Accessibility links

როგორ ებრძვიან კორუფციას საქართველოში


უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ სახელმწიფო

მოხელეებისათვის ხელფასების გაზრდით, ბიზნესის დაწყების გამარტივებითა და კანონის უზენაესობის დამკვიდრებით მოსპო მემკვიდრეობით მიღებული არაჯანსაღი გარემო და დაამარცხა კორუფცია. თუმცა 4 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე გაირკვა, რომ დიდი ხნის წინ დამარცხებული კორუფცია კიდევ ერთხელაა დასამარცხებელი. საქმე ისაა, რომ, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, იქმნება ანტიკორუფციული საბჭო, რომელიც მხოლოდ პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული და რომელმაც, ძირითადად, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირთა საქმიანობა უნდა შეისწავლოს. მინდა გიამბოთ იმის შესახებ, თუ როგორ ებრძვიან კორუფციას საქართველოში და როგორ შეხვდა ოპოზიცია პრეზიდენტის მორიგ ინიციატივას.


საქართველოს ხელისუფლებას კორუფციასთან ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს. კორუფციას წლების განმავლობაში ებრძოდა მიხეილ საკაშვილის წინამორბედიც. ედუარდ შევარდნაძემ ჯერ კიდევ 2000 წლის ოქტომბერში მოაწერა ხელი „ეროვნულ ანტიკორუფციულ პროგრამას“ და შექმნა ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც მოგვიანებით ხელისუფლებაში მოსულმა მიხეილ სააკაშვილმა გააუქმა. თუმცა სულ ახლახან, თავდაცვის სამინისტროში აღმოჩენილი ფინანსური დარღვევების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა დაასკვნა, რომ კორუფციის დასამარცხებლად მხოლოდ პოლიციისა და პროკურატურის ძალისხმევა არ კმარა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „მივიღე გადაწყვეტილება შევქმნა პრეზიდენტთან სპეციალური ანტიკორუფციული ჯგუფი, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. არ იქნება არც შინაგან საქმეთა სამინისტროს, არც პროკურატურის და არც სხვა რომელიმე უწყების დაქვემდებარებაში. ეს ორგანო დაეყრდნობა თქვენს სტრუქტურებს, კონტროლის პალატას, ხოლო დაექვემდებარება სახელმწიფოს პირველ პირებს და, არ გეწყინოთ და, მისი მთავარი ფუნქცია იქნება თქვენი და თქვენი ოჯახის წევრთა შემოწმება.“

განმარტების თანახმად, კორუფცია არის საჯარო ხელისუფლების ბოროტად გამოყენება პირადი ან ჯგუფური გამორჩენის მიზნით. მისი ტიპიური გამოვლინებებია: მექრთამეობა, საჯარო საკუთრების არადანიშნულებისამებრ გამოყენება, ინტერესთა კონფლიქტი და ა. შ. როგორც წესი, კორუფციულ ურთიერთობაზე საუბრობენ იქ, სადაც ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე მაინც სახელმწიფოს წარმომადგენელია. საინტერესოა, რას ფიქრობენ პრეზიდენტის ინიციატივაზე თავად სახელმწიფოს წარმომადგენლები. საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის კომენტარი:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] „ჩვენი პრეზიდენტი არ წყვეტს ურთიერთობას საკუთარ ხალხთან და, მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი არხი, რომლითაც სამოქალაქო საზოგადოებას შეეძლება სახელმწიფოს მეთაურთან საუბარი.“

გელა ბეჟუაშვილის მსგავსად, ანტიკორუფციული საბჭოს შექმნის წინააღმდეგი არაა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თინათინ ხიდაშელიც, თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომელთა გათვალისწინების გარეშე საბჭო ქმედობაუუნარობისთვის იქნება განწირული:

[თინათინ ხიდაშელის ხმა] „კორუფციაში ვედავებით ჩვენ არა ვინმე აბსტრაქტულ ადამიანებს, არამედ თავად პრეზიდენტსა და მის ოჯახს. ამიტომ, თუ ეს საბჭო პრეზიდენტს დაექვემდებარება და მისი ინსტრუქციების შემსრულებელი იქნება, ძნელი წარმოსადგენია, რომ მიზანს მიაღწიოს. და მეორე: მე მინდა შევახსენო პრეზიდენტს, რომ ედუარდ შევარდნაძემაც კი გაბედა და ამ საბჭოში თავის დროზე შეიყვანა მასთან ღიად დაპირისპირებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამიტომ მე დაველოდები, რა ტიპის შემადგენლობას შემოგვთავაზებს. მე მაქვს ეჭვი, რა ხალხი იქნება ამ საბჭოში. ალბათ, ძირითადად, კონფორმისტი არასამთავრობო ორგანიზაციები.“

ამ ორი ფაქტორის გამო, თინათინ ხიდაშელს არა აქვს იმედი, რომ საბჭო ქვეყანაში შექმნილი ვითარების შეცვლას შეძლებს. პრეზიდენტის ინიციატივაში ოპტიმიზმის საფუძველს ვერც ახალი მემარჯვენეები ხედავენ. მამუკა კაციტაძის თქმით, საბჭოს შექმნა არა კორუფციასთან ბრძოლას, არამედ სულ სხვა მიზანს ემსახურება:

[მამუკა კაციტაძის ხმა] „სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ ის ნეგატივები, რომელიც კორუფციასთან დაკავშირებით ღვარად წამოვიდა მისი მიმართულებით, ზოგადად საზოგადოების ნეგატიური განწყობა, მისი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ითხოვდა გარკვეულ პასუხს სააკაშვილის მხრიდან და გუშინ შეეცადა პრეზიდენტი, - მხოლოდ შეეცადა და მეტი არაფერი, - რომ რაღაცნაირად გადაეფარა ეს ყველაფერი. ეს იყო ძალიან უსუსური გადამღერება შევარდნაძისდროინდელი ანტიკორუფციული მოქმედებებისა.“

შევარდნაძის ანტიკორუფციულმა მოქმედებებმა, როგორც მამუკა კაციტაძე ამბობს, შედეგი ვერ გამოიღო. „ეროვნული ფორუმის წარმომადგენელი“ ნიკო ორველაშვილი კი მიიჩნევს, რომ კორუფციის დასამარცხებლად ახალი ორგანოს შექმნა საერთოდ არაა საჭირო. მისი თქმით, კორუფციის დაძლევის მეთოდი და საშუალებები დიდი ხნის წინაა აღმოჩენილი:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] „პრეზიდენტმა უნდა აღადგინოს ხელისუფლების შტოებს შორის დარღვეული ბალანსი. ეს შტოები უნდა გახდნენ ერთმანეთის საპირწონე, მაკონტროლებელი და გამაწონასწორებელი. პირველი, რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს დემოკრატიული პროცესის დასაძვრელად, ესაა ოპოზიციის კვოტის განსაზღვრა კონსტიტუციით პარლამენტში; მეორე: უნდა განისაზღვროს თანამდებობები, რომლებიც უნდა დაამტკიცოს ოპოზიციის კვოტამ.“

ნიკო ორველაშვილის აზრით, ოპოზიციის კვოტაში უნდა შედიოდეს გენერალური პროკურორისა და კონტროლის პალატის თავმჯდომარის თანამდებობები, რათა მართლწესრიგისა და სახელმწიფო სახსრების კონტროლის მექანიზმმა უფრო ეფექტიანად იმუშაოს. თუმცა, ოპონენტებისაგან განსხვავებით, ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ვითარების შესაცვლელად რადიკალური ცვლილებები საჭირო არაა. პრეზიდენტი კორუფციის დამარცხებას მარტივად, ანტიკორუფციული საბჭოს შექმნით აპირებს.
XS
SM
MD
LG