მოიხსენია ირანთან შესაძლო შეთანხმების მოდელად: [ჯორჯ ბუშის ხმა] “ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო გზა მიზნის მისაღწევად - ისე, რომ არ დავკარგოთ დამაჯერებლობა, არ შევუქმნათ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა ამ საკითხზე. ყველა შემთხვევა განსხვავებულია. და თუ მეკითხებით, მზად ვარ თუ არა ოდესმე ირანთან მოსალაპარაკებლად? პასუხად ვიტყვი - მზადყოფნა დავამტკიცეთ ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებით. ჩვენი პასუხია “დიახ”, თუ მოლაპარაკებას რაღაც შედეგი მოჰყვება, სანამ გვექნება შესაძლებლობა, ჩვენს მიზანს მივაღწიოთ. იმის თქმა მინდა, რომ დრო სჭირდება საქმის ისე წარმართვას, რომ შედეგი მოჰყვეს.”

პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ეს განცხადება მოჰყვა ცნობას ჩრდილოეთ კორეასთან მისი ბირთვული პროგრამის დემონტაჟზე შეთანხმების შესახებ. შეთანხმების შესახებ გუშინ გამოაცხადა ჩინეთმა. ჩრდილოეთი კორეა ბირთვულ პროგრამაზე უარის სანაცვლოდ, მიიღებს 950 000 მეტრულ ტონა საწვავს, ან მის შესატყვის ეკონომიკურ დახმარებას. გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს აშშ-ის მიერ ჩრდილოეთ კორეის ამოღებას ტერორიზმში ბრალდებული ქვეყნების სიიდან.

რაც შეეხება ორი კორეის სამიტს ფხენიანში, ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქში - ის დღეს დასრულდა და სულ მეორე სამიტი იყო ორი კორეის არსებობის ისტორიაში. როგორც ირკვევა, შედეგიანი სამიტი: ორი კორეის პრეზიდენტებმა კიმ იონ ილმა და რო მუ იუნმა გამოთქვეს მზადყოფნა, მიმართონ ზომებს, რათა ოფიციალური სახითაც მოეღოს ბოლო 1950-53 წლების ომს კორეის ნახევარკუნძულზე. საქმე ის არის, რომ ორ კორეას შორის სამშვიდობო შეთანხმება დღემდე არ გაფორმებულა.

ორი პრეზიდენტის მიერ ერთობლივ დეკლარაციაზე ხელის მოწერის შემდეგ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, ბაეკ იონ ჩეონმა განაცხადა: [ჯორჯ ბუშის ხმა] “ჩრდილოეთმა კორეამ და სამხრეთმა კორეამ გაიზიარეს აზრი, რომ ბოლო უნდა მოუღონ ამჟამად მოქმედ ზავს და დადონ სამშვიდობო ხელშეკრულება. ამასთან დაკავშირებით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გამართავენ შეხვედრას კორეის ნახევარკუნძულზე, რათა კორეის ომი ოფიციალურად დამთავრებულად გამოაცხადონ”.

ორი კორეის ლიდერებს სხვა გეგმებიც აქვთ: აპირებენ სამშვიდობო ზონის შექმნას სასაზვრო რეგიონში, რომელიც მათ შორის დავას იწვევს და აპირებენ სარკინიგზო კავშირის დამყარებას. ამ ურთიერთობაში გამოსასწორებელი მართლაც ბევრია - ამჟამად ჩრდილოეთ კორეას და სამხრეთ კორეას არათუ რკინიგზა, ჩვეულებრივი, საავტომობილო გზაც არ აკავშირებს.
XS
SM
MD
LG