Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ უნდა განვითარდეს თბილისი მომდევნო 20 წლის მანძილზე


დღეს, 4 ოქტომბერს, სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” თბილისის მერიამ დედაქალაქის ადგილობრივი ეკონომიკური

განვითარების გეგმის პრეზენტაცია მოაწყო.ძირითადი მიზანი გეგმისა, რომლის შემუშავებაშიც, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, უცხოელი ექსპერტებიც მონაწილეობდნენ, საქართველოს დედაქალაქის რეგიონალურ ბიზნეს და კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბებაა. სხვა რა მიზნების მიღწევას ემსახურება თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა?

ბოლო რამდენიმე თვე იქნება, თბილისის სასტუმროებში თავისუფალი ოთახის პოვნა შეუძლებელია. სასტუმროები ერთი თვის წინ მიღებული შეკვეთების დაკმაყოფილებას თუ ახერხებენ. მიუხედავად ტურისტთა და სტუმართა რაოდენობის საგრძნობი ზრდისა, დედაქალაქის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ თბილისის ტურისტული პოტენციალი ჯერ კიდევ გამოუყენებელია. ტურიზმის განვითარება თბილისის ეკონომიკური განვითარების გეგმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. თბილისის ვიცე-მერის მამუკა ახვლედიანის განცხადებით, ქალაქის განვითარების შესაძლებლობებზე საუბრისას ტურიზმი ხშირად პირველ ადგილზე დგას:

[მამუკა ახვლედიანის ხმა] ”დღეს ჩვენი მიზანია ტურიზმი ვაქციოთ რეალურ პროდუქტად, რომელიც, ადგილობრივი კომპანიების მეშვეობით, მოგვცემს მილიონობით ვიზიტიორს და დიდ ფულად ნაკადს.”(სტილი დაცულია)

ტურიზმის გარდა, თბილისის ეკონომიკური განვითარების გეგმის ძირითადი პრიორიტეტი ბიზნესის განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს შექმნაა. საამისოდ ქალაქის მერია ლოჯისტიკური პარკის შესაქმნელად ემზადება. ასეთი ცენტრის შექმნა თანმდევი ბიზნესების წარმოქმნასა და განვითარებასაც შეუწყობს ხელს. გეგმის ერთ-ერთი ავტორის, ზვიად არჩუაძის, განცხადებით, თბილისმა ბიზნესს და ბიზნესმენებს მაღალი დონის სერვისი უნდა შესთავაზოს:

[ზვიად არჩუაძის ხმა] ”მზადა ვართ, რომ მოვემსახუროთ რეგიონს. ქალაქი ამბობს, ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, ყველა პროგრამას ამისკენ მივმართავო.”

უცხოელი ტურისტებისა და რეგიონალური ბიზნესის მომსახურების გარდა, თბილისის ეკონომიკური განვითარების გეგმის ერთ-ერთი მიზანი სამუშაო ადგილების შექმნა და თბილისელთა ცხოვრების გაუმჯობესებაცაა. ამ ამოცანების გადაწყვეტას დედაქალაქის ხელისუფლება მოქალაქეთა პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსების მოწყობით გეგმავს. საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად კი უბნის ამხანაგობების თანადაფინანსების განხორციელებას აპირებს.

[ზვიად არჩუაძის ხმა] ”ჩვენ გვექნება სამუშაო ადგილები ყველასთვის... კონკრეტულად ეს არის ჩადებული პროექტებში.”

თბილისის ეკონომიკური განვითარების გეგმა ღია დოკუმენტია, მასში ცვლილებებისა და შენიშვნების შეტანა ყოველთვის იქნება შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG