Accessibility links

logo-print

ქართული პრესა


„მაპი არც გაისად იქნება?” - კითხულობს გაზეთი „რეზონანსი“, რომლის ინფორმაციითაც, საქართველოში ნატოს წევრი

ქვეყნების საბჭოს სრული შემადგენლობის ჩამოსვლა იგეგმებოდა, რეალურად კი მხოლოდ გენერალური მდივანი გვეწვია. გაზეთი აღნიშნავს, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა ცალსახად დააფიქსირა, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ახალ ეტაპზე გადასვლა რეფორმებზე იქნება დამოკიდებული. რეფორმები კი, პირველ რიგში, სასამართლო ხელისუფლებას უნდა შეეხოს. ამავე გაზეთის ფურცლებზე დღესვე გამოქვეყნდა საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიმართვა ნატოს წევრი სახელმწიფოებისადმი, რომელშიც ნათქვამია: „ ჩვენი შეფასებით, პრეზიდენტ სააკაშვილის უგუნური პოლიტიკა დიდწილადაა განპირობებული ნატოს წევრი სახელმწიფოების მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ცალკეული წარმომადგენლების გაუმართლებელი მიმტევებლობითა და ზედაპირულობით. მიუხედავად ამისა, გვჯერა, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოების მთავრობები ამ კრიტიკულ მომენტში მაინც გაიაზრებენ ადეკვატურად საქართველოში და მის გარშემო შექმნილ ვითარებას და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ქართული საზოგადოება დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული არჩევანის ერთგულია, იგი ხელისუფლებაში მყოფი რამდენიმე პირისა და მათი უპასუხისმგებლო მფარველების გამო არ უნდა დაისაჯოს და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესი არ უნდა შეფერხდეს.“

პუბლიკაციაში კი, „ხელოვნური სკეპტიციზმი“,რომელსაც გაზეთი „24 საათი“ აქვეყნებს, გამოთქმულია მოსაზრება, რომ საქართველოს მიერ ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად გაუწევენ ანგარიშს ნატოს წევრები მოსკოვის პოზიციას. როგორც „24 საათი“ შენიშნავს, ამ დღეებში რუსულ მედიაში საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შესახებ სკეპტიკურ ინფორმაციაზე განსაკუთრებული მოთხოვნა გაჩნდა. გაზეთს მაგალითისთვის მოჰყავს ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტამდე სააგენტო „რია ნოვოსტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ნატო საქართველოსთან ურთიერთობაში სამოქმედო გეგმაზე გადასვლას არ აპირებს. თუმცა, „24 საათის“ მონაცემებით, ნატოს ოფიციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის ნათქვამი სულ სხვა შინაარსისაა. კერძოდ, რომ „ საქართველოს ნატოში წევრობის საკითხი ნატოს მაგიდაზე ჯერჯერობით არ დევს.“

გაზეთ „ახალი თაობის“ ფურცლებზე დაბეჭდილი მასალებიდან გამოვყოფთ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მიერ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძესთან ჩაწერილ ინტერვიუს. ინტერვიუ, ძირითადად, უკრაინაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსა და იქ ქართული სადამკვირვებლო მისიის მიერ განხორციელებულ სამუშაოებს შეეხებოდა, თუმცა გვერდი ვერც საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აუარა. კითხვას, თვლის თუ არა ის თავს ირაკლი ოქრუაშვილის მეგობრად, გივი თარგამაძე უპასუხებს: „ ეს არის ჩემი პირადი ცხოვრების დეტალები და მასზე საუბარი არ მსურს. როცა ჩამოვალ, ჩემს პოზიციას აუცილებლად დავაფიქსირებ.“ იგი ამბობს, რომ აქვს ძალიან მტკიცე და მყარი პოზიციები, რომლებიც არასდროს შეუცვლია და რომლებიც სრულ თანხვედრაშია მმართველი გუნდის ერთიან პოზიციებთან.
XS
SM
MD
LG