Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების რეიტინგში საქართველო მეთვრამეტე ადგილზეა


მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ანგარიშის ”ბიზნესის წარმოება 2008”-ის მიხედვით,

საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა და ის 178 ქვეყნის რეიტინგში მეთვრამეტე ადგილზეა. საქართველო ბიზნესის წარმოებისთვის შექმნილი პირობებით საფრანგეთს, ბელგიას და გერმანიასაც კი უსწრებს. ყოფილი საბჭოთა სივრციდან საქართველოზე წინ მხოლოდ ესტონეთია. რამ გამოიწვია საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესება და როგორ აისახება ეს ქვეყნის ეკონომიკაზე?

საქართველოს ტელეკომპანიები, უკვე ორი კვირა იქნება, რეგულარულად აჩვენებენ კლიპს, რომელიც ბიზნესის წარმოების სფეროში საქართველოს საფრანგეთსა და გერმანიაზე წინ წაწევას ასახავს. რიგითი მოქალაქეების დიდ ნაწილს ამ რეკლამის არ სჯერა.

[მოქალაქის ხმა] ”რეალური არ მგონია, იმიტომ რომ ისრაელის და გერმანიის წინ რომ დააყენებენ საქართველოს, არა მგონია,რეალური იყოს.”

[მოქალაქის ხმა] ”ჩვენ არაფერი არ გვეხება. აი, ქუჩაშიც აღარ გაგვაჩერებენ, ისეთი დრო იქნება, აღარაფერი არ იყიდება... ადრე უფრო იყიდებოდა.”

ერთი წლის წინ არც მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს სიმეონ დიანკოვს სჯეროდა, რომ საქართველო საუკეთესო 25 ქვეყანას შორის აღმოჩნდებოდა. ასეთი ამბიცია საქართველოს მთავრობამ შარშან გამოხატა, როდესაც საქართველო რეიტინგში 37-ე ადგილზე გავიდა.

[სიმეონ დიანკოვის ხმა] ”მე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან რეიტინგის შედგენიდან დღემდე არავის გაუკეთებია დიდი ნახტომი და არავინ შესულა საუკეთესო 25 ქვეყანას შორის. თუმცა მე მაშინ ზრდილობიანად ვთქვი, მოდით, იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ასე იქნება-მეთქი.”

დიანკოვის სკეპტიციზმი არ გამართლდა და საქართველო მეთვრამეტე ადგილზე გავიდა, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების წყალობით. შეფასების სისტემის 10 კატეგორიიდან საქართველოს 8-ში საუკეთესო შედეგები აქვს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, დარჩენილ 2 კატეგორიაში გაუმჯობესება რეიტინგზე მხოლოდ იმიტომ არ აისახა, რომ ამ სფეროებში რეფორმა კვლევის ჩატარების შემდეგ განხორციელდა:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”ჩვენ მიერ გატარებულ ყველა რეფორმას ერთი პრინციპი ედო საფუძვლად: გამოირიცხოს წლების მანძილზე დამკვიდრებული სახელმწიფოს ჩარევა კერძო ბიზნესში, დამკვიდრდეს თამაშის მარტივი, ყველასათვის გასაგები და თანაბარი წესები და უზრუნველყოფილი იყოს ამ წესების დაცვა.”

ნოღაიდელის თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ის არის, რომ საქართველოში 100 მოსახლეზე 15 კომპანია მოდის. ამ მაჩვენებლით საქართველო ესტონეთსაც კი უსწრებს. პრემიერ-მინისტრის სიტყვებისა და მსოფლიო ბანკის რეიტინგის ნაკლებად სჯერა რიგით ბიზნესმენს ონერი ძოძუას, რომელსაც მე ქუჩაში გავესაუბრე.

[ონერი ძოძუას ხმა] ”ბიზნესის დაწყება, კი ბატონო, დაიწყე, მაგრამ ხვალ რა იქნება, არავინ იცის. იმიტომ რომ კანონები იცვლება ყოველ წუთს, ყოველ წამს და არავინ იცის, რა იქნება დღეს დაწყებული საქმის მომავალი.”

მსოფლიო ბანკის ექსპერტის სიმეონ დიანკოვის განცხადებით, რეიტინგის შედეგები ქვეყნის ეკონომიკაზე 3-4 წლის შემდეგ აისახება და არა მყისიერად. ასე იყო ესტონეთის შემთხვევაშიც. თუმცა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, კერძოდ კი, სახელმწიფო მინისტრი რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძე ირწმუნება, რომ საქართველო უკვე იმკის რეფორმების შედეგებს.
XS
SM
MD
LG