Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


ქართული პრესა ინტერესდება იმით, თუ როგორია ყოფილი

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის, პატიმრობის პირობები. ”ალია” წერს, რომ სამშაბათს გვიან ღამით მეშვიდე საპყრობილეში, სადაც ირაკლი ოქრუაშვილი იხდის წინასწარი პატიმრობის ვადას, კონფლიქტი მოხდა. ”უვადო პატიმრობამისჯილებსა და ე.წ. კანონიერ ქურდებს შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. მსხვერპლი არ არის. სასტიკად ნაცემი პატიმრებისადმი სამედიცინო პერსონალის პირველადი დახმარება კი იმით ამოწურულა, რომ დაშავებულებს დასისხლიანებულ სხეულზე ”ზელიონკა” წააცხეს. ინციდენტს წინ უძღოდა საპყრობილეში კარის გაღება, რაც მხოლოდ თანამშრომლებს შეეძლოთ, ან ნიღბიან სპეცრაზმელებს, რომლებიც შუაღამისას საპყრობილეში ”შემთხვევით” აღმოჩნდნენო. კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ეს ბუნტი გათვლილი ყოფილა ირაკლი ოქრუაშვილისთვის, ანუ, თუ ყოფილი გენპროკურორი, ყოფილი შსს მინისტრი საკნიდან გამოვიდოდა, არ არის გამორიცხული, პატიმრებს მისთვის ანგარიში გაესწორებინათ, უკეთეს შემთხვევაში - სასტიკად ეცემათ, უარეს შემთხვევაში - შემთხვევით შემოკვდომოდათ”, - წერს ”ალიას” კორესპონდენტი.

”რეზონანსი” სახალხო დამცველის მოადგილე სოფო ხორგუანს ესაუბრა. ის ამბობს, რომ ოქრუაშვილი ორადგილიან საკანში მარტო იმყოფება. სახალხო დამცველის მოადგილის თანახმად, რაიმე პრობლემებზე ჯანმრთელობის კუთხით ოქრუაშვილს არ უსაუბრია. ”ნორმალურად და მხნედ არის, არაფერზე დაუჩივლია და უწუწუნია”. გარდა ამისა, ”რეზონანსშივე” ნახავთ სათაურს - ”გივი თარგამაძე შეიძლება დაიჭირონ”. ”გავრცელებული ინფორმაციით, გიგა ბოკერიასა და ლევან რამიშვილის აქტიურ თანამებრძოლს ბოლო დროს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებდა ოქრუაშვილთან. დღეს უმრავლესობის წევრები ამაზე აღარ საუბრობენ. გარდა ამისა, მათ საქმიანი ურთიერთობები აკავშირებდათ ერთმანეთთან. მით უმეტეს, რომ ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროსაც თარგამაძე თავდაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა და მას და მის კომიტეტს სამინისტროს მაკონტროლებელი ფუნქცია აქვს. შესაბამისად, თარგამაძეს კარგად უნდა სცოდნოდა იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა თავდაცვის უწყებაში და, მით უმეტეს, თუ იქ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ჰქონდა ადგილი”, - წერს ”რეზონანსი” და სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძის კომენტარებს იშველიებს. თავდგირიძე კი ამბობს: ”ნებისმიერ დანაშაულზე, რომელსაც აღმოუჩენენ ოქრუაშვილს და რომელიც თავდაცვის მინისტრობის დროს ჩაიდინა, პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, უნდა დაეკისროს კომიტეტსაც”, - სამხედრო ექსპერტი დასძენს: ”როგორ რეგულირდებოდა ურთიერთობა, მხოლოდ მეგობრობის გამო ხდებოდა თვალის დახუჭვა თუ ფინანსური ინტერესები იყო, ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს. მიმაჩნია, რომ მათი ურთიერთობა საკმაოდ ბევრ კითხვას ბადებს. თუმცა, ჩემი კომპეტენციიდან გამომდინარე, კონკრეტულ დანაშაულზე ვერ ვისაუბრებ. რა გარიგება ხდებოდა ერთმანეთში და რა წილებზე იყო საუბარი, ამის დადგენა გამოძიების კომპეტენციაა”, - ამბობს გიორგი თავდგირიძე, რომლის კომენტარებსაც ”რეზონანსი” აქვეყნებს.

”ოპოზიციას უჭირავს ორი დიდი კოზირი: პირველი მისი ერთიანობაა, მეორე კი - საერთო მიზანი, ”საქართველო პრეზიდენტის გარეშე”, - წერს ”ახალი თაობის” მიმომხილველი და განაგრძობს: ”თუ პირველის შენარჩუნება მოხერხდება, მეორის გამარჯვება მხოლოდ ტექნიკის საქმეა. საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტოზე გადასვლა საკმაოდ პოპულარული იქნება საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, სადაც არც ერთმა პრეზიდენტმა არ გაამართლა. მით უმეტეს, რომ საპარლამენტო მმართველობა მოქმედებს ისეთ ძლიერ სახელმწიფოებში, როგორიცაა ფინეთი, გერმანია, ისრაელი და იტალია. საკმარისია ნებისყოფა, გეგმა და ცოტაოდენი ფული, რომ ხელისუფლების ოთხფრონტიანმა ვარდისფერმა არმიამ კაპიტულაცია გამოაცხადოს, იმიტომ რომ ნამდვილი არმია და ხალხი რეჟიმთან არანაირ კავშირში არ არის. ხალხს ცვლილებები უნდა და ეს სურვილი ყოველდღიურად ძლიერდება”, - წერს ”ახალი თაობა”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG