Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ იხსენებენ პოლიტკოვსკაიას ჩეჩენი ქალები: ისინი, ვისაც ჟურნალისტი ახლობლების მოძებნაში დაეხმარა


განვაგრძობთ სიუჟეტების ციკლს, რომელიც ანა პოლიტკოვსკაიას ხსოვნას ეძღვნება. ცნობილი ჟურნალისტი ერთი წლის წინ, 2006 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს მოსკოვში,

თავისივე სახლის ლიფტში.

ანა პოლიტკოვსკაიამ სახელი გაითქვა, უწინარეს ყოვლისა, ჩეჩნეთის ომზე რეპორტაჟებით. თუმცა, ჩეჩნეთში ის არა მარტო სამუშაოდ ჩადიოდა: პოლიტკოვსკაია ბევრ ადამიანს დახმარებია, ვინც დაკარგულ ახლობლებს ეძებდა. ისინი, ბუნებრივია, განსაკუთრებული სითბოთი იხსენებენ რუს ჟურნალისტს.

ლარისა ასხაროვა თითქმის ყოველ დღე აკითხავს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს - იმის იმედით, რომ ქმრის შესახებ ინფორმაციას მოიპოვებს. იუსუპ ასხაროვი 2001 წლის 18 მაისს დაიკარგა მას შემდეგ, რაც ის რუსმა ჯარისკაცებმა წაიყვანეს. ეს ჩეჩნეთში მოხდა. იქ გამოვლილი ომის, წლების მანძილზე განუწყვეტელ საფრთხეში ცხოვრების შემდეგ ლარისა ასხაროვას უცნაურადაც კი ეჩვენება სიმშვიდე, სტრასბურგში რომ სუფევს: ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო, როგორც ცნობილია, სწორედ სტრასბურგში, საფრანგეთის ქალაქშია განთავსებული.

ლარისა ასხაროვა ჩვენი რადიოს ჩრდილოკავკასიური სამსახურის კორესპონდენტ რუსლან შამაიევს მოუყვა, როგორ წაიყვანეს ჯარისკაცებმა მისი ქმარი: [ასხაროვას ხმა] “დილაუთენია გაგავაღვიძა კარზე ბრახუნმა. მივხვდი, რომ “მეგობრული ვიზიტი” არ იქნებოდა და მაშინვე მივვარდი კარებს “მოითმინეთ, ვაღებ-მეთქი”. მაგრამ ჯარისკაცები შინ შემოგვიცვივდნენ, კარი შემოამტვრიეს. კედელს მიმაკრეს და იარაღი მომართეს. საძინებელ ოთახში შევიდნენ და სიტყვაც არ უთქვამთ, ისე დაავლეს ხელი ჩემს ქმარს, ხელბორკილი დაადეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ძირს დაწვინეს. მერე სახელი ჰკითხეს და წაიყვანეს”.

იმავე დღეს ლარისას სოფლიდან კიდევ 8 მამაკაცი წაიყვანეს. ეს ის პერიოდი იყო, როცა ჩეჩნეთში ლამის ყოველ დღე უგზო-უკვლოდ იკარგებოდა ხალხი.

ლარისა დიდხანს ეძებდა ქმარს. იმის შიშით, რომ საქმეს კიდევ უფრო გაართულებდა, მას სამართალდამცავებთან არ დაუჩივლია ჯარისკაცების უხეში მოპყრობის გამო. [ასხაროვას ხმა] “სასოწარკვეთილი ვიყავი და არ ვიცოდი, რა მექნა. მერე პოლიტკოვკსაია გავიცანი. მან კი მითხრა, რომ თუ მე თვითონ არ ვილაპარაკებდი ჩემს უბედურებაზე, ამას სხვა არავინ გააკეთებდა. ის კარგად ერკვეოდა ადამიანის ფსიქოლოგიაში, იცოდა როგორ დალაპარაკებოდა მწუხარებით თავგზააბნეულ ადამიანს. საცოდავი ქალი! საკუთარი თავი დაიღუპა. ძალიან მეწყინა მისი ამბავი...”

ლარისამ დღემდე ვერ მიაგნო ქმარს, მაგრამ ის, რაც ძებნას აგრძელებინებს, რაც იმედს აძლევს - გადარჩენილთა ამბების მოსმენაა. ისეთი ამბებისა, როგორც, მაგალითად, თამარა აბდურახმანოვას უფროს ვაჟიშვილს გადახდა.

იზნაურ დალაიევი გროზნოში შეიპყრეს რუსმა ჯარსიკაცებმა. მაგრამ მას დედამ, თამარა აბდურახმანოვამ მიაგნო, რასაც პოლიტკოვსკაიას უმადლის: [აბდურახმანოვას ხმა] “მითხრეს, რომ ჩემი შვილი მოკვდა და სანამ ერთ ავტომატს არ მივუტანთ, მის ცხედარს არ მოგვცემენ. “რას ამბობთ, საიდან მოგიტანოთ ამ მოხუცმა ქალმა ავტომატიო?” უთხრა პოლიტკოვსკამია, რომელმაც იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა ასეთ სიტუაციებში. ისიც მითხრა, რომ ჩემს შვილს ერთად მოვძებნიდით. მართლაც, შევწყვიტეთ გლოვა და დავიწყეთ ჩემი შვილის ძებნა. ბოლოს ის პოლიტკოვსკამიამ იპოვა, ჩერნოკოზოვოს ტყვეთა ბანაკში ყოფილა დაკავებული. მან მიპოვა შვილი! მადლობა ჯერ ღმერთსა და მერე პოლიტკოვსკაიას, რომ ჩემი შვილი ცოცხალი დამიბრუნდა!”

მაგრამ თამარა აბდურახმანოვას უმცროს ვაჟიშვილს ასე არ გაუმართლა. [აბდურახმანოვას ხმა] “მეორე შვილი დავკარგე. უკვალოდ გაქრა. დიდი ხანია ვხვდები ჟურნალისტებს და ბევრ მათგანს ვიცნობ. პოლიტკოვკსაია ძალიან კარგი ადამიანი იყო”.

რუსეთის უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, ჩეჩნეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიცხვი (1999 წელს მეორე ომის დაწყების შემდეგ) 3-დან 5 ათასამდე კაცს აღწევს. შიშობენ, რომ ამ ადამიანების დიდი ნაწილი ცოცხალი აღარ არის.

ამასობაში სულ უფრო მატულობს ჩეჩენთა რიცხვი, რომლებიც სტრასბურგის სასამართლოში უჩივიან რუსეთს - ცდილობენ, მოსკოვს აგებინონ პასუხი მისი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სისასტიკისთვის. მოსკოვიც, როგორც ევროსაბჭოს წევრი, მოვალეა შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები და, შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, კომპენსაცია გადაუხადოს ომით დაზარალებულებს.
XS
SM
MD
LG